ბრძანება N 24553
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24553
05 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------"- ის (ს/ნ "-------")
(ფაქტ. მის.:"-------" )
2022 წლის 28 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------“-ის (ს/ნ "-------") 2022 წლის 28 დეკემბრის №77657/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 დეკემბრის №024-72 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას და ითხოვს მისი მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლას. აცხადებს, რომ შემოწმებამ დაადგინა არარეალური დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, 1 109 318 ლარის ოდენობით, მაშინ როცა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ გამოწერილია მხოლოდ 942 568 ლარის (დღგ-ის გარეშე) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელთა ნაწილიც დამკვეთის მიერ არც კი დადასტურებულა.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის დანაკლისის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმებამ დაადგინა არარეალური დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, განმარტავს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა საწარმოს მიერ ფაქტობრივად გაწეული საწვავის ხარჯი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო მომსახურების განხორციელება და აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დოკუმენტურად დაუდასტურებელი საწვავის ხარჯის განსაზღვრას №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე (გაწეული საწვავის ხარჯის 75%-ის ოდენობით).
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ოქტომბრის №25554 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 7 მაისიდან 2022 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 მარტის №6255 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 5 დეკემბრის №30648 ბრძანება და 6 დეკემბრის №024–72 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 188 229 ლარი, მათ შორის გადასახადი 114 805 ლარი, ჯარიმა 57 564 ლარი და საურავი 15 860 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 10 მაისის №10493 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 27 ივლისის №19762/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 მაისის №10493 ბრძანება, საჩივარი პირველი და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ივლისის №19762/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ გამოწერილია მხოლოდ 942 568 ლარის (დღგ-ის გარეშე) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (რომელთა ნაწილიც დამკვეთის მიერ არც კი დადასტურებულა) შესაბამისად გაუგებარია საიდან დაადგინა შემმოწმებელმა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 1 109 318 ლარი, საწარმოს მიერ განხორციელებულ ყველა მომსახურებაზე იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მხოლოდ მისი დადასტურების შემთხვევაში ხდება დამკვეთის მიერ თანხის ანაზღაურება. ამდენად, გაუგებარია რა ხელშეკრულებებზე და მიღება-ჩაბარების აქტებზე მიუთითებს შემოსავლების სამსახური, რომელზედაც არც სასაქონლო ზედნადებია გამოწერილი და არც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საბჭოს მიაჩნია, რომ პირველი სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებულ ოპერაციაზე კომპანიის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურებზე დაყრდნობით მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, ვინაიდან მომჩივნის განმარტებით, მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურების შემთხვევაში ხდება დამკვეთის (99%-ის შემთხვევაში მუნიციპალიტეტების) მიერ თანხის ანაზღაურება.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სალაროს ფულადი ნაშთი შესამცირებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) საწარმოს შპს „N1-სგან “ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ნაქირავები აქვს კამაზი "-------" და ტრაქტორი "------". ბუნებრივია აღნიშნული ტექნიკის გამოყენება საწვავის გარეშე არის შეუძლებელი. შესაბამისად, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით, რაზეც საწარმოს არ გააჩნდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, გამოყენებული იქნას ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვის შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელო №0256, რის საფუძველზეც ხარჯად აღიარდება საწვავის ხარჯის 75%;
ბ) წარმოადგენს ფიზიკური პირებისაგან შეძენილი საქონლის დამადასტურებელ შესყიდვის აქტებს აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქონლის გარეშე შეუძლებელი იყო საწარმოს მიერ სამუშაოების შესრულება, რასაც აუდიტის დეპარტამენტი არ ხდის სადავოდ და უდავოდ დგინდება, რომ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საწარმოს მიერ ფაქტობრივად დახარჯული.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის არგუმენტი, რომ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე მოხდა სალაროს ნაშთის გაანგარიშება და არ იქნა გათვალისწინებული გაწეული საწვავის ხარჯი, ვერ იქნება გაზიარებული ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიწოდებული ინფორმაციით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე არ მომხდარა სალაროს ნაშთის გაანგარიშება. ამასთან, ელექტრონული დოკუმენტების საფუძველზე გაწეული ხარჯების (მათ შორის საწვავის ხარჯის) დაფარვის ანალიზისთვის, შემოწმებამ საწარმოს კრედიტორებისგან გამოითხოვა ინფორმაცია და ფულადი სახსრების მოძრაობაში არ იქნა გათვალისწინებული ის თანხები, სადაც დადასტურდა, რომ მომჩივნისგან ვალდებულების დაფარვა არ მომხდარა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ პირველი და მე-2 სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რის გამოც, შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10493 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სარემონტო/აღდგენითი სამუშაოების წარმოება. პირი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. ტენდერში გამარჯვების შემდგომ გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანია იღებდა ვალდებულებას სარემონტო/აღდგენითი სამუშაოების განხორციელებაზე. სამუშაოს დასრულების შემდგომ, ხელშეკრულების მხარეებს შორის ხორციელდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. რიგ შემთხვევებში განხორციელებულ ოპერაციაზე საწარმოს გამოწერილი ჰქონდა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ შეუსრულებია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულებები. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას აუდიტის დეპარტამენტი დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სხვა უწყებებიდან მიღებულ ინფორმაცია/მონაცემებს. გაფორმებული ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების შესწავლის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 1 109 318 ლარით, ხოლო დეკლარირებული მონაცემების მიხედვით (მათ შორის 2021 წლის 10 მარტის №6255 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დადგენილი ბრუნვა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 887 414 ლარს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გამოვლენილ სხვაობაზე საწარმოს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს შემმოწმებლისთვის არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა/ანგარიშგების შესახებ ინფორმაცია. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული პროცედურით საწარმოს სალაროში ფულადი სახსრების მოცულობა შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებამ ფულადი სახსრების ანალიზისთვის გამოიყენა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, აგრეთვე, გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერი. სულ მიღებული ფულადი სახსრები შემცირდა იმავე პერიოდში საწარმოს მიერ გაწეული ხარჯებით. ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, 2022 წლის აგვისტოს ბოლოს გამოვლინდა ნაღდი ფულის დანაკლისი 298 846 ლარის ოდენობით, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში დამატებით დარიცხულ თანხებს. პირი აღნიშნავს, რომ საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა ხდება ძირითადად მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერების ფარგლებში, ხოლო განხორციელებულ ყველა მომსახურებაზე იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მხოლოდ მისი დადასტურების შემთხვევაში ხდება დამკვეთის მიერ თანხის ანაზღაურება. ასევე აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ღირებულება ემთხვევა, მათ მიერ დეკლარირებულს და მისთვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე დაადგინა შემოწმებამ დეკლარირებულზე მეტი დღგ-ს ბრუნვა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებულ ოპერაციაზე კომპანიის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფინანსთა სამინიტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ივლისის N19762/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულ მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ სალაროს ფულადი ნაშთი შესამცირებელია შემდეგი გარემოების გამო:
„ა) საწარმოს შპს „Nა-სგან “ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ნაქირავები აქვს კამაზი "-------" და ტრაქტორი "-------" , ბუნებრივია აღნიშნული ტექნიკის გამოყენება საწვავის გარეშე არის შეუძლებელი. შესაბამისად, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით, რაზეც საწარმოს არ გააჩნდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, გამოყენებული იქნას ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვის შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელო №0256, რის საფუძველზეც ხარჯად აღიარდება საწვავის ხარჯის 75%;
ბ) წარმოადგენს ფიზიკური პირებისაგან შეძენილი საქონლის დამადასტურებელ შესყიდვის აქტებს, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქონლის გარეშე შეუძლებელი იყო საწარმოს მიერ სამუშაოების შესრულება, რასაც აუდიტის დეპარტამენტი არ ხდის სადავოდ და უდავოდ დგინდება, რომ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საწარმოს მიერ ფაქტობრივად დახარჯული.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ. შ საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------“-ის (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებულ ოპერაციაზე საწარმოს მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას და ითხოვს მისი მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლას.
2.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის დანაკლისის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
მომჩივანი ითხოვს დოკუმენტურად დაუდასტურებელი საწვავის ხარჯის განსაზღვრას №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სარემონტო/აღდგენითი სამუშაოების წარმოება. პირი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. ტენდერში გამარჯვების შემდგომ გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანია იღებდა ვალდებულებას სარემონტო/აღდგენითი სამუშაოების განხორციელებაზე. სამუშაოს დასრულების შემდგომ, ხელშეკრულების მხარეებს შორის ხორციელდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. რიგ შემთხვევებში განხორციელებულ ოპერაციაზე საწარმოს გამოწერილი ჰქონდა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 1 109 318 ლარით, ხოლო დეკლარირებული მონაცემების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 887 414 ლარს. გამოვლენილ სხვაობაზე საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
2.ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, გამოვლინდა ნაღდი ფულის დანაკლისი,დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებულ ოპერაციაზე კომპანიის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება .
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73,101,105,136,154,159,160,161,163,164.