ბრძანება N 4079
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4079
26 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -----)
(მის.: ------)
2024 წლის 5 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №87434/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №002-309 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
პირი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საწარმო ეკუთვნის ირანის მოქალაქეს, რომელმაც დროებით გადმოუფორმა კომპანია, ხოლო, ვინაიდან თვითონ არ იყო ჩართული საწარმოს ფუნქციონირებაში სჭირდებოდა დრო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოძიებისათვის. ითხოვს მიეცეს დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 დეკემბრის №30357 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 18 მაისიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33049 ბრძანება და ამავე თარიღის №002-309 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 172 447 ლარი, მათ შორის გადასახადი 110 517 ლარი, ჯარიმა 55 573 ლარი და საურავი 6 357 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კაფე-ბარით მომსახურება, ----------- გამზირზე, ხუთ ლოკაციაზე. გადასახადის გადამხდელმა ითანამშრომლა შემოწმებასთან, წარმოდგენილია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები და საქმიანობასთან დაკავშირებით ახსნაგანმარტება. საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია გაანგარიშებები საქონლის და ფულის მოძრაობასთან დაკავშირებით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. ვინაიდან საწარმო აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საქონელი ჩაითვალა სრულად რეალიზებულად. შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი აუდირებული კომპანიის მარჟის გამოყენებით და გაწეული ხარჯისა და შემოსავლის თანაფარდობით დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი. შემოსავალმა შეადგინა 436 045 ლარი. პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მიერ ხარჯების სალდირებულად გამოქვითვის შემდგომ, დადგინდა განკარგვადი ფულის სხვაობა 227 411 ლარი (შემოწმებამ გაითვალისწინა გადახდილი ხელფასები, გადახდილი იჯარა, საქონლის შეძენის ხარჯი და ა.შ), რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე სახელფასო განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნათა მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების
შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია გაანგარიშებები საქონლის და ფულის მოძრაობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ვინაიდან საწარმო აღარ ფუნქციონირებს შესამოწმებელი პერიოდში მიღებული საქონელი სრულად ჩაითვალა რეალიზებულად, აუდირებული ფასნამატის გათვალისწინებით. გაწეული ხარჯისა და მიღებული შემოსავლის თანაფარდობით დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის დასაბეგრი შემოსავალი. შემოწმებით, ასევე საწარმოს გაწეული ხარჯის გათვალისწინებით დადგინდა სალაროში განკარგვადი ფულის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო მიღებული შემოსავლის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახდო ვალდებულებები. ასევე მართლზომიერია რეალიზებულ საქონელზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება და ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად დადგენილი, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ შემოსავალსა და გამოსაქვით ხარჯს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი, რაიმე სახის მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
პირი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კაფე-ბარით მომსახურება.
პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო მიღებული შემოსავლის დადგენა, შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახდო ვალდებულებები.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);159(1);163(1);164(1);101(1);154(1);