გადაწყვეტილება №26767/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.04.2026
№ დოკუმენტი 26767/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26767/2/2026

01 აპრილი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 28.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26767/2/2026).

 

დავის საგანი:

1. სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2025 წლის №071-17 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.02.2026 წლის №2543 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

48 030,74 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 28 859,50

ჯარიმა - 14 430

საურავი - 4 741,24

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საერთაშორისო და ადგილობრივი სატვირთო გადაზიდვების მომსახურება. საერთაშორისო გადაზიდვას ახორციელებს ძირითადად თურქეთის ტერიტორიაზე. უფიქსირდება ასევე რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევაც. აუდიტის დეპარტამენტის 3.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 29.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შემოსავლის მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

საგადასახადო ორგანო მხოლოდ ნაწილობრივ დაეყრდნო გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ მონაცემებს. შემოწმების პროცესში ასევე დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები (მიღებული/გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო საზღვრის კვეთები).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა დამატებით სატრანსპორტო მომსახურებებს, რაზეც შესაბამისი წესით გამოწერილი ინვოისი ან/და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის, მათ შორის არც საბანკო ამონაწერებში ფიქსირდება ჩარიცხვები.

შესაბამისად, იმ სატრანსპორტო მომსახურებებზე, რომლებზეც გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შემოსავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, ღირებულება გაანგარიშდა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლისა და შესაბამისი საზღვრის კვეთების მიხედვით. აღნიშნული მეთოდის შესაბამისად გაანგარიშდა დამატებით განხორციელებული სატრანსპორტო გადაზიდვების შედეგად მიღებული ჯამური შემოსავალი. ვინაიდან, ბუღალტრულ პროგრამაში (ორისი), შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯები აქვს ჩამოწერილი (რაც ასევე დადასტურებულია დოკუმენტურად), დამატებით გამოვლენილი შემოსავლიდან, გამოქვითულ იქნა საწვავის ხარჯი სწორედ იმ პროპორციით, რაც გადამხდელის მიერ არის დაფიქსირებული. გარდა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა, გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულად უფიქსირდება დებიტორული და კრედიტორული ნაშთები.

შედარების აქტებით აღნიშნულ პირებთან და გამოვლინდა გარკვეული სხვაობები, რამაც ასევე მოახდინა გავლენა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზზე და რამაც გაზარდა შემოსავალი. ყოველივე ზემოაღნიშნულის და საგადასახადო კოდექსის 73-ე, 49-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად მიღებული სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2025 წლის №071-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსხურში. შემოსავლების სამსახურის 6.02.2026 წლის №2543 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ სატრანსპორტო რეისების რაოდენობის და მიღებული შემოსავლის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოითხოვოს გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების/დაქირავებული პირების (მძღოლების) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში შემოსავალი დეკლარირებულია სრულად. ბუღალტრულ პროგრამაშიც გაშიფრული იყო საწარმოს მფლობელობაში არსებული მანქანების რეისების რაოდენობა და რეისებიდან შემოსავალი. საბაჟოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საზღვრის კვეთების შესახებ, რომელიც არ მიუღია, გადაამისამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა ინფორმაცია დღემდე არავის მიუწოდებია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილი ინფორმაციით შეეცადა აღედგინა იმ რეისების მოძრაობის მიმართულება, რაც ასე ვთქვათ გამორჩენილი იყო ბუღალტერიაში და შესაბამისად, წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში. აღმოჩნდა, რომ 2023 წლის 9-11 დეკემბერს მძღოლი ---- მანქანის სახელმწიფო ნომერი --- შემოვიდა საბაჟოზე და როგორც გაირკვა ტვირთი იყო სანქცირებული, რის გამოც დაბრუნდა უკან, ხოლო შემოსვლა და გასვლა ორჯერ დაფიქსირდა. არ ეთანხმება დამატებულ რეისებზე თურქეთის მიმართულებით გამოყენებულ ფასებს. ერთი და იგივე მანქანით, გამოყენებულია განსხვავებული ფასი. როგორც აუდიტორმა შემოსავლების სამსახურში დავის განხილვისას განმარტა, იგი დაეყრდნო საზღვრის კვეთის შესვლისა და გასვლის დროს, რაც დიდი უსამართლობაა, რადგან საზღვარზე შემოსვლისა და გასვლის დროზე მარტო მანძილი არ მოქმედებს, არის სხვა ფაქტორებიც, რომელიც მასზე მოქმედებს, მთავარი ისაა, რომ ძირითადად მანქანები თურქეთიდან ეზიდებოდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, რომელსაც ძირითადად მომჩივანი ეზიდებოდა ხოფასა და ტრაპიზონს შორის დასახლებული პუნქტებიდან. ასევე ხშირად იყო საწყობებში დაყოვნება, ზოგჯერ რამდენიმე დღეც კი უწევს მანქანებს დატვირთვისათვის თურქეთის რესპუბლიკაში დგომა. ავტოპარკის სიძველის გამო საკმაოდ ხშირია ავტომანქანის გაუმართაობის გამო დაყოვნება და საზღვარზე შემოსვლისას სატვირთოების რიგები. ცდილობს თურქეთის მხარეს მოიპოვოს იმ რეისების დატვირთვის ადგილები, რისთვისაც შემოსავლების სამსახურმა განსაზღვრა 15 კალენდარული დღე. თუმცა, ამ ვადაში ვერ შეძლებს ინფორმაციის მოპოვებას, საჭირო დოკუმენტების მიღებისთანავე ამ ინფორმაციას საბჭოს. გაცნობიერებული აქვს შეცდომა და ყველანაირად ეცდება დაფაროს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების ძირითადი თანხა. მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში. შემოსავლების სამსახურის 6.02.2026 წლის №2543 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოითხოვოს გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების/დაქირავებული პირების (მძღოლების) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 6.02.2026 წლის №2543 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მომჩივანი ასევე ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში. შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით, გადასახადის გადამხდელს სანქციებისგან გათავისუფლების საკითხი არ დაუყენებია. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საერთაშორისო და ადგილობრივი სატვირთო გადაზიდვების მომსახურება. შემოწმება ნაწილობრივ დაეყრდნო გადამხდელის ბუღალტრულ მონაცემებს. შემოწმების მიერ ასევე დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები (მიღებული/გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო საზღვრის კვეთები).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოირკვა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა დამატებით სატრანსპორტო მომსახურებებს, რაზეც შესაბამისი წესით გამოწერილი ინვოისი ან/და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი შემოწმებისათვის წარმოდგენილი არ არის, მათ შორის არც საბანკო ამონაწერებში ფიქსირდება ჩარიცხვები. შესაბამისად, იმ სატრანსპორტო მომსახურებებზე, რომლებზეც გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შემოსავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, ღირებულება გაანგარიშდა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლისა და შესაბამისი საზღვრის კვეთების მიხედვით. აღნიშნული მეთოდის შესაბამისად გაანგარიშდა დამატებით განხორციელებული სატრანსპორტო გადაზიდვების შედეგად მიღებული ჯამური შემოსავალი.

შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა შედარების აქტები და გამოვლინდა გარკვეული სხვაობები, რამაც ასევე მოახდინა გავლენა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზზე და გაიზარდა შემოსავალი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომზადდა ფულის მოძრაობის ანალიზი და შემოწმებით მიღებული სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის №2543 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით, გადასახადის გადამხდელს სანქციებისგან გათავისუფლების საკითხი არ დაუყენებია. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1).