ბრძანება N 5170
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5170
17.03.2023
--------------------ის (პ/ნ --------------------)
(ფაქტ. მის.: ქ. თბილისი, ---------------;
იურ. მის.: ქ. თბილისი, -----------------)
2023 წლის 20 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა --------------------ის (პ/ნ --------------------) №79196/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №EL200276 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL69050/364 (№001-364) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
მომჩივანი განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალება 2023 წლის - იანვარს შეიყვანა საბაჟო ტერმინალში და სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების გადავადების საფასური ვერ გადაიხადა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტებისა და მათ საფუძველზე დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის- თებერვალს -----------ემ მიმართა სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (შასის №-------------) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირების მიზნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის (№--------) საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (შასის № --------------) ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2022 წლის - ოქტომბერს და მისი გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 2022 წლის - დეკემბერი. 2023 წლის - იანვარს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება (№--------------) საბაჟო პროცედურის განსაზღვრამდე დროებით შენახვის მიზნით შეყვანილ იქნა საბაჟო ტერმინალში.
ვინაიდან ფიზიკური პირი ----------------ის მიერ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა აღნიშნული (შასის №--------) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება და მისი გამოცხადების/დეკლარირების ვადა იყო დარღვეული, გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტზე 2023 წლის -- თებერვალს შედგენილ იქნა №EL200276 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე, გამოცემულ იქნა №EL69050/364 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ----------ს დაერიცხა საურავი 65.2 ლარის ოდენობით.
იმავე დღეს, ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით (№69050/02394881) მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 60-დღიანი ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით, ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, დროებით შენახვის შემთხვევაში დეკლარირების 60-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მომჩივანი სატრანსპორტო საშუალებაზე დეკლარირების ვადის გაგრძელების მიზნით, ვალდებული იყო, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 60-დღიანი ვადის ამოწურვამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება განეთავსებინა საბაჟო საწყობში დროებით შენახვის მიზნით, ან აღნიშნული ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 30 დღისა სატრანსპორტო საშუალება წარედგინა გაფორმების ორგანოში დეკლარირების ვადის არა უმეტეს 30 კალენდარული დღით გაგრძელებისათვის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითართან ერთად, რაც არ განუხორციელებია.
დადგენილია, რომ ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით ჯარიმისა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის საურავის დაკისრება მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური ასვე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დადგენილი წესით, გადაიხადოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი საფასური და ამ საფასურის გადახდის შემდეგ, სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.--------------------ის (პ/ნ --------------------)) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დადგენილი წესით გადაიხადოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი საფასური და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3.ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი გათავისუფლდეს 2023 წლის 15 თებერვლის №EL200276 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე;
4.დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.