გადაწყვეტილება №27769/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
07 აგვისტო 2026
N 27769/2/2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ----- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 22.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 12.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარი (რეგისტრაციის N 27769/2/2026).
დავის საგანი:
განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს (ნული) შორის სხვაობის, კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2026 წლის N 001 - 98 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.06.2026 წლის N 13877 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 57 796,67 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 28 845,61 ლარი;
დღგ - 3 899,61 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 24 946,00 ლარი;
ჯარიმა - 27 134,00 ლარი;
საურავი - 1 817,06 ლარი;.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2026 წლის N 6354 ბრძანების და მასში შესული ცვლილებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 17.09.2025 წლიდან 01.04.2026 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სიტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელს არ აქვს საკონტროლო - სალარო აპარატი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 24 მარტის N 6301 ბრძანებით, ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგად ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა ნული ლარი. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული/მისაღები შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით და ჩაითვალა საკასო შემოსავლად. გაანგარიშების შედეგად დარჩენილ განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს (ნული) შორის სხვაობა, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 101-ე, 104-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2026 წლის N ----- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.06.2026 წლის N 13877 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
ეწევა ეკონომიურ საქმიანობას ----- ტერიტორიაზე. არ მიანიჭეს კვალიფიკაცია და ვერ ახდენს საქონლის რეალიზაციას. აუდიტის შემოწმებით გამოვლინდა ფასნამატი ძალიან გაზრდილი. მუშაობს 8- 10% ფასნამატით. ითხოვს გადაიხედოს აქტი და დაუკორექტირდეს ფასნამატი.
საჩივარზე ხარვეზის დადგენის შემდეგ მომჩივანმა დამატებით წარმოადგინა საჩივარი, სადაც აღნიშნავს, რომ რადგან არ მიანიჭეს დღგ-ის კვალიფიკაცია უჭირს ეკონომიური საქმიანობის გაგრძელება რეალიზაცია საქონლის ფასნამატი 5-8%. არ ეთანხმება საგადასახადო მოთხოვნას ფასანამატში, ითხოვს, შემოწმების აქტის დაკორექტირებას. არ მიანიჭეს დღგ-ის კვალიფიკაცია და ამიტომ ჰყიდის საბითუმოდ საქონელს, ფასნამატი თითქმის არ აქვს, რადგან ვერ აძლევს ანგარიშ - ფაქტურებს. ფასნამატს არ ეთანხმება.
მომჩივანი ითხოვს, გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 24.06.2026 წლის N 13877 ბრძანების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ კომპანიის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ჩაითვალა საკასო შემოსავლად. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხებიც. გაანგარიშების შედეგად მიღებულ განკარგვად თანხასა და სალაროს ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობა (ნული), ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გაანგარიშების შედეგად მიღებულ განკარგვად თანხასა და სალაროს ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობის ჩათვლა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მართლზომიერია, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრებით გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად დადგენილ ფასნამატს მიიჩნევს არარეალურად, დღგ-ის კვალიფიკაციური გადამხდელის სტატუსის არქონის გამო ვერ ახერხებს საქონლის სრულფასოვან რეალიზაციას და იძულებულია საქონლის რეალიზაცია მოახდინოს ბითუმად, დაბალი ფასნამატით (დაახლოებით 5 - 10%). ითხოვს გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნისა და შემოსავლების სამსახურის 24.06.2026 წლის N 13877 ბრძანების გაუქმებას.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის პირველ ეტაპზე წარდგენილი საჩივრით მომჩივანი არ ასაჩივრებდა ფასნამატის საკითხს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 24.06.2026 წლის N 13877 ბრძანებაში აღნიშნული საკითხი ასახული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია საფუძველს იმსჯელოს ფასნამატის საკითხზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს (ნული) შორის სხვაობის, კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შედეგად გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესაბამისად დაიბეგრა. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა, რაც გასაჩივრდა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება:
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 154(1,,ა"); 101(1); 73 (5 „ა“);.