გადაწყვეტილება №19562/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.05.2023
№ დოკუმენტი 19562/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19562/2/2023

11.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --------- (ს/ნ ---------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 28.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19562/2/2023).

 

დავის საგანი:

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №ELC14441 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მარტის №5723 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ გავლით, მომჩივნის მიერ, 2018 წლის 24 ოქტომბერს, შემოყვანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას სანომრე ნიშნით: -------- (VIN – ----------) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრა 2018 წლის 23 დეკემბერი.

ვინაიდან, მონაცემთა ბაზებში არ ფიქსირდებოდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლის ფაქტი, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №ELC14441 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმის გასაჩივრების შემდგომ, გაირკვა, რომ ხსენებული ავტომანქანის მფლობელს წარმოადგენდა --------- (პ/ნ ---------), რომელსაც, 2023 წლის 13 მარტის №EL202692 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, სოლიდარულად დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

2021 წლის 31 დეკემბრის №ELC14441 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მარტის №5723 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტზე, ამავე ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2018 წლის 24 ოქტომბერს მართავდა კომპანია „--------” კუთვნილ ავტომზიდს, რომლის სახელმწიფო ნომერია ---------. აღნიშნული ავტომზიდით ახორციელებდა - --------ს პ/ნ -------- მსუბუქი მანქანის გადაზიდვას. მანქანები გადაიზიდებოდა გერმანიიდან საქართველოს მიმართულებით. საზღვრის კვეთა მოხდა ტირ კოდის მინიჭების შემდეგ (ტირით ავტომობილების შემოყვანის სისტემის პროგრამიდან) ავტომზიდზე არსებული ათივე მსუბუქ მანქანას, (---------ს კუთვნილი ავტომობილის ჩათვლით) მიენიჭა ტრანზიტული ნომრები.

შესაბამისად, არ დაურღვევია არანაირი დეკლარირება/გამოცხადების ვადა და არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულზე. მომჩივანი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-6-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

მომჩივნის განმარტებით, ავტომზიდით ახორციელებდა - --------ს მსუბუქი მანქანის გადაზიდვას. მანქანები გადაიზიდებოდა გერმანიიდან საქართველოს მიმართულებით. საზღვრის კვეთა მოხდა ტირ კოდის მინიჭების შემდეგ და ავტომზიდზე არსებული ათივე მსუბუქ მანქანას, (---------ს კუთვნილი ავტომობილის ჩათვლით) მიენიჭა ტრანზიტული ნომრები. შესაბამისად, არ დაურღვევია არანაირი დეკლარირება/გამოცხადების ვადა და არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულზე.

საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ მომჩივანი და -------- წარმოადგენენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის შემომტან და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ მის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ სუბიექტებს.

ამგვარად, მომჩივანი, რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა, ვალდებული იყო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოცხადებულიყო შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ვინაიდან სადავო სატრანსპორტო საშუალება მომჩივანს, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, არ წარუდგენია დანიშნულების საბაჟო ორგანოში, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივნის მიერ, 2018 წლის 24 ოქტომბერს, შემოყვანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრა 2018 წლის 23 დეკემბერი. ვინაიდან, მონაცემთა ბაზებში არ ფიქსირდებოდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლის ფაქტი, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №ELC14441 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

2021 წლის 31 დეკემბრის №ELC14441 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მარტის №5723 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163, 165, 71.