ბრძანება N 32408

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.12.2023
№ დოკუმენტი 32408
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 32408

21 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის.: -------)

2023 წლის 3 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა შპს „-----ს“ (ს/ნ ----) №84651/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №081-218 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილ ფასნამატს. აცხადებს, რომ შპს ----- წარმოადგენს ქალაქ -----ში უბნის მცირე ზომის მაღაზიას, რომლის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობა. აღნიშნული მაღაზიის ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ბოსტნეულითა და ხილით ვაჭრობა. მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ დადგენილი მოგების მარჟის პროცენტული მაჩვენებლები წარმოადგენს საბაზრო პროცენტული მაჩვენებლებისგან განსხვავებულ მონაცემს და საჭიროებს ხელახლა გადათვლას. აცხადებს, რომ ინვენტარიზაციისას სმფ-ს ნაშთების აღწერის დროს აღებული იქნა გასაყიდი ფასები, შემდგომ მოხდა ფაქტობრივად არსებული სმფ-ს ნაშთების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დაწყვილება, შედეგად, 2023 წლის გასაყიდ ფასებთან შეპირისპირებულია 2020 წლიდან შესყიდული პროდუქციის საშუალო შეწონილი თვითღირებულების ფასი. მიუთითებს, რომ 2022 წლის და 2023 წლის სავალუტო ცვლილების შედეგად არსებითად გაზრდილია პროდუქციის გასაყიდი ფასები, ასევე თვითღირებულება. გადამხდელი მიიჩნევს, რომ არსებულ გასაყიდ ფასებთან გასული პერიოდის თვითღირებულების შესაბამისად გამოთვლილი საშუალო შეწონილი ფასნამატის პროცენტი არსებითად ცვლის სურათს. აცხადებს, რომ პროდუქციის სახეობების მიხედვით ფასნამატის გაანგარიშების შედეგად მიიღება რეალური სურათი. გადამხდელი ითხოვს, მიეცეთ საშუალება, ფასნამატის გაანგარიშებისათვის წარმოადგინონ ფასნამატის გაანგარიშებები. რადგან მიიჩნევს, რომ აუდიტის გაანგარიშებაში არის შეცდომები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აგვისტოს №19947 და 26 სექტემბრის №23543 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24587 ბრძანება და ამავე თარიღის №081-218 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 330 612 ლარი, მათ შორის, გადასახადი 206 624 ლარი, ჯარიმა 103 312 ლარი, საურავი 20 676 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

 შპს „-----" (ს/ნ -----) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 23 სექტემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2016 წლის 10 ოქტომბერს. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა შერეული ტიპის პროდუქციით, უპირატესად თამბაქოს ნაწარმით, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელით, ტკბილეულით, ბურღულეულით, საკვები პროდუქტებით, ჰიგიენური საშუალებებით, საყოფაცხოვრებო ქიმიით, სოფლის მეურნეობის პროდუქციით და სხვა. ასევე უფიქსირდება მარკეტინგული მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს ქ. ------ში -------ს N---ში იჯარით აღებულ ფართში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების, საბანკო ამონაწერების, შესყიდვის აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, შეუძლებელია თითოეული ოპერაციის დაწყებისა და დასრულების მიმდინარეობაზე კონტროლი, არ იშიფრება საქონლის მოძრაობა. საქონლის შეძენა ხდება როგორც სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე შესყიდვის აქტებით. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (ფაქტობრივი ნაშთის დადგენა). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმების პროცესში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (სასაქონლო ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურებისა და შესყიდვის აქტების მიხედვით) დაყოფილ იქნა 25 კატეგორიად, სმფ-ების საწყის-საბოლოო ნაშთების (განსაზღვრულია შეძენილი საქონლის სახეობების პროპორციულად) გათვალისწინებით, დათვლილ იქნა თითოეული კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ვინაიდან ჩატარებული იყო საკონტროლო შეძენები და ინვენტარიზაცია, თითოეული კატეგორიის რპთ-ზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი - დაახლოებით ჯამურად 23% (ინვენტარიზაციის მასალებიც დაყოფილი იყო შესაბამის ჯგუფებად და განისაზღვრა თითოეული ჯგუფის ფასნამატი). შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით მოხდა დღგ-ის 18% დასაბეგრი ბრუნვის დათვლა, რომელმაც შეადგინა 1 196 497ლარი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით დათვლილ იქნა ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული ბრუნვა - 697 393 ლარი. შეუდარდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს და სხვაობით გაიზარდა დღგ-ის 18% ბრუნვა - 695 376 ლარით, ხოლო დღგ-სგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული ბრუნვა - 149 141 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ 125 127 ლარი და ჯარიმა 62 564 ლარის.

 შემოწმებით განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი შემცირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით (საბანკო ამონაწერები, კრედიტორების სალარო აპარატის ჩეკები, გადახდილი ხელფასები, საიჯარო თანხები). სხვაობაში ასევე გათვალისწინებულ იქნა ბანკსა და სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთები, დებიტორული მოთხოვნები და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებულია 89 421 ლარი და ბიუჯეტში გადახდილი 1 320 ლარი. შედეგად დადგინდა განკარგვადი თანხა 325 991 ლარის ოდენობით. გამოვლენილი სხვაობა 407 489 ლარი (325 991/0.8) ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, საანგარიშო პერიოდის ბოლოს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და შეუძლებელია თითოეული ოპერაციის დაწყებისა და დასრულების მიმდინარეობის კონტროლი. შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით შეუძლებელი იყო ოპერაციების მიმდინარეობაზე კონტროლი და შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შემოწმების პროცესში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და შესყიდვის აქტების მიხედვით) დაყოფილ იქნა 25 კატეგორიად, სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით, დათვლილ იქნა თითოეული კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ვინაიდან ჩატარებული იყო საკონტროლო შეძენები და ინვენტარიზაცია, თითოეული კატეგორიის რპთ-ზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი - დაახლოებით ჯამურად 23% (ინვენტარიზაციის მასალებიც დაყოფილი იყო შესაბამის ჯგუფებად და განისაზღვრა თითოეული ჯგუფის ფასნამატი). შემოწმებით დადგენილი დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვები და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები შეედარა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს და სხვაობით გაიზარდა შესაბამისი ბრუნვები. კერძოდ, დღგ-ის 18%-იანი ბრუნვა გაიზარდა 695 376 ლარით, ხოლო დღგ-სგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული ბრუნვა - 149 141 ლარით. შედეგად, გადამხდელს განესაზღვრა გადასახდელი დღგ და შესაბამისი ჯარიმა. ასევე, შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი შემცირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით. აგრეთვე, გათვალისწინებულ იქნა ბანკსა და სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთები, დებიტორული მოთხოვნები და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული 89 421 ლარი და ბიუჯეტში გადახდილი 1 320 ლარი. შედეგად დადგინდა განკარგვადი თანხა 325 991 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, საანგარიშო პერიოდის ბოლოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შეძენილ საქონელზე ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სახსრების ანალიზისას განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/ მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, შეუძლებელია თითოეული ოპერაციის დაწყებისა და დასრულების მიმდინარეობაზე კონტროლი, არ იშიფრება საქონლის მოძრაობა. საქონლის შეძენა ხდება როგორც სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე შესყიდვის აქტებით. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (ფაქტობრივი ნაშთის დადგენა). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმების პროცესში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (სასაქონლო ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურებისა და შესყიდვის აქტების მიხედვით) დაყოფილ იქნა 25 კატეგორიად, სმფ-ების საწყის-საბოლოო ნაშთების (განსაზღვრულია შეძენილი საქონლის სახეობების პროპორციულად) გათვალისწინებით, დათვლილ იქნა თითოეული კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ვინაიდან ჩატარებული იყო საკონტროლო შეძენები და ინვენტარიზაცია, თითოეული კატეგორიის რპთ-ზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი - დაახლოებით ჯამურად 23% (ინვენტარიზაციის მასალებიც დაყოფილი იყო შესაბამის ჯგუფებად და განისაზღვრა თითოეული ჯგუფის ფასნამატი). შემოწმების მიერ მოხდა დღგ-ის 18% დასაბეგრი ბრუნვის დათვლა, რომელმაც შეადგინა 1 196 497ლარი, ხოლო დათვლილ იქნა ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული ბრუნვა - 697 393 ლარი. შეუდარდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს და სხვაობით გაიზარდა დღგ-ის 18% ბრუნვა - 695 376 ლარით, ხოლო დღგ-სგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული ბრუნვა - 149 141 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ 125 127 ლარი და ჯარიმა 62 564 ლარის.

შემოწმებით განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი შემცირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით (საბანკო ამონაწერები, კრედიტორების სალარო აპარატის ჩეკები, გადახდილი ხელფასები, საიჯარო თანხები). სხვაობაში ასევე გათვალისწინებულ იქნა ბანკსა და სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთები, დებიტორული მოთხოვნები და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებულია 89 421 ლარი და ბიუჯეტში გადახდილი 1 320 ლარი. შედეგად დადგინდა განკარგვადი თანხა 325 991 ლარის ოდენობით. გამოვლენილი სხვაობა 407 489 ლარი (325 991/0.8) ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, საანგარიშო პერიოდის ბოლოს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შეძენილ საქონელზე ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სახსრების ანალიზისას განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/ მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(5"ა")(9"ბ"), 159(1"ა"), 163(1), 164(1), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ").

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა""ა.ა""ა.ბ.დ").