ბრძანება N 15188

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.06.2023
№ დოკუმენტი 15188
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15188

29 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------,-------)

2023 წლის 24 აპრილის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 მაისის და 1 ივნისის სხდომებზე (ოქმი №54, ოქმი №59) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №80521/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №005-37 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს პროდუქციის შესაძენად გადახდილ თანხას, რაზეც შემოწმებას წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტები, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული. გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებას დამატებით დოკუმენტები/ინფორმაცია არ მოუთხოვია. ითხოვს აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ნოემბრის №29259 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 5 აპრილის №7479 ბრძანება და ამავე თარიღის №005-37 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 271 581 ლარი, მათ შორის, გადასახადი 138 868 ლარი, ჯარიმა 69 434 ლარი, საურავი 63 279 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამედიცინო მომსახურება (-------). შემოწმებისათვის წარმოდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისი, რომლის მონაცემებით, შემოწმების დასაწყისიდან დასრულებამდე გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მოთხოვნა თურქულ საწარმოსთან (-------) 431 742.5 ლარი. დირექტორის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით თურქული საწარმოს მხრიდან წარმოდგენილია 2022 წლის 11 ნოემბრით დათარიღებული წერილი, სადაც მითითებულია, რომ შპს „-------“ მიერ მათი კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხა 175 000 აშშ დოლარი (ჩარიცხვის დღისთვის აღნიშნული წარმოადგენს 431 742.5 ლარს), მაგრამ ქარხანაში არსებული პრობლემების გამო ვერ განხორციელდა საქონლის მიწოდება და აცხადებენ, რომ თუ ექვსი თვის განმავლობაში კიდევ ვერ მიაწვდიან, თანხას უკან დააბრუნებენ. მოცემულ წერილში არ არის მითითებული თუ რისთვის იქნა ეს თანხა მიღებული. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საბანკო ამონაწერი, რომლის თანახმად, გადარიცხვა განხორციელებულია 2018 წლის 26 თებერვალს და გადარიცხვის საფუძველში მითითებულია, გრანიტის შესაძენად გადახდილი საფასური. შემოწმების მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული გადარიცხვისთვის ბანკიდან აღებულია სესხი 200 000 აშშ დოლარი. ამასთან, მოთხოვნის მიუხედავად, გადასახადის გადამხდელს სხვა დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნდოვანია გადარიცხვის მიზნობრიობა, გადარიცხვიდან გასულია 5 წელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, შეცვლილი იქნა ოპერაციის კვალიფიკაცია და აღნიშნული დებიტორული დავალიანება განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საბაზრო საპროცენტო შემოსავალი ჩაითვალა სესხის მიმღები პირის სარგებლად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და 154-ე მუხლის თანახმად, დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981 −984 მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევის და სხვა გადახდების/განაცემების განხორციელების მომენტად ითვლება მათი ფაქტობრივად გაწევის/განხორციელების მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ 2018 წელს საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხა წარმოადგენს პროდუქციის შესაძენად გადახდილ თანხას, რაზეც შემოწმებას წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტები.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე და შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადამხდელს თანხა გადარიცხული აქვს 2018 წელს, რომელიც არ წარმოადგენს შესამოწმებელ პერიოდს (ხანდაზმული პერიოდია).

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-14 ნაწილის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, შემოწმებით გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებული თანხა საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულია 2018 წელს, აღნიშნული საფუძვლით საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილულ თანხაზე, მოგების გადასახადის დარიცხვა არამართლზომიერია.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამედიცინო მომსახურება. შემოწმებისათვის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მოთხოვნა თურქულ საწარმოსთან. დირექტორის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით თურქული საწარმოს მხრიდან წარმოდგენილია წერილი, სადაც მითითებულია, რომ შპს მიერ მათი კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხა თანხა, მაგრამ ქარხანაში არსებული პრობლემების გამო ვერ განხორციელდა საქონლის მიწოდება და აცხადებენ, რომ თუ ექვსი თვის განმავლობაში კიდევ ვერ მიაწვდიან, თანხას უკან დააბრუნებენ. მოცემულ წერილში არ არის მითითებული თუ რისთვის იქნა ეს თანხა მიღებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, შეცვლილი იქნა ოპერაციის კვალიფიკაცია და აღნიშნული დებიტორული დავალიანება განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ); 136(4); 101; 154; 275