ბრძანება N 1888

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 03.02.2023
№ დოკუმენტი 1888
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1888

03.02.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 1 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №18554/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის №EL198777 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება არის დაზიანებული და იმყოფება სერვისცენტრში შესაკეთებლად. დეკლარირების ვადის ამოწურვამდე მიყვანილ იქნა ექსპერტი სატრანსპორტო საშუალების შესაფასებლად, თუმცა შეფასების დოკუმენტის ექსპერტისგან მიღება გახდა შეუძლებელი, რადგან ვერ მოხერხდა მასთან კომუნიკაცია. სატრანსპორტო საშუალების დეკლარირება შეძლო დეკლარირების ვადის გასვლის შემდომ და შედეგად დაჯარიმდა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა ირკვევა, რომ რომ 2023 წლის 31 იანვარს, შპს „----------“ (ს/ნ ----------) წარმომადგენელმა მიმართა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (შასის №„----------“; ----------) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, რის შემდეგაც შედგენილ იქნა დათვალიერების აქტი.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, მითითებული ავტომობილის ზოგადი დეკლარირება შპს „----------““ (ს/ნ ----------) მიერ განხორციელებული იყო 2022 წლის 1 ნოემბერს და დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2022 წლის 31 დეკემბერი.

ვინაიდან, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 31 იანვარს შედგენილ იქნა №EL198777 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის მონაცემებით, ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება 2023 წლის 31 იანვარს გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში შპს „----------“ (ს/ნ ----------) სახელზე.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 60-დღიანი ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით, ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, დროებით შენახვის შემთხვევაში დეკლარირების 60-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მომჩივანი სატრანსპორტო საშუალებაზე დეკლარირების ვადის გაგრძელების მიზნით, ვალდებული იყო, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 60-დღიანი ვადის ამოწურვამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება განეთავსებინა საბაჟო საწყობში დროებით შენახვის მიზნით, ან აღნიშნული ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 30 დღისა სატრანსპორტო საშუალება წარედგინა გაფორმების ორგანოში დეკლარირების ვადის არა უმეტეს 30 კალენდარული დღით გაგრძელებისათვის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითართან ერთად, რაც არ განუხორციელებია.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 31 იანვრის №EL198777 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.