ბრძანება N 23580
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23580
26 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, სოფ. -------)
2023 წლის 26 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 26 ივლისის №82611/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №043-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატის გავრცელებას და შესაბამისად, დღგ-ს დარიცხვას. აცხადებს, რომ არასწორად არის შერჩეული არაპირდაპირი მეთოდი და შემმოწმებლებს უნდა განეხორციელებია შესაბამისი შეფასება/ ანალიზი მათ მიერ აღებული/გაანგარიშებული ფასნამატის რეალობის შესახებ. გადამხდელი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი არაპირდაპირი მეთოდით შემოწმების ჩატარება ნაკლებად სანდოა. ამასთან, შემმოწმებლებს არც საგადასახადო შემოწმების აქტში და არც შემოწმების პროგრამაში არ მიუთითებიათ არჩეული არაპირდაპირი მეთოდის დასაბუთების შესახებ. შემოწმების აქტში ასახულ არაპირდაპირ მეთოდის სანდოობის ხარისხის დასადასტურებლად და არასწორი მონაცემების მიღების თავიდან ასაცილებლად არ მომხდარა სხვა თუნდაც ერთი მეთოდით გადამოწმება. გადამხდელის განცხადებით, შემოწმებას უნდა ეხელმძღვანელა მათი დოკუმენტური ფასნამატით, რომელიც მერყეობს 5%-ის ფარგლებში.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც გადამხდელს დაერიცხა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გამოანგარიშებული განკარგვადი თანხის, 987 724 ლარის დირექტორისათვის გაცემულ ხელფასად დაბეგვრის შედეგად. გადამხდელს მიაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხის გადაანგარიშება უნდა განხორციელდეს დღგ-ის ნაწილში გადაანგარიშებული თანხის შესაბამისად. ასევე, გადამხდელი მიიჩნევს, რომ სალაროში ფულადი ნაშთის გაანგარიშებაში დაშვებულია შეცდომა, კერძოდ, სალაროს ნაშთის არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს დღგ-ისთვის სწორად გამოანგარიშებულმა ბრუნვის თანხამ, რომელსაც უნდა გამოაკლდეს საქონლის საინვოისო ღირებულება, ტრანსპორტირების ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, საბანკო ხარჯები, ხელფასები და სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. გადამხდელი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მიღებული სალაროს ნაშთი განხილულ უნდა იქნეს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და არა ხელფასად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №6164 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 5 ივლისიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 16 ივნისის №13745 ბრძანება და ამავე თარიღის №043-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 469 076 ლარი, მათ შორის, გადასახადი 301 437 ლარი, ჯარიმა 150 611 ლარი, საურავი 17 028 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-------“ (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 5 ივლისს და ამავე თარიღიდან ფიქსირდება დღგ-ს გადამხდელად. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა საწარმოს წარმომადგენელთან დაკავშირება, შესაბამისად, შემოწმებისთვის არაა წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლით ------- ბაზრობაზე. საქონლის იმპორტი ხორციელდება თურქეთიდან და ჩინეთიდან. შემოწმების პროცესში დაინიშნა გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, მაგრამ ვინაიდან გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, სმფ-ები ჩაითვალა სრულად რეალიზებულად და დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შემცირებული აქვს დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვა, შემოწმებით დადგენილ ბრუნვებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობებზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავებით დადგენილი გამოსაქვითი ხარჯების ანალიზით და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით, გამოანგარიშებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნული თანხა დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არაა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ვინაიდან შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა საწარმოს წარმომადგენელთან დაკავშირება. ასევე, შემოწმების მიმდინარეობისას დაინიშნა გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, მაგრამ გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, გადამხდელის სმფ-ები ჩაითვალა სრულად რეალიზებულად. გამოვლენილ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილ დღგ-ს ბრუნვებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავებით დადგენილი გამოსაქვითი ხარჯების ანალიზით და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით გამოანგარიშებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებულ არაპირდაპირ მეთოდს და მის შედეგად განსაზღვრულ ფასნამატს, თუმცა საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მომჩივნის პოზიციას. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება
1.საგადასახადო შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატის გავრცელებას და შესაბამისად, დღგ-ს დარიცხვას.
2. შემოწმებით განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც გადამხდელს დაერიცხა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გამოანგარიშებული განკარგვადი თანხის, დირექტორისათვის გაცემულ ხელფასად დაბეგვრის შედეგად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა საწარმოს წარმომადგენელთან დაკავშირება, შესაბამისად, შემოწმებისთვის არაა წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლით. საქონლის იმპორტი ხორციელდება თურქეთიდან და ჩინეთიდან. შემოწმების პროცესში დაინიშნა გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, მაგრამ ვინაიდან გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, სმფ-ები ჩაითვალა სრულად რეალიზებულად და დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილ ბრუნვებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობებზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავებით დადგენილი გამოსაქვითი ხარჯების ანალიზით და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით, გამოანგარიშებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნული თანხა დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 275