გადაწყვეტილება №20141/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20141/2/2023
09 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 3.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20141/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმებით დადგენილი ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №8227 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №086-23 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14465 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 158 555 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 102 829
დღგ - 51 229
საშემოსავლო გადასახადი - 51 600
ჯარიმა - 50 617
საურავი - 5 109
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილით და ბოსტნეულით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 28.03.2022 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 24.03.2023 წლის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:
გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე ძირითადად სასაქონლო ზედნადებებით, თუმცა ასევე ფიქსირდება მცირე ოდენობის შესყიდვის აქტებიც. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სმფ-ების ნაშთი ერიცხება 182 091 ლარს დღგ-ის გარეშე, თუმცა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 23.03.2023 წლის №5739 ბრძანების საფუძველზე, 24.03.2023 წელს საწარმოს ჩაუტარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, სადაც ფაქტიური ნაშთი აღწერილ იქნა 1 445 ლარის ოდენობით. შემოწმების შედეგად, 31.01.2023 წლის მდგომარეობით სმფ-ის ნაშთის გაანგარიშება მოხდა შემდეგნაირად, (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო) ფაქტიურად აღწერილ ნაშთს დააკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან, ინვენტარიზაციამდე, შეძენილი საქონლის ღირებულება და დაემატა ამავე პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკების მიხედვით), შედეგად 31.01.2023 წლის მდგომარეობით სმფ-ების ნაშთი გამოვლინდა 0 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი, შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები, შესაბამისად არ არის აღრიცხული ფულადი ნაკადების მოძრაობა. შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავალსა და გაწეული ხარჯის შეპირისპირებით (შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული დოკუმენტაცია და ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია) გამოვლენილი სხვაობა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად განხილულია ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №8227 ბრძანება და ამავე თარიღის №086-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 10.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.06.2023 წლის №14465 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 23.03.2023 წლის №5739 ბრძანების საფუძველზე, 24.03.2023 წელს ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით, გადამხდელს ერიცხება ფაქტიური ნაშთი 1 445 ლარის ოდენობით. შემოწმებით ფაქტიურად აღწერილ ნაშთს დააკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან ინვენტარიზაციამდე შეძენილი საქონლის ღირებულება და დაემატა ამავე პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, შედეგად 31.01.2023 წლის მდგომარეობით, სმფ-ების ნაშთი გამოვლინდა 0 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულია თავისივე დოკუმენტური ფასნამატი, შედეგად გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმების შედეგად დადგენილი შემოსავლის და გაწეული ხარჯის შეპირისპირებით ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი დათვლილია შემდეგი პრინციპით: მაგალითად, თუ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული აქვს შუშა კიტრი, აღნიშნული რეალიზაციის თვითღირებულებად გამოყენებულია ზუსტად იგივე დასახელებით შეძენილი საქონლის თვითღირებულება, ხოლო შეძენა აღებულია უახლოესი თარიღებით შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერად განხორციელდა.
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ ფასნამატის ოდენობას არ ეთანხმება. აუდიტორის მიერ გაგზავნილი ფასნამატის გაანგარიშებაში ასახული იყო დოკუმენტურად რეალიზებული სმფ-ების ნაწილი, რასაც შემმოწმებლებმა მიუყენეს თვითღირებულებები. აღნიშნული სმფ-ების ერთეულის თვითღირებულებები კი აღებული იყო შეძენის ზედნადებებიდან, თუმცა გაუგებარია რა პრინციპით იხელმძღვანელეს, ვინაიდან ხილიც და ბოსტნეულიც არის მალფუჭებადი პროდუქტი, ზოგიერთ შემთხევაში 2-3 დღესაც კი ვერ ძლებს საქონელი, ამიტომაც ფასნამატის გაანგარიშებაში რეალიზაციის ფასებისა და შეძენის ფასების დაკავშირება უნდა მომხდარიყო თარიღების გათვალისწინებით. მაგალითად გაანგარიშებაში, კონკრეტულ თარიღში დოკუმენტური რეალიზაციისას სმფ-ების თვითღირებულებები გამოთვლილია იმ შეძენის ფასების გამოყენებით, რომლებიც დაფიქსირებულია ორი და მეტი კვირის წინ მიღებულ შეძენის დოკუმენტებში. აღნიშნული ფაქტები ფიქსირდება სოკოს, ატმის, წითელი ბულგარულის, ყაბაყის და სხვა პროდუქციის ფასნამატის გამოთვლისას. აუდიტორის ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში არის სხვა ტიპის უზუსტობაც, კერძოდ 13.01.2023 წელს შეძენილი შუშა კიტრის ერთეულის თვითღირებულება გამოყენებულია 2022 წლის აპრილსა და აგვისტოში რეალიზებული ჩერი პომიდორის თვითღირებულების გამოსათვლელად (მსგავსი უზუსტობაა ყვავილოვანი კომბოსტოსა და შუშა კიტრის შემთხვევაში).
კომპანიის მიერ გამოთვლილი დოკუმენტური საშუალო ფასნამატი კი, რომელიც გაანგარიშებულია ზემოთ აღნიშნული უზუსტობების გათვალისწინებით შეადგენდა დაახლოებით 25%, ამავდროულად აღნიშნული ფასნამატის გაანგარიშებაში მონაწილეობდა დოკუმენტური რეალიზაციის თითქმის 30%, მაშინ როცა აუდიტორს გამოყენებული აქვს დაახლოებით 15%. ასევე კომპანიის გაანგარიშებაში გამოთვლილია იმ პროდუქციის ფასნამატები, რომელთაც მაღალი წილი აქვს საერთო რეალიზაციაში, მაგალითად პომიდორი, ბროკოლი, ნიორი, სტაფილო და ყურძენი, მაშინ როცა აუდიტორს აღნიშნული პროდუქციის ფასნამატი საერთოდ არ აქვს გამოთვლილი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს აქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები გაფუჭებული საქონლის სახით, დაახლოებით, საქონლის 10%-დან 20%-მდე გადაყრა უწევს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე არ არის სათანადო პირობები საქონლის ნორმალურად შესანახად, ასევე მნიშვნელოვან სირთულეებთანაა დაკავშირებული გაფუჭებული საქონლის შეგროვება და შემდგომში მისი ჩამოწერა კანონმდებლობის დაცვით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვდა, რომ გათვალიწინებული ყოფილიყო ზემოთ მითითებული გარემოებები და გამოყენებული ყოფილიყო ის დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც განსაზღვრული იყო კომპანიის მიერ ყველანაირი უზუსტობების გათვალისწინებით. თუმცა, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პირველ რიგში არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო საჩივრის განხილვის პროცესში, მიუხედავათ იმისა, რომ ითხოვდა აღნიშნულს. ასევე გაურკვეველია რის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა საჩივარი, რადგან ითხოვდა კონკრეტული საკითხების გათვალისწინებას, რაზეც წარდგენილი ჰქონდა შესაბამისი მტკიცებულებები: კერძოდ, გადაგზავნილი იყო კომპანიის მიერ გამოთვლილი ფასნამატის ცხრილი, რომელიც გაანგარიშებული იყო ყველა იმ უზუსტობების გათვალისწინებით, რომელიც აღმოჩნდა აუდიტორის გაანგარიშებაში. ამავდროულად, აღნიშნული ფასნამატის გაანგარიშებაში მონაწილეობდა დოკუმენტური რეალიზაციის თითქმის 30%, მაშინ როცა აუდიტორს გამოყენებული ჰქონდა დაახლოებით 15%. ასევე კომპანიის გაანგარიშებაში გამოთვლილია იმ პროდუქციის ფასნამატები, რომელთაც მაღალი წილი აქვს საერთო რეალიზაციაში, მაგალითად პომიდორი, ბროკოლი, ნიორი, სტაფილო და ყურძენი, მაშინ როცა აუდიტორს აღნიშნული პროდუქციის ფასნამატი საერთოდ არ ქონდა გამოთვლილი.
რაც შეეხება, გადაწყვეტილებაში აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ ინფორმაციას, აღსანიშნია, რომ რიგ შემთხვევებში დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულებად აღებულია რამდენიმე კვირის წინ შეძენილი იმავე საქონლის თვითღირებულება, რაც არასწორია, ვინაიდან ხილ-ბოსტნეული მალფუჭებადი საქონელია. ასევე, იყო სხვა ტიპის უზუსტობა, კერძოდ 13.01.2023 წელს შეძენილი შუშა კიტრის ერთეულის თვითღირებულება გამოყენებულია 2022 წლის აპრილსა და აგვისტოში რეალიზებული ჩერი პომიდორის თვითღირებულების გამოსათვლელად. (მსგავსი უზუსტობაა ყვავილოვანი კომბოსტოსა და შუშა კიტრის შემთხვევაში). აღნიშნული უზუსტობები მონიშნული იყო აუდიტორის ცხრილში, რომელიც ასევე გადაგზავნილი იყო.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, არ ეთანხმება სადავო აქტებს და ითხოვს, რომ შემოწმების პროცესში გამოყენებული იქნას კომპანიის მიერ გამოთვლილი ფასნამატი, რომელიც გაანგარიშებულია ყველა იმ უზუსტობების გათვალისწინებით, რაც გვხდება აუდიტორის გაანგარიშებაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ლფასს. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საჩივარში მითითებულია, რომ ხილი და ბოსტნეული არის მალფუჭებადი პროდუქტები, ამიტომ ფასნამატის გაანგარიშებაში რეალიზაციის ფასებისა და შეძენის ფასების დაკავშირება უნდა მომხდარიყო თარიღების გათვალისწინებით. მაგალითად გაანგარიშებაში, კონკრეტულ თარიღში დოკუმენტური რეალიზაციისას სმფ-ების თვითღირებულებები გამოთვლილია იმ შეძენის ფასების გამოყენებით, რომლებიც დაფიქსირებულია ორი და მეტი კვირის წინ მიღებულ შეძენის დოკუმენტებში. აუდიტორის ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში არის სხვა ტიპის უზუსტობაც, კერძოდ 13.01.2023 წელს შეძენილი შუშა კიტრის ერთეულის თვითღირებულება გამოყენებულია 2022 წლის აპრილსა და აგვისტოში რეალიზებული ჩერი პომიდორის თვითღირებულების გამოსათვლელად (მსგავსი უზუსტობაა ყვავილოვანი კომბოსტოსა და შუშა კიტრის შემთხვევაში). კომპანიის მიერ გამოთვლილია დოკუმენტური საშუალო ფასნამატი, რომელიც გაანგარიშებულია აღნიშნული უზუსტობების გათვალისწინებით და შეადგინა დაახლოებით 25%, ამავდროულად აღნიშნული ფასნამატის გაანგარიშებაში მონაწილეობდა დოკუმენტური რეალიზაციის თითქმის 30%, მაშინ როცა საგადასახადო ორგანოს გამოყენებული აქვს დაახლოებით 15%. ასევე კომპანიის გაანგარიშებაში გამოთვლილია იმ პროდუქციის ფასნამატები, რომელთაც მაღალი წილი აქვს საერთო რეალიზაციაში, მაგალითად პომიდორი, ბროკოლი, ნიორი, სტაფილო და ყურძენი, მაშინ როცა შემმოწმებელს აღნიშნული პროდუქციის ფასნამატი საერთოდ არ აქვს გამოთვლილი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს აქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები გაფუჭებული საქონლის სახით, საქონლის 10%-დან 20%-მდე გადაყრა უწევს.
მომჩივნის არგუმენტებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი დათვლილია შემდეგი პრინციპით: მაგალითად, თუ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული აქვს შუშა კიტრი, აღნიშნული რეალიზაციის თვითღირებულებად გამოყენებულია ზუსტად იგივე დასახელებით შეძენილი საქონლის თვითღირებულება (შეძენა აღებულია უახლოესი თარიღების მიხედვით, მაგალითად, თუ ხსენებული საქონლის რეალიზაცია განხორციელდა პირობითად 1.12.2022 წელს, თვითღირებულებად აღებულია აღნიშნულ რეალიზაციამდე პირველი შეძენის თვითღირებულება). გადასახადის გადამხდელი ასევე საჩივარში განმარტავს, რომ კატეგორიები არასწორად არის დაკავშირებული ფასნამატის გაანგარიშებისას, კერძოდ, მაგალითად შუშა კიტრის რეალიზაციაზე მიყენებულია პომიდორის თვითღირებულება. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან აუდიტორების გაანგარიშებაში შუშა კიტრის რეალიზაციაზე მიყენებულია შუშა კიტრის თვითღირებულებები. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, ასევე რომ მას აქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები გაფუჭებული საქონლის სახით და შეძენილი საქონლის დაახლოებით 10-20%-ის გადაყრა უწევს და ეს გამოწვეულია იმით, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე არ არის სათანადო პირობები საქონლის ნორმალურად შესანახად. აღნიშნული შემოწმებით ვერ იქნებოდა გათვალისწინებული, რადგან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა მიმართული შემოსავლების სამსახურისთვის გაფუჭებული საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებით.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმებით დადგენილი ფასნამატის გამოყენება მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმებით დადგენილი ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილით და ბოსტნეულით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 28.03.2022 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 24.03.2023 წლის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 10.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
23.06.2023 წლის №14465 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმებით დადგენილი ფასნამატის გამოყენება მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 160; 163(1); 275