გადაწყვეტილება №28228/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.11.2026
№ დოკუმენტი 28228/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28228/2/2026

09 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.11.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 5.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28228/2/2026).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2026 წლის №041-51 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.09.2026 წლის №20313 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 731 074.89 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 461 975.5

დღგ - 366 451

საშემოსავლო გადასახადი - 95 524.5

ჯარიმა - 222 904

საურავი - 46 195.39

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2026 წლის №7395 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის საქმიანობის, 1.01.2023 წლიდან 1.03.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო წლიური საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის 2023, 2024 და 2025 წლების საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 15.07.2026 წლის №AR023231 საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 17.07.2026 წლის №16377 ბრძანება და ამავე თარიღის № 041-51 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.09.2026 წლის №20313 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია ბუღალტრულ აღრიცხვასა და საქონლის მოძრაობასთან დაკავშირებით. ასევე, გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა საბანკო ამონაწერები, აღნიშნულის საფუძველზე შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ მეწარმე საქონლის შეძენას და რეალიზაციას ახდენდა ადგილობრივად. საქონლის შეძენის ოპერაციებზე გამოწერილი იყო როგორც სასაქონლო ზედნადებები, ასევე, საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურები, რეალიზაციას ახორციელებდა მხოლოდ საცალოდ. დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია არ უფიქსირდება. გადასახადის გადამხდელთან შესამოწმებელ პერიოდში და ასევე, შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები (საკონტროლო შესყიდვები), შედეგად, გამოვლინდა საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტები და შედგა სამართალდარღვევის ოქმები. გადამხდელთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვების დროს დაფიქსირდა ისეთი საქონლის შეძენა, რაზეც სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იყო გამოწერილი. გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის 2023, 2024 და 2025 წლების წლიურ დეკლარაციებში ასახული ერთობლივი შემოსავალი ჯამურად შეადგენდა 1 540 617 ლარს, ხოლო ამავე პერიოდში დღგ-ის დეკლარაციებით დეკლარირებული ბრუნვების ჯამი შეადგენდა 18 171 ლარს.

გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი (საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით) შეადგენდა 2%-ს. გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული მონაცემებით ბიუჯეტში გადახდილი ჰქონდა 17 134 ლარი, ხოლო ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული იყო 278 781 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებში არ ფიქსირდებოდა დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის ჩამოწერა. ასევე, არ დაფიქსირებულა დაუძლეველის ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ.) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ვინაიდან წარდგენილი არ ყოფილა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის შემოსავალი. შემოსავლის გაანგარიშებისას შემოწმებამ გამოიყენა გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვებით განსაზღვრული ფასნამატი, კერძოდ: ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი საქონელი დაჯგუფდა შესაბამის კატეგორიებში (ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, ალკოჰოლური სასმელები და სხვა), გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება თითოეული ჯგუფის მიხედვით, რაზეც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიის სახეობის პროდუქტის საკონტროლო შესყიდვის შედეგად განსაზღვრული ფასნამატი. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და დეკლარირებული შემოსავალი შეუდარდა ერთმანეთს, გამოვლენილი სხვაობა განაწილდა სმფ-ის შეძენის პროპორციულად და შესაბამის პერიოდებში გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების შესაბამისად შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები შეადგენდა 1 587 227 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნულ პერიოდზე ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები შეადგენდა 1 636 896 ლარს.

შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯი გაიზარდა 49 669 ლარით, რაც ძირითადად გამოწვეული იყო შეძენილი სმფ-ების შესახებ (გაანგარიშებულია ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად) ინფორმაციის არასწორად ასახვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ 20.08.2026 წელს 14:15 საათზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 10.09.2026 წელს 14:00 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პროცესში სრულყოფილი სააღრიცხვო და საქონლის მოძრაობის დოკუმენტაცია არ ყოფილა წარდგენილი, რის გამოც საგადასახადო ორგანომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. მომჩივანს მაღაზიის საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა მინდობილი ჰქონდა ბუღალტრისათვის და თავად უშუალოდ არ ახორციელებდა ყოველდღიურ საბუღალტრო აღრიცხვასა და საგადასახადო ორგანოსთან შესაბამის კომუნიკაციას. შემდგომ გამოვლინდა აღრიცხვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარვეზები, რის გამოც შემოწმების პროცესში სრულყოფილი დოკუმენტაცია და შესაბამისი განმარტებები ვერ იქნა წარდგენილი.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში უარის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია მომჩივნის მიერ კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არასაკმარისი წარდგენა. მომჩივანი არ უარყოფს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვალდებულებას და არ ცდილობს გადასახადის გადახდისათვის თავის არიდებას. მომჩივანი გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს შესაბამის საგადასახადო ორგანოსთან, რათა სრულყოფილად იქნეს შესწავლილი საქმის გარემოებები და განისაზღვროს რეალური და კანონმდებლობის შესაბამისად გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულება.

მომჩივანი აცნობიერებს, რომ სრულყოფილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებში საგადასახადო ორგანოს შეუძლია საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდი. თუმცა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა თავისთავად არ ადასტურებს ამ მეთოდით მიღებული კონკრეტული თანხის ოდენობის სისწორეს.

სადავო თანხა უნდა ეფუძნებოდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევასა და დასაბუთებულ გაანგარიშებას. მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკონტროლო შესყიდვების მონაცემების გამოყენების საკითხი. შემოწმება მოიცავს 1.01.2023 წლიდან 1.03.2026 წლამდე პერიოდს, ხოლო წარდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა 17.06.2026 წელს ანუ შესამოწმებელი პერიოდის დასრულების შემდეგ. აღნიშნული საკონტროლო შესყიდვის საერთო ღირებულება შეადგენდა 76.30 ლარს და ოქმის თანახმად სამართალდარღვევა არ გამოვლენილა. მომჩივნისათვის წარდგენილი დოკუმენტაციიდან დეტალურად არ ირკვევა, გამოყენებულ იქნა თუ არა სწორედ 2026 წლის ივნისში ჩატარებული აღნიშნული საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე მიღებული ფასობრივი ან ფასნამატის მაჩვენებლები 2023, 2024, 2025 და 2026 წლების შესამოწმებელი პერიოდების საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას; კონკრეტულად რომელი საქონლისა და სასაქონლო კატეგორიის მიმართ რა ფასნამატი იქნა გამოყენებული; რა თარიღის მონაცემით განისაზღვრა თითოეული ფასნამატი და რომელ პერიოდებზე გავრცელდა იგი. თუ 2026 წლის ივნისში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე მიღებული ფასნამატის მონაცემები გამოყენებულ იქნა 2023, 2024 ან 2025 წლების საგადასახადო ვალდებულებების დასადგენად, საჭიროა სრულყოფილად დასაბუთდეს, რა ფაქტობრივი და ეკონომიკური საფუძვლით ჩაითვალა შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ფასნამატი წინა წლებისათვის წარმომადგენლობით მაჩვენებლად.

სხვადასხვა პერიოდში საქონლის შესყიდვისა და რეალიზაციის ფასები და შესაბამისად ფასნამატიც შესაძლოა განსხვავდებოდეს. შესაბამისად, ითხოვს სრულყოფილად იქნეს შესწავლილი საკონტროლო შესყიდვების თარიღები და შედეგები, გამოყენებული ფასნამატები, თითოეული სასაქონლო კატეგორია, გაანგარიშების დეტალური ცხრილები, საქონლის შეძენისა და ნაშთების მონაცემები და მიღებული სხვაობის შესაბამის საგადასახადო პერიოდებზე განაწილების მეთოდოლოგია.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვით საგადასახადო შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზის მონაცემებით მომჩივნის გამოსაქვითი ხარჯები 49 669 ლარით გაიზარდა. ეს გარემოება მიუთითებს, რომ არსებული აღრიცხვის ხარვეზები მხოლოდ გადასახადის შემცირების მიმართულებით არ მოქმედებდა და დეკლარირებული მონაცემები საქმიანობის ფაქტობრივ მდგომარეობას სრულად ვერ ასახავდა. მომჩივანს საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა მინდობილი ჰქონდა ბუღალტრისათვის. შემდგომ გამოვლინდა აღრიცხვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარვეზები. აღნიშნული გარემოება არ არის წარმოდგენილი საგადასახადო ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად, არამედ განმარტავს იმ გარემოებებს, რის გამოც შემოწმების პროცესში სათანადო დოკუმენტაცია და განმარტებები სრულყოფილად ვერ იქნა წარდგენილი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების მიღებამდე 10.09.2026 წელს განხილვას მომჩივანი არ ესწრებოდა. შესაბამისად, მას უშუალოდ განხილვისას არ ჰქონდა შესაძლებლობა განემარტა საკუთარი პოზიცია, დაესვა კითხვები დარიცხვის დეტალური გაანგარიშების შესახებ და გამოეხატა საგადასახადო ორგანოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა.

ამ გარემოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ ბრძანებაში საჩივრის დაუკმაყოფილებლობის ერთ-ერთ საფუძვლად სწორედ კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არასაკმარისი წარდგენა იქნა მიჩნეული.

მომჩივანი მზად არის ითანამშრომლოს შესაბამის საგადასახადო ორგანოსთან საკითხის ხელახალი შესწავლისას. მისი მიზანი არ არის კანონიერად გადასახდელი გადასახადისაგან გათავისუფლება, მოთხოვნის მიზანია რეალური, კანონმდებლობის შესაბამისი და სათანადოდ დასაბუთებული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა. ასევე ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისაგან გათავისუფლების შესაძლებლობის შეფასებას შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. ძირითადი საგადასახადო ვალდებულების შემცირების ან კორექტირების შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმა და საურავიც უნდა გადაანგარიშდეს. ითხოვს, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმებას ან შეცვლას და საჩივრის სრულად, ხოლო შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.

ასევე ითხოვს, სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ხელახალ და სრულყოფილ შესწავლას და გადაანგარიშებას, მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებული მონაცემების, საკონტროლო შესყიდვების თარიღებისა და შედეგების, გამოყენებული ფასნამატების, სასაქონლო კატეგორიების, გაანგარიშების ცხრილების, საქონლის შეძენისა და ნაშთების და შესაბამის პერიოდებზე თანხების განაწილების მეთოდოლოგიის შესწავლით. განსაკუთრებით ითხოვს დადგინდეს, გამოყენებულ იქნა თუ არა 2026 წლის ივნისში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე მიღებული მონაცემები 2023, 2024 და 2025 წლების საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას და, თუ გამოყენებულ იქნა, შეფასდეს ასეთი გამოყენების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებულობა. ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა ითანამშრომლოს შესაბამის დეპარტამენტთან საკითხის ხელახალი შესწავლის პროცესში და საჩივარი განხილულ იქნეს მისი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის უშუალო მონაწილეობით. ხელახალი შესწავლის შედეგად დადგენილი გარემოებების შესაბამისად, ითხოვს გადასახადის კორექტირებას/შემცირებას და შესაბამისი ჯარიმისა და საურავის გადაანგარიშებას/შემცირებას, ხოლო საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში – საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლებას. მომჩივანი არ ითხოვს კანონიერად გადასახდელი გადასახადისაგან გათავისუფლებას. მოთხოვნაა, რომ საბოლოო საგადასახადო ვალდებულება განისაზღვროს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი შესწავლის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად და რეალურად დასაბუთებული ოდენობით. ამდენად, საჩივრით სადავოდ არის გამხდარი საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სრული 731 074.89 ლარი, მათ შორის 46 195.39 ლარის საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივანი განმარტავს, რომ სრულყოფილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებში საგადასახადო ორგანოს შეუძლია საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდი. თუმცა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა თავისთავად არ ადასტურებს ამ მეთოდით მიღებული კონკრეტული თანხის ოდენობის სისწორეს. სადავო თანხა უნდა ეფუძნებოდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევასა და დასაბუთებულ გაანგარიშებას. მომჩივანი გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს შესაბამის საგადასახადო ორგანოსთან, რათა სრულყოფილად იქნეს შესწავლილი საქმის გარემოებები და განისაზღვროს რეალური და კანონმდებლობის შესაბამისად გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკონტროლო შესყიდვების მონაცემების გამოყენების საკითხი. შემოწმება მოიცავს 1.01.2023 წლიდან 1.03.2026 წლამდე პერიოდს, ხოლო წარდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა 17.06.2026 წელს ანუ შესამოწმებელი პერიოდის დასრულების შემდეგ. თუ 2026 წლის ივნისში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე მიღებული ფასნამატის მონაცემები გამოყენებულ იქნა 2023, 2024 ან 2025 წლების საგადასახადო ვალდებულებების დასადგენად, საჭიროა სრულყოფილად დასაბუთდეს, რა ფაქტობრივი და ეკონომიკური საფუძვლით ჩაითვალა შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ფასნამატი წინა წლებისათვის წარმომადგენლობით მაჩვენებლად. მომჩივნის არგუმენტებზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 23.10.2026 წლის №100071-21- 14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებული გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვებით განსაზღვრული ფასნამატი, კერძოდ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებულია ათი საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, ამდენად საკონტროლო შესყიდვების შედეგად ფასნამატი გაანგარიშებული არ ყოფილა მხოლოდ 2026 წლის ივლისში ჩატარებულ საკონტროლო შესყიდვაზე დაყრდნობით.

შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და დეკლარირებული შემოსავალი შეუდარდა ერთმანეთს, გამოვლენილი სხვაობა განაწილდა სმფ-ის შეძენის პროპორციულად და შესაბამის პერიოდებში გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. ამასთან, შემოწმების შედეგად ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯი გაიზარდა 49 669 ლარით, რაც ძირითადად გამოწვეული იყო შეძენილი სმფ-ების შესახებ (გაანგარიშებულია ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად) ინფორმაციის არასწორად ასახვით.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საკონტროლო შესყიდვები ჩატარებულია შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე და შესაბამის პერიოდში გავრცელებული იმავე პერიოდში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მონაცემები. დოკუმენტური რეალიზაცია და შესაბამისად ფასნამატი გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა. მომჩივანთან შემოწმების პროცესში ხდებოდა კომუნიკაცია, რომელიც არ ფლობდა ინფორმაციას სადავო საკითხზე და განმარტავდა, რომ სავარაუდოდ ბუღალტრის შეცდომა იყო, რომელთანაც კომუნიკაცია ვერ განხორციელდა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაეკისრა 222 904 ლარის ოდენობით, მათ შორის დღგ-ში 183 225 ლარი და საშემოსავლო გადასახადში 39 679 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2026 წლის №041-51 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 46 195.39 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე და 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლის გაანგარიშებისას შემოწმებამ გამოიყენა გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვებით განსაზღვრული ფასნამატი, კერძოდ: ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი საქონელი დაჯგუფდა შესაბამის კატეგორიებში (ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, ალკოჰოლური სასმელები და სხვა), გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება თითოეული ჯგუფის მიხედვით, რაზეც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიის სახეობის პროდუქტის საკონტროლო შესყიდვის შედეგად განსაზღვრული ფასნამატი. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და დეკლარირებული შემოსავალი შეუდარდა ერთმანეთს, გამოვლენილი სხვაობა განაწილდა სმფ-ის შეძენის პროპორციულად და შესაბამის პერიოდებში გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

შემოწმებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი გაიზარდა 49 669 ლარით, რაც ძირითადად გამოწვეული იყო შეძენილი სმფ-ების შესახებ (გაანგარიშებულია ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად) ინფორმაციის არასწორად ასახვით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102 (1); 105 (1,2) 269 (7).