ბრძანება N 8047

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.04.2023
№ დოკუმენტი 8047
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8047

12.04.2023

-------------- (პ/ნ --------------)

(მის.: -------------------)

2023 წლის 16 და 23 მარტის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 აპრილის სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა -------------- (პ/ნ ---------------) №46318/21 და №79874/1/2023 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 16 მარტის №EL203103 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ აქვს ორმაგი მოქალაქეობა. პირველად საზრვრის კვეთის დროს ჰქონდა გამოცხადების ვადის დარღვევა 60 დღეზე მეტი ვადით, თუმცა არ დაჯარიმებულა. ამჯერად კი, კანონმდებლობით დადგენილი 60 დღიანი ვადის დარღვევისათვის საბაჟო დეპარტამენტმა დააჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 16 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----------“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შემოვიდა ფიზიკური პირი -------------- მართვის ქვეშ მყოფი საქართველოში არარეგისტრირებული, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ნომრით №--------------- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება (№-------------------) საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილი იყო 2022 წლის 17 დეკემბერს და სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრა 2023 წლის 15 თებერვალი, რისი შესრულებაც არ ფიქსირდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოცხადების ვადა დარღვეული იყო 29 კალენდარული დღით, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „---------------“ კონტროლის ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 16 მარტს შედგენილ იქნა №EL203103 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ------------- დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7 – მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ----------------- (პ/ნ -------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ აქვს ორმაგი მოქალაქეობა და აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ფიზიკური პირის მართვის ქვეშ მყოფი საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილი იყო 2022 წლის 17 დეკემბერს და სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრა 2023 წლის 15 თებერვალი, რისი შესრულებაც არ ფიქსირდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოცხადების ვადა დარღვეული იყო 29 კალენდარული დღით, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, 2023 წლის 16 მარტს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1), 165.