ბრძანება N 25205
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25205
17 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (პ/ნ ---------)
(მის.:---------)
2025 წლის 20 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----) 2025 წლის 20 ოქტომბრის №98442/1/2025 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის №007-254 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს. მიუთითებს, რომ გაუგებარია რომელ მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრა დოკუმენტური ფასნამატი 38,6%-ის ოდენობით, ხოლო არადოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე 134,63%.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის №9029 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 4 ივლისიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 12 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 18 სექტემბრის №20493 ბრძანება და ამავე თარიღის №007-254 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 254 107 ლარი, მათ შორის, გადასახადი 159 806 ლარი, ჯარიმა 79 459 ლარი, საურავი 14 842 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს ძირითადად თეთრეულის (ასევე, მცირე რაოდენობით პლედები, საბნები, მატრასები) იმპორტი და რეალიზაცია. საწარმოს 2024 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში განხორციელებული აქვს საქონლის იმპორტი ------. აღნიშნული პერიოდის შემდეგ საწარმოს საქონლის შესყიდვა არ უფიქსირდება. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 629 876 ლარს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამა ორისი, რომლის მიხედვით სმფ-ის ნაშთი 2025 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით შეადგენს 171 449 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული შემოსავლის 43%-ს შეადგენს, ბუღალტრული პროგრამის მიხედვით საშუალო ფასნამატი არის 19,61% (მათ შორის, დოკუმენტური ფასნამატი 17,13%, ხოლო არადოკუმენტური ფასნამატი 21,55%). შემოწმებით გამოვლინდა, რომ ბუღალტრულ პროგრამაში არ ხორციელდება საქონლის რაოდენობრივი აღრიცხვა, კერძოდ, არადოკუმენტური რეალიზაციის აღრიცხვა ხდება საკონტროლო-სალარო აპარატში დაფიქსირებული ნავაჭრი თანხებიდან. ამასთან, გადამხდელის კუთვნილ ობიექტში 2025 წლის 20 მაისის №10158 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვით, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა ნული ლარი. ასევე, 2025 წლის 20 ივნისის №13284 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია, თუმცა, გადამხდელის ობიექტი ვერ მოიძებნა, შესაბამისად, ვერ განხორციელდა ზემოაღნიშნული ოპერაციები. შემოწმების მიერ ჩატარებული ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, საწარმოს გამოუვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი. კომპანია არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და საქონლის ჩამოწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად, ასევე, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. საწარმოს მიერ არ არის დაცული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები (ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის სწორად და სრულად აღრიცხვა), შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული შესყიდვები და დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო ჯგუფებად და განისაზღვრა ფასნამატები თითოეული ჯგუფის მიხედვით. ასევე, ჩატარებული ანალიზის შედეგად გაიმიჯნა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიების მიხედვით შემოწმების მიერ გამოვლენილი დოკუმენტური ფასნამატები (საშუალოდ 38,6%), ხოლო არადოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი (134,63%). შესაბამისად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, პირს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, შესწავლილ იქნა კომპანიაში ფულადი სახსრების მოძრაობა და გამოვლენილ ნაღდი ფულის ნაშთს (491 622 ლარს) გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული კაპიტალის ნაშთი (143 568 ლარი). ასევე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად განსაზღვრული გონივრული ნაშთი და საბოლოოდ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი (339 254/0,8=424 068 ლარი) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 6 ნოემბერს 12:00 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული შემოსავლის 43%-ს შეადგენს, ბუღალტრული პროგრამის მიხედვით საშუალო ფასნამატი არის 19,61% (მათ შორის, დოკუმენტური ფასნამატი 17,13%, ხოლო არადოკუმენტური ფასნამატი 21,55%). შემოწმებით გამოვლინდა, რომ ბუღალტრულ პროგრამაში არ ხორციელდება საქონლის რაოდენობრივი აღრიცხვა, კერძოდ, არადოკუმენტური რეალიზაციის აღრიცხვა ხდება საკონტროლო-სალარო აპარატში დაფიქსირებული ნავაჭრი თანხებიდან. გადამხდელთან დაინიშნა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია, თუმცა, გადამხდელის ობიექტი ვერ მოიძებნა, შესაბამისად, ვერ განხორციელდა ზემოაღნიშნული ოპერაციები. კომპანია არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და საქონლის ჩამოწერას კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად, ასევე, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული შესყიდვები და დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები დაიყო ჯგუფებად და განისაზღვრა ფასნამატები თითოეული ჯგუფის მიხედვით. ასევე, ჩატარებული ანალიზის შედეგად გაიმიჯნა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიების მიხედვით შემოწმების მიერ გამოვლენილი დოკუმენტური ფასნამატები (საშუალოდ 38,6%), ხოლო არადოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი (134,63%). შესაბამისად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და დადგინდა სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რაც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჯგუფებად დაყოფა, დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის, ხოლო არადოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს ძირითადად თეთრეულის იმპორტი და რეალიზაცია. საწარმოს 2024 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში განხორციელებული აქვს საქონლის იმპორტი უცხოური ქვეყნიდან. აღნიშნული პერიოდის შემდეგ საწარმოს საქონლის შესყიდვა არ უფიქსირდება. შემოწმებით გამოვლინდა, რომ ბუღალტრულ პროგრამაში არ ხორციელდება საქონლის რაოდენობრივი აღრიცხვა, კერძოდ, არადოკუმენტური რეალიზაციის აღრიცხვა ხდება საკონტროლო-სალარო აპარატში დაფიქსირებული ნავაჭრი თანხებიდან. გადამხდელთან დაინიშნა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია, თუმცა, გადამხდელის ობიექტი ვერ მოიძებნა, შესაბამისად, ვერ განხორციელდა ზემოაღნიშნული ოპერაციები. კომპანია არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და საქონლის ჩამოწერას კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად, ასევე, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და დადგინდა სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რაც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);158(1);159(1);163(1,2):164(1);101(1);154(1);