გადაწყვეტილება №18539/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18539/2/2022
24.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ -ის 27.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18539/2/2022).
დავის საგანი:
სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე უპროცენტო სესხად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2022 წლის №055-7 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30953 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 45 143, 79 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 19 063
დღგ - 1 008
მოგების გადასახადი - 7 247
საშემოსავლო გადასახადი - 10 808
ჯარიმა - 19 063
საურავი - 7 017,79
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2022 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.05.2019 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი.
შემოწმების პროცესში, გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამა ორისში აღრიცხული ანგარიშების: 1110 (ნაღდი ფულის ანგარიში ეროვნულ ვალუტაში) და 1430 (მოთხოვნა საწარმოს პერსონალის მიმართ) ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საბანკო ანგარიშებიდან თანხის გატანა სალაროში და ანგარიშვალდებულ პირზე სწორად აღირიცხებოდა ბუღალტრულ პროგრამაში. ყურადღება მიექცა იმ ფაქტს, რომ შესამოწმებელ პერიოდში სალაროს ანგარიშზე თითოეული თვის ბოლოს ფიქსირდება დიდი ოდენობის ნაღდი ფულის ნაშთი.
აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებისას გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითება (დანართი №9) სალაროში ნაღდი ფულის შესახებ, რის მიხედვითაც დათვლილი იქნა შესამოწმებელი პერიოდის თითოეული თვის საკასო შემოსავალი და საკასო ხარჯის ოდენობა, რომლის 10% განისაზღვრა შესაბამისი თვის გონივრულ ნაშთად. თითოეული თვის მიხედვით, რომელ თვეშიც ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულმა სალაროს ნაშთმა გადააჭარბა გონივრულ ნაშთს, მეთოდური მითითების მიხედვით ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე უპროცენტოდ გაცემულ სესხად.
საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის თითოეულ საანგარიშო თვეზე დაერიცხა მოგების გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით და უპროცენტო სესხზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების მიხედვით, გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავალი დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2022 წლის №055-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30953 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე უპროცენტო სესხად განხილვას. განმარტავს, რომ საწარმოს მენეჯმენტს გადაწყვეტილი ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობისათვის შეეძინა ექსკავატორი „JCB“. უნდა განხორციელებულიყო ამ მექანიზმის იმპორტი და კომპანია ელოდებოდა ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას დოლართან მიმართებაში.
პანდემიამ მენეჯმენტს ხელი შეუშალა მიზნების განხორციელებაში და კომპანიას დაგროვილი თანხების წარმართვა მოუწია ოპერაციული საქმიანობის დაფინანსების და კრედიტორული დავალიანებების დაფარვისთვის, რაც ჩანს საბუღალტრო ოპერაციების შემოწმებისას. 2021 წლის ივნისის თვეში მხოლოდ ორი კრედიტორისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილმა თანხამ ჯამურად შეადგინა 766 176 ლარი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეს, კერძოდ, 2021 წლის ივნისის თვეში, კომპანიას უკვე აღარ უფიქსირდებოდა არაგონივრული ნაშთი, რაც საგადასახადო შემოწმების აქტითაც დასტურდება. სალაროს ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტისთვის 2022 წლის მაისის თვეში კომპანიას არ ჰქონდა არც ბუღალტრული და არც ფაქტიური სალაროს ნაშთი. აგრეთვე, ამ მომენტისთვის დირექტორს ჰქონდა შემოტანილი თავისი პირადი სახსრები კომპანიის საბანკო ანგარიშზე ფირმის საჭიროებისთვის. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ ჰქონდა უმოძრაო ნაშთი, სალაროში არსებული თანხები კი გამოიყენებოდა ოპერაციული ხარჯების დაფარვის მიზნით. მხოლოდ კრედიტორებისთვის გადახდილი თანხა აჭარბებდა 1 200 000 ლარს. ამასთან, კომპანია ნაღდ ფულს იყენებდა ხელფასებისა და სხვა ოპერაციული ხარჯების გასასტუმრებლად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მუდმივად ხდებოდა საბანკო ანგარიშიდან სალაროში თანხების შეტანა. საბუღალტრო პროგრამა ორისის 1110 ანგარიშის ბარათის შესწავლისას ხშირად ფიქსირდება ისეთი შემთხვევა, როდესაც საოპერაციო ხარჯის დაფარვის თარიღში ხდება საბანკო ანგარიშიდან შესაბამისი თანხის შეტანა სალაროში, რაც მიუთითებს იმას, რომ სალაროში ნაღდი ფულის არსებობის შემთხვევაში საჭირო არ იქნებოდა საბანკო ანგარიშიდან საოპერაციო ხარჯის დასაფარად შესაბამისი თანხის სალაროში შეტანა.
საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 30.12.2021 წლის №42109 ბრძანებით განსაზღვრული №9 დანართის შესაბამისად, არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე უპროცენტო სესხად განხილვა და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართლზომიერია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.