გადაწყვეტილება №22347/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.04.2024
№ დოკუმენტი 22347/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22347/2/2024

29 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -"------"-ის 22.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22347/2/2024).

 

დავის საგანი:

ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №081-322 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.02.2024 წლის №2223 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 89 234.75 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 56 867

საშემოსავლო გადასახადი - 56 667

ქონების გადასახადი - 200

ჯარიმა - 28 384

საურავი - 3 983.75

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო მასალების (საღებავების, მისი გამხსნელების, ლაქების, ბეტონოკონტაქტების, ქაფების), ფქვილის, სასუქების იმპორტი და სადისტრიბუციო საქმიანობის გზით მათი რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროს ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისთვის 2023 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 7 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის 93%-ზე გამოწერილი აქვს შესაბამისი რეალიზაციის დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა). ამასთან, მიღებული და გამოწერილი დოკუმენტების ანალიზით, სავაჭრო ფასნამატმა შეადგინა საშუალოდ 22%.

2023 წლის 5 აგვისტოს №19536 ბრძანების საფუძველზე, საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა (ინვენტარიზაცია). ინვენტარიზაციის შედეგად, საწარმოს 2023 წლის 9 აგვისტოს მდგომარებით დაუდგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 1000 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში განხორციელდა საწარმოში შემოსული და გასული ფულადი საშუალებების ანალიზი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლების, გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხებისა და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გატანილი აქვს და არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით.

დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №31936 ბრძანება და ამავე თარიღის №081-322 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.02.2024 წლის №2223 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებით საწარმოს საწესდებო კაპიტალად უფიქსირდება ნული ლარი, ხოლო 2022 წლის დამფუძნებლის შენატანთან დაკავშირებით კი მიუთითებს, რომ აღნიშნულ თანხას მონაწილეობა არ მიუღია ფულადი სახსრების ნაშთის ფორმირებაში. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ დამფუძნებლის მიერ მოხდა საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის უკან გატანა, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერით და შეადგენს 179 798 ლარს.

სს პროკრედიტ ბანკის ამონაწერით დასტურდება, რომ დამფუძნებელს 2015 წლის 8 ივნისს საზოგადოების კაპიტალში შეტანილი ჰქონდა 25 000 აშშ დოლარი, რაც ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის (2.2937) შესაბამისად შეადგენს 57 342.50 ლარს. 2015 წლის 16 ივნისს კაპიტალში შეტანილი ჰქონდა 16 100 ლარი, ხოლო 2015 წლის 19 ივნისს კაპიტალში შეტანილი ჰქონდა 5 400 ლარი.

სს საქართველოს ბანკის ამონაწერით დასტურდება, რომ დამფუძნებელს 2022 წლის 23 დეკემბერს კაპიტალში შეტანილი ჰქონდა 37 979 აშშ დოლარი, რაც ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის (2.6582) შესაბამისად შეადგენს 100 955.78 ლარს.

საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ შპს "------"-ს (ს/ნ "------") დამფუძნებელს სულ შეტანილი ჰქონდა 179 798.28 ლარი.

წარმოდგენილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ სალაროს ნაშთი არასწორად არის განსაზღვრული. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამფუძნებელს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე უფლება აქვს დაბეგვრის გარეშე შეიტანოს საზოგადოების კაპიტალში შენატანი და ნებისმიერ დროს კაპიტალის შემცირების ხარჯზე გაიტანოს შეტანილი თანხები. აღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილ იქნა შემოსავლების სამსახურშიც, თუმცა მათ ეს დოკუმენტები არ გაითვალისწინეს და მიუთითეს, რომ შემოწმების აქტით განსაზღვრულ სალაროს ნაშთის ფორმირებაში 2022 წელში დამფუძნებლის მიერ შეტანილ თანხას მონაწილეობა არ მიუღია, რაც არ არის სწორი, რადგანაც შემოწმების პერიოდი მოიცავდა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე პერიოდს.

ითხოვს სალაროს ნაშთის ფორმირების დროს აუდიტორებმა გაითვალისწინონ კომპანიის დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი და შემდგომ კაპიტალიდან გატანილი ფულადი სახსრების რაოდენობა და მოხდეს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ დამფუძნებლის მიერ მოხდა საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის უკან გატანა, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერით და შეადგენს 179 798 ლარს.

სს პროკრედიტ ბანკის ამონაწერით დასტურდება, რომ დამფუძნებელს 2015 წლის 8 ივნისს საზოგადოების კაპიტალში შეტანილი ჰქონდა 25 000 აშშ დოლარი, რაც ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის (2.2937) შესაბამისად შეადგენს 57 342.50 ლარს. 2015 წლის 16 ივნისს კაპიტალში შეტანილი ჰქონდა 16 100 ლარი, ხოლო 2015 წლის 19 ივნისს კაპიტალში შეტანილი ჰქონდა 5 400 ლარი.

სს საქართველოს ბანკის ამონაწერით დასტურდება, რომ დამფუძნებელს 2022 წლის 23 დეკემბერს კაპიტალში შეტანილი ჰქონდა 37 979 აშშ დოლარი, რაც ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის (2.6582) შესაბამისად შეადგენს 100 955.78 ლარს.

საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ შპს "------"-ს (ს/ნ "------") დამფუძნებელს სულ შეტანილი ჰქონდა 179 798.28 ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ მომჩივნის სალაროს ნაშთი არასწორად არის განსაზღვრული.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოში შესული და გასული ფულადი საშუალებების ანალიზი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლების, გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხებისა და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გატანილი აქვს და არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით.

აუდიტის დეპარტამენტის 26.03.2024 წლის №------წერილის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში საქართველოს ბანკში შეტანილი 100 955,78 ლარი შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ფულადი სახსრების მოძრაობაში, როგორც შემოსული თანხა. შესაბამისად, აღნიშნული თანხა გათვალისწინებული იქნა დაბეგვრის ობიექტის დადგენისას.

2015 წელს კაპიტალში შესულ თანხებთან დაკავშირებით, შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებით არ ფიქსირდებოდა აღნიშნული თანხა, როგორც კაპიტალის საწყისი ნაშთი და არც გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის დოკუმენტაცია/მტკიცებულება კაპიტალის საწყის ნაშთთან მიმართებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სალაროს ნაშთის ფორმირების დროს აუდიტორებმა გაითვალისწინონ კომპანიის დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი და შემდგომ კაპიტალიდან გატანილი ფულადი სახსრების რაოდენობა და მოხდეს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის 93%-ზე გამოწერილი აქვს შესაბამისი რეალიზაციის დოკუმენტი.

ამასთან, მიღებული და გამოწერილი დოკუმენტების ანალიზით, სავაჭრო ფასნამატმა შეადგინა საშუალოდ 22%.ინვენტარიზაციის შედეგად, საწარმოს დაუდგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 1000 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში განხორციელდა საწარმოში შემოსული და გასული ფულადი საშუალებების ანალიზი.გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლების, გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხებისა და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გატანილი აქვს და არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,154,