ბრძანება N 6901
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6901
27 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------)
(ფაქტ. მის.: ------------------------;
იურ. მის.: --------------------------)
2026 წლის 13 იანვრის და 24 თებერვლის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 29 იანვრის და 19 მარტის სხდომებზე (ოქმები: №8; №24) განიხილა შპს „-----------“-ის (ს/ნ ---------------) №----/1/2026 და №----/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 დეკემბრის №094-45 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადს. მიუთითებს, რომ როგორც აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 9 314 720 ლარს, რომელიც მოიცავდა ამავე პერიოდში მიღებულ ავანსებსაც. შემოწმების შედეგად დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა დადგენილ იქნა 10 913 562 ლარის ოდენობით, ვინაიდან შპს „------“-ს გაუუქმდა ყველა მოქმედი ხელშეკრულება, საავანსო თანხები დაუბრუნდა დამკვეთს საბანკო გარანტიების მეშვეობით, რომელიც საბოლოო ჯამში გადახდილი იქნა შპს „-----“-ის მიერ. მიიჩნევს, რომ მიუხედავად ხელშეკრულებების შეწყვეტისა არ მოხდა გადახდილი ავანსის შემცირება. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია დაახლოებით 8 900 984 ლარის საქონელი და მომსახურება დღგ-ის გარეშე. ითხოვს, მათი უშუალო მონაწილეობით მოხდეს დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის ხელახალი შესწავლა.
2. არ ეთანხმება ფულის ნაშთის მიხედვით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. მიუთითებს, რომ სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევებში ქვეკონტრაქტორებსა და მომწოდებლებთან ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რომელიც პროექტის ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავებული იყო და თითოეულს გააჩნდა ანგარიშვალდებული პირი, რომელიც ახორციელებდა მომწოდებლების დავალიანებების გასტუმრებას. ამასთან, სამშენებლო პროცესში ჩართული იყვნენ ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებთანაც გაფორმებულია მიღებაჩაბარების აქტები, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები. აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშება დაყრდნობილია მხოლოდ საბანკო ამონაწერებზე, რის გამოც ვერ მოხდა ანგარიშვალდებული პირების მიერ სამეურნეო დანიშნულებით საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების გახარჯვის იდენტიფიცირება და განხილულია დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ითხოვს, სალაროს ვირტუალური ნაშთის ხელახალ შესწავლას.
3. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 ივნისის №12268 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------“-ის (ს/ნ ---------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 10 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 17 დეკემბრის №27735 ბრძანება და ამავე თარიღის №094-45 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 240 991 ლარი, მათ შორის გადასახადი 716 245 ლარი, ჯარიმა 357 023 ლარი და საურავი 167 723 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „-----“-ის საქმიანობას წარმოადგენს სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, ძირითადად სახელმწიფო შესყიდვების გზებით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და სახელმწიფო შესყიდვების საიტზე დაყრდნობით გაანაგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რაც არსებითად განხვავდება დეკლარირებული მონაცემისაგან. კერძოდ, შემოწმებით დადგინდა შესრულებები (ფორმა N2), რომლებზეც არ არის გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არც დაბეგრილია შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 1601 , 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, შესრულებების, ჩარიცხული თანხების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და სახელმწიფო შესყიდვების საიტზე არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, გაანგარიშდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა1 599 000 ლარით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 2 მაისის N8423 („სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“) ბრძანების საფუძველზე შპს „----“-ში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმებისთვის წარდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები. შემოწმების მიერ, დებიტორული მოთხოვნა და კრედიტორული დავალიანებები ჩაითვალა ნულის ტოლად (გარდა ავანსებისა). შემოწმების მიერ გაანგარიშდა ფულის მოძრაობა პირდაპირი მეთოდით. მიღებული შემოსავალი (დღგ-ის ბრუნვით) და ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხები შემცირებულ იქნა დოკუმენტური შეძენებით, საბანკო ხარჯებით, გაცემული ხელფასებით და ბიუჯეტში გადახდილი თანხებით. დარჩენილი თანხა 2 142 566 ლარი ჩაითვალა სალაროზე პასუხისმგებელი პირის, დირექტორის სახელფასო განაცემად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2026 წლის 29 იანვარს -:- სთ-ზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანმა წარმოადგინა განცხადება საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. საჩივრის განხილვა განმეორებით ჩაინიშნა 2026 წლის 19 მარტს --:-- სთ-ზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის მიხედვით, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, შპს „----“-ის საქმიანობას წარმოადგენს სარემონტოსარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, ძირითადად სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით. გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და სახელმწიფო შესყიდვების საიტზე დაყრდნობით, შემოწმების მიერ დადგინდა შესრულებები (ფორმა N2), რომლებზეც არ არის გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და არც დაბეგრილია შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. შემოწმების მიერ გაანგარიშდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. რის შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული „სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის“ (ფულის ნაშთი დადგინდა 0 ლარი) და გადამხდელის წარდგენილი საბანკო ამონაწერების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ, დებიტორული მოთხოვნა და კრედიტორული დავალიანებები ჩაითვალა ნულის ტოლად (გარდა ავანსებისა) და გაანგარიშდა ფულის მოძრაობა პირდაპირი მეთოდით. კერძოდ, მიღებული შემოსავალი (დღგ-ის ბრუნვით) და ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხები შემცირებულ იქნა დოკუმენტური შეძენებით, საბანკო ხარჯებით, გაცემული ხელფასებით და ბიუჯეტში გადახდილი თანხებით. დარჩენილი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, გადამხდელის არგუმენტთან, ხელშეკრულებების გაუქმების (პროექტების შეწყვეტის) და საავანსო თანხების დაბრუნების გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, აღნიშნული საკითხი შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვა (------) გაფორმებულ იქნა ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდისა და შპს „-----“-ს შორის. სახელშეკრულებო ღირებულებას წარმოადგენდა 6 957 786 ლარი, საიდანაც გადახდილი იყო 5 294 394 ლარი, უკან დაბრუნებულ თანხას წარმოადგენდა 1 342 687 ლარი, საგარანტიო თანხის გარდა, გამოწერილი/დაბეგრილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დაბეგრილი თანხა იყო (მათ შორის, ავანსის კორექტირების ფაქტურები) 2 527 534 ლარი, ხოლო ბოლო ფორმა N2-ით შესრულებული სამუშაოების ღირებულებას წარმოდაგენდა 2 609 010 ლარს. შედეგად, შემოწმების მიერ დაბეგრილია შესრულებასა და გადამხდელის დაბეგრილ თანხებს შორის სხვაობა 81 746 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2 , 21 და 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“-ის (ს/ნ ---------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება:
1.შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადს.ითხოვს, მათი უშუალო მონაწილეობით მოხდეს დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის ხელახალი შესწავლა.
2.ფულის ნაშთის მიხედვით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. ითხოვს, სალაროს ვირტუალური ნაშთის ხელახალ შესწავლას.
3.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №12268 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №27735 ბრძანება და №094-45 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 240 991 ლარი, მათ შორის გადასახადი 716 245 ლარი, ჯარიმა 357 023 ლარი და საურავი 167 723 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და სახელმწიფო შესყიდვების საიტზე დაყრდნობით გაანაგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რაც არსებითად განხვავდება დეკლარირებული მონაცემისაგან. კერძოდ, შემოწმებით დადგინდა შესრულებები (ფორმა N2), რომლებზეც არ არის გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არც დაბეგრილია შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 1601 , 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, შესრულებების, ჩარიცხული თანხების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და სახელმწიფო შესყიდვების საიტზე არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, გაანგარიშდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა1 599 000 ლარით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N8423 („სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“) ბრძანების საფუძველზე მომჩივანთა ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმებისთვის წარდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები. შემოწმების მიერ, დებიტორული მოთხოვნა და კრედიტორული დავალიანებები ჩაითვალა ნულის ტოლად (გარდა ავანსებისა). შემოწმების მიერ გაანგარიშდა ფულის მოძრაობა პირდაპირი მეთოდით. მიღებული შემოსავალი (დღგ-ის ბრუნვით) და ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხები შემცირებულ იქნა დოკუმენტური შეძენებით, საბანკო ხარჯებით, გაცემული ხელფასებით და ბიუჯეტში გადახდილი თანხებით. დარჩენილი თანხა 2 142 566 ლარი ჩაითვალა სალაროზე პასუხისმგებელი პირის, დირექტორის სახელფასო განაცემად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ხოლო,მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“.3 „ა“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 269(7); 275;