გადაწყვეტილება №19094/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.04.2023
№ დოკუმენტი 19094/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19094/2/2023

26.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 13.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19094/2/2023)

 

დავის საგანი:

1. ფულადი ნაშთის ოდენობა და მისი ხელფასის სახით განაცემად განხილვა;

2. გამოქვითული საწვავის ხარჯის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2022 წლის №001-156 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3133 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 72 346 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 38 460

ჯარიმა - 19 230

საურავი - 14 656

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვები. გადაზიდვებს ძირითადად ახორციელებს რუსეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის მიმართულებით. გადააქვს მალფუჭებადი სახის საქონელი (ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი, ასევე ღვინო).

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 3 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.08.2022 წლის №21816 ბრძანება და 19.08.2022 წლის №001-156 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3133 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ფულადი ნაშთის ოდენობა და მისი ხელფასის სახით განაცემად განხილვა

ფაქტების აღწერა

კომპანია აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა „ორისში“. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულად არ იქნა წარდგენილი. ინფორმაცია ასევე, გამოთხოვილი იქნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან და მესამე პირებისგან. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ:

ერთმანეთს შეუდარდა გადასახადის გადამხდელის მიერ გადაგზავნილი ინვოისები, ბუღალტრულ პროგრამაში არსებული ინფორმაცია, CMR, საბაჟო კვეთებისა და საბაჟო დეკლარაციების შესახებ ინფორმაცია. შემოწმების დროს ერთმანეთს შედარდა გადასახადის გადამხდელის მიერ ინვოისში დაფიქსირებული თარიღები და ავტომობილის ნომრები, საბაჟოს ცხრილში არსებულ იმავე მაჩვენებელთან.

საზღვრის კვეთის მიხედვით გამოვლინდა, რომ შემოწმებით დადგენილი მონაცემები განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციისგან და აღემატებოდა მის მიერ შესრულებული რეისების რაოდენობას. შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა დაემატა საერთაშორისო გადაზიდვებით მიღებულ შემოსავალს. ფასი განისაზღვრა შესაბამისი მიმართულების ქვეყნისა და გადასახადის გადამხდელის მიერ ინვოისში დაფიქსირებული რეისის ფასის მიხედვით (მინიმალური ღირებულება).

ხარჯის ნაწილში, გათვალისწინებული იქნა საწვავის, მივლინების, ამავე გადაზიდვის დროს სამაცივრე მოწყობილობის ჩართვის დროს გახარჯული საწვავის ოდენობა. კერძოდ, საწვავის ხარჯის შემთხვევაში გამოთვლილ იქნა მანძილი კონკრეტული ქვეყნის მიხედვით, რომელიც გამრავლდა გადასახადის გადამხდელის მიერ პროგრამაში დაფიქსირებულ, საზღვარგარეთ შეძენილი საწვავის მინიმალურ ფასზე და გათვალისწინებული იქნა 100 კილომეტრზე 30 ლიტრი საწვავის ხარჯვა.

საზღვაო გადაზიდვის შემთხვევაში, მანძილი დაწყების ადგილიდან საქართველოში არსებულ საზღვაო პორტამდე, შემდგომ საქართველოდან უკრაინის (ჩერნომორსკის) პორტამდე სამაცივრე მოწყობილობის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობა, უკრაინის პორტიდან დანიშნულების ადგილამდე არსებული მანძილი და პირიქით.

მივლინების შემთხვევაში გადამოწმდა თითოეული ავტომობილის მიხედვით საბაჟოზე კვეთის დროს შემოსვლისა და გასვლის თარიღები, გაანგარიშდა დღეების რაოდენობა და გამრავლდა შესაბამისი ქვეყნისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის №220 ბრძანებით განსაზღვრული მივლინების თანხის ოდენობაზე.

დამატებით დადგენილი ფულადი ნაშთი, „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი დადგენილი წესით არ აწარმოებდა აღრიცხვას და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო ეხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი პოზიციის დამადასტურებელი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტის გამოცემისას არ არის გამოკვლეული და შეჯერებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები. კერძოდ, შემმოწმებლებს არ გააჩნიათ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ დამატებით გამოვლენილი რეისებით განსაზღვრული თანხები ზუსტად ამდენივე ოდენობით მიღებული აქვს გადასახადის გადამხდელს, აღნიშნული თანხები გაცემულია ხელფასად და დასაბეგრია საშემოსავლო გადასახადით.

 

2. გამოქვითული საწვავის ხარჯის ოდენობა

ფაქტების აღწერა

დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული 30 ლიტრის ხარჯი 100 კმ-ზე არ შეესაბამება ნორმებს. აღნიშნულის თაობაზე, გაგზავნილი იქნა წერილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და წარმოადგენს დანართის სახით დასკვნას კომპანიის კუთვნილებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების წვის ნორმების ტექნიკური ექსპერტიზის შესახებ, რომლითაც განსაზღვრული წვის ნორმა მნიშვნელოვნად (2-ჯერ) აღემატება შემოწმების აქტში შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებულ წვის ნორმას, რაც ამცირებს შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი სადავო საკითხების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგინდა, რომ შემოწმებით გაანგარიშებული მონაცემები განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციისგან და აღემატებოდა მის მიერ შესრულებული რეისების რაოდენობას. გამოვლენილი სხვაობა დაემატა საერთაშორისო გადაზიდვებით მიღებულ შემოსავალს, ფასი განისაზღვრა შესაბამისი მიმართულების ქვეყნისა და გადასახადის გადამხდელის მიერ ინვოისში დაფიქსირებული რეისის ფასის მიხედვით. ხოლო, ხარჯის ნაწილში, გათვალისწინებული იქნა საწვავის, მივლინების, ამავე გადაზიდვის დროს სამაცივრე მოწყობილობის ჩართვის დროს გახარჯული საწვავის ოდენობა. საწვავის ხარჯთან მიმართებით, კონკრეტული ქვეყნის მიხედვით მანძილისა და საზღვარგარეთ შეძენილი საწვავის მინიმალური ფასი გათვალისწინებული იქნა ხარჯში. საზღვაო გადაზიდვის შემთხვევაში, მანძილი დაწყების ადგილიდან საქართველოში არსებულ საზღვაო პორტამდე, შემდგომ საქართველოდან უკრაინის (ჩერნომორსკის) პორტამდე სამაცივრე მოწყობილობის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობა, უკრაინის პორტიდან დანიშნულების ადგილამდე არსებული მანძილი და პირიქით. ასევე, მივლინებების შემთხვევაში, გადამოწმდა თითოეული ავტომობილის მიხედვით საზღვრის კვეთის დროს შემოსვლისა და გასვლის თარიღები და სამივლინებო ხარჯები გაანგარიშდა დღეების რაოდენობისა და შესაბამისი ქვეყნისთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის №220 ბრძანებით განსაზღვრული სამივლინებო ხარჯების ნორმების გათვალისწინებით.

ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აწარმოებდა აღრიცხვას და შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საკმარისი საფუძველი არსებობდა გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების და კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ გამოყენებულიყო არაპირდაპირი მეთოდი.

მომჩივანი არ ეთანხმება დამატებით არსებული ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას, ასევე გამოქვითული საწვავის ხარჯის ოდენობას, წარმოადგენს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნას კომპანიის კუთვნილებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების წვის ნორმების ტექნიკური ექსპერტიზის შესახებ და აღნიშნავს, რომ დასკვნით განსაზღვრული წვის ნორმა მნიშვნელოვნად აღემატება შემოწმების აქტში შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებულ წვის ნორმას, რაც ამცირებს შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოწმების პროცესში არ ქონდათ და შემდგომ, შემოსავლების სამსახურში დავის პროცესში მოიპოვეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა სატრანსპორტო საშუალებების წვის ნორმების შესახებ. ამასთან, კომპანიის დირექტორთან გასაუბრების შემდგომ დადგინდა, რომ არსებობს კიდევ სხვა ისეთი თემები, გარემოებები, რომელიც ზრდის ვალდებულებებს, მაგრამ დოკუმენტების არ არსებობის გამო ვერ ამტკიცებენ გარკვეული ხარჯების გაწევას. სატრანსპორტო გადაზიდვებისას ხშირად ადგილი ქონდა მანქანების დაზიანებას, შესაბამისად წარმოიქმნებოდა შეკეთების საჭიროებები, მაგრამ პრაქტიკულად ვერ მოხდა დოკუმენტაციის ჩამოტანა იმ ქვეყნებიდან სადაც გაეწიათ მომსახურება, ანუ რეალურად გაწეული ხარჯი უფრო მეტია, ვიდრე დოკუმენტურად ჩანს. მანქანები პრაქტიკულად დატვირთული დადიოდა, ხდებოდა მალფუჭებადი საქონლის გადაზიდვა და ამიტომ, სამაცივრე დანადგარები სულ ჩართული, მუშა პროცესში იმყოფებოდა, იმედი აქვთ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა იქნება გათვალისწინებული.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფაქტობრივ გარემოებებზე დამატებით აღნიშნა, რომ ყველა გაანგარიშება გაეგზავნა გადასახადის გადამხდელის აუდიტორებს მეილზე, ქონდათ მათთან მიმოწერა, თუ რაიმე იქნებოდა გაუგებარი ეთხოვათ პოზიციის წარმოდგენა, შემოწმების პროცესში განაცხადეს, რომ ექსპერტიზის დასკვნას წარადგენდნენ, მაგრამ მოგვიანებით მოხდა მისი წარმოდგენა.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით დარიცხული თანხების შესაძლო კორექტირებასთან დაკავშირებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3133 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1.მომჩივანი თვლის ,რომ შემოწმების აქტის გამოცემისას არ არის გამოკვლეული და შეჯერებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები.

2.საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული 30 ლიტრის ხარჯი 100 კმ-ზე არ შეესაბამება ნორმებს. აღნიშნულის თაობაზე, გაგზავნილი იქნა წერილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და წარმოადგენს დანართის სახით დასკვნას კომპანიის კუთვნილებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების წვის ნორმების ტექნიკური ექსპერტიზის შესახებ, რომლითაც განსაზღვრული წვის ნორმა მნიშვნელოვნად (2-ჯერ) აღემატება შემოწმების აქტში შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებულ წვის ნორმას, რაც ამცირებს შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საზღვრის კვეთის მიხედვით გამოვლინდა, რომ შემოწმებით დადგენილი მონაცემები განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციისგან და აღემატებოდა მის მიერ შესრულებული რეისების რაოდენობას. შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა დაემატა საერთაშორისო გადაზიდვებით მიღებულ შემოსავალს.

დამატებით დადგენილი ფულადი ნაშთი, „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო მიიჩნევს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით დარიცხული თანხების შესაძლო კორექტირებასთან დაკავშირებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

136(3),105,101(1),61(3)