ბრძანება N 21617

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.10.2024
№ დოკუმენტი 21617
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21617

03 ოქტომბერი 2024

ბრძანება

შპს „-------“- (ს/ნ „-------“)

(მის.: „-------“)

2024 წლის 7 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) №91302/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ივლისის №056-36 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ სალაროს ნაშთის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად კვალიფიკაციის შედეგად დარიცხულ გადასახადებს. აცხადებს, რომ მათ მიერ მოხდა საწარმოს პირველადი დოკუმენტების დამუშავება, რის შედეგადაც დგინდება, რომ ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისათვის შემოწმების პერიოდში სალაროდან გაცემული არის თანხები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება მათ ეკონომიკურ საქმიანობას და ამავდროულად დასტურდება დოკუმენტურად. ითხოვს, მიეცეს შესაძლებლობა დამატებით წარმოადგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და შემმოწმებელთან ერთად დაზუსტების შემთხვევაში, მოხდეს სალაროს ნაშთის კორექტირება.

2. არ ეთანხმება შემოწმების შედეგად გადახდის წყაროსთან დასაბეგრი საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. კერძოდ:

არასწორად დეკლარირებული ხელფასების და გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების დაბეგვრასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ ფიზიკური პირები, რომლებზეც გაცემული იყო ხელფასები, წარმოადგენდნენ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებს და გათავისუფლებულები იყვნენ საშემოსავლო გადასახადისაგან.

დებიტორული დავალიანების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, გადამხდელი ითხოვს, მიეცეს შესაძლებლობა დამატებით წარმოადგინოს დებიტორების სია და ურთიერთშედარების აქტი.

საწარმოს დამფუძნებლის მიმართ სასესხო ვალდებულების მიხედვით გატანილი თანხების ხელფასად კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, გადამხდელი აცხადებს, რომ არ ეთანხმება შემმოწმებლის პოზიციას. განმარტავს, რომ საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება (ქვიშა, ხრეში, ღორღი, სამშენებლო მასალების გადაზიდვა). ამასთან, საწარმო არაშესამოწმებელ პერიოდში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, შესაბამისად, დამფუძნებლისგან აღებული სესხი ძირითადად გამოყენებული იყო ძირითადი საშუალებების, სათადარიგო ნაწილების შესაძენად და ასევე, სხვა რიგი დანახარჯებისთვის. აღნიშნულზე, მომჩივნის განმარტებით, აქვთ დოკუმენტები. ამდენად, გადამხდელს მიაჩნია, რომ სესხი გამოყენებული იყო საწარმოში ეკონომიკური საქმიანობის მიზნით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 თებერვლის №2914 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22234 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 25 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის პირველი ივლისის №15429 ბრძანება და ამავე თარიღის №056-36 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 214 210 ლარი, მათ შორის, გადასახადი 123 817 ლარი, ჯარიმა 61 776 ლარი, საურავი 28 617 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (საბუღალტრო პროგრამა), რომლის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სალაროს ნაშთი 175 437 ლარის ოდენობით. კომპანიაში 2024 წლის 8 თებერვლის N2522 ბრძანებით ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია და ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ახსნა-განმარტების გათვალისწინებით აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა, როგორც დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად 175 437 ლარის ოდენობით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97, 981 და 130-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით, ასევე, დივიდენდი დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 5%-იანი განაკვეთით.

2. შემოწმების პროცესში დამუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (საბუღალტრო პროგრამა), რომლის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კომპანიას არასწორად აქვს დეკლარირებული სახელფასო განაცემები, ასევე კომპანიას გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი აქვს თანხები, რომელიც არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების მიერ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა გადასახადი და ჯარიმა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების შედეგად დგინდება, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ( 01.01.2024) უფიქსირდება დებიტორული დავალიანება 67 159 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში ვერ დასტურდება აღნიშნული დებიტორული დავალიანების რეალობა, გადამხდელის მიერ ვერ იქნა იდენტიფიცირებული დებიტორის ვინაობა და შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტი. აღნიშნული დავალიანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების შედეგად დგინდება, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება საწარმოს დამფუძნებლის მიმართ სასესხო ვალდებულება 229 350 ლარი ოდენობით, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში სრულად გატანილია კომპანიიდან. შემოწმების ეტაპზე ვერ დასტურდება აღნიშნული სესხის მიზნობრიობა და გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, გატანილი თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 12-ე ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის (საბუღალტრო პროგრამის) მიხედვით, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სალაროს ნაშთი 175 437 ლარის ოდენობით. 2024 წლის 8 თებერვლის N2522 ბრძანებით ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ახსნა-განმარტების გათვალისწინებით სალაროს ნაშთის თანხა დაკვალიფიცირდა, როგორც დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ასევე, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილია შემდეგი გარემოებები:

კომპანიას არასწორად აქვს დეკლარირებული სახელფასო განაცემები, ამასთან საშემოსავლო გადასახადით არ არის დაბეგრილი გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები. შედეგად, შემოწმების მიერ გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (01.01.2024) უფიქსირდება დებიტორული დავალიანება 67 159 ლარის ოდენობით. ვინაიდან გადამხდელის მიერ ვერ იქნა იდენტიფიცირებული დებიტორის ვინაობა და შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტი, შემოწმების პროცესში ვერ დადასტურდა აღნიშნული დებიტორული დავალიანების რეალობა. შედეგად, აღნიშნული დავალიანება დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო .

კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება საწარმოს დამფუძნებლის მიმართ სასესხო ვალდებულება 229 350 ლარი ოდენობით, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში სრულად გატანილია კომპანიიდან. შემოწმების ეტაპზე ვერ დასტურდება აღნიშნული სესხის მიზნობრიობა და გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, საწარმოდან გატანილი თანხები დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ სალაროს ნაშთის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად კვალიფიკაციის შედეგად დარიცხულ გადასახადებს.

2. არ ეთანხმება შემოწმების შედეგად გადახდის წყაროსთან დასაბეგრი საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმების პროცესში დგინდება, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სალაროს ნაშთი. კომპანიაში 2024 წლის 8 თებერვლის N2522 ბრძანებით ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია და ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ახსნა-განმარტების გათვალისწინებით აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა, როგორც დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ასევე, დივიდენდი დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 5%-იანი განაკვეთით.

2.კომპანიას არასწორად აქვს დეკლარირებული სახელფასო განაცემები, ასევე კომპანიას გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი აქვს თანხები, რომელიც არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა გადასახადი და ჯარიმა.

კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ( 01.01.2024) უფიქსირდება დებიტორული დავალიანება. შემოწმების პროცესში ვერ დასტურდება აღნიშნული დებიტორული დავალიანების რეალობა. აღნიშნული დავალიანება დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოწმების შედეგად დგინდება, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება საწარმოს დამფუძნებლის მიმართ სასესხო ვალდებულება რომელიც შესამოწმებელ პერიოდში სრულად გატანილია კომპანიიდან. შემოწმების ეტაპზე ვერ დასტურდება აღნიშნული სესხის მიზნობრიობა და გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნული დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9);97(1);981;8(12);130(1);154(1);101(1);