გადაწყვეტილება №19963/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.09.2023
№ დოკუმენტი 19963/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19963/2/2023

22 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 14.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19963/2/2023).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის №084-10 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12120 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 33 701 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 21 418

დღგ - 8 559

საშემოსავლო გადასახადი -12 859

ჯარიმა - 10 608

საურავი - 1 675

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, იჯარით აღებულ ფართში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 20.01.2022 წლიდან 1.10.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 7 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის 8 დეკემბრის №31061 ბრძანება და 9.12.2022 წლის №084-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12120 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა

ფაქტების აღწერა

კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 20 იანვარს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია იმავე დღეს. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. შემოწმების პროცესში, შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 სექტემბრის №24769 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტებზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ინვენტარიზაციით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებისა და შეძენების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კატეგორიების მიხედვით, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი.

შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა (გაიზარდა) კომპანიის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აგრეთვე, მიღებული ფულადი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი იზიარებს შემმოწმებლის პოზიციას იმ კუთხით, რომ ფასნამატის დასადგენად გამოყენებული იქნას საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის მიხედვითაც კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მაგრამ ვერ გაიზიარებს შემმოწმებლის მიერ ფასნამატის გამოთვლისა და გავრცელების პროცესუალურ წესს.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გაავრცელა მთელ შესამოწმებელ პერიოდზე, რომელიც მოიცავს 1.01.2019 წლიდან 1.11.2022 წლამდე (რეალურად კომპანია სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა რამდენიმე თვიანი პერიოდით 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე) პერიოდს ერთჯერადი გამოთვლის პრინციპით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-5 ნაწილს.

სწორი და სამართლებრივად მისაღები იქნებოდა, რომ ფასნამატი გამოთვლილიყო ყველა თვეზე ინდივიდუალური გამოთვლით და არა 20%-იანი ერთჯერადი საერთო ფასნამატით. ყოველ ინდივიდუალურ პერიოდზე იქნებოდა სხვადასხვა პროცენტული ფასნამატი, რომლებიდანაც გამოითვლებოდა მთელი პერიოდის საშუალო ფასნამატი და 20%-იანი მარჟა შემცირდებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმე გვაქვს ხელოვნურად გაზრდილ ფასნამატთან და ობიექტურად მისი სწორად გამოთვლა პირდაპირ სამართლებრივ ხასიათს ატარებს, რათა თავიდან ავიცილოთ, როგორც საგადასახადო კოდექსის 18-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ასევე საქართველოს ზოგად-ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლთან წინააღმდეგობაში მოსვლა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა გარემოება გამოიკვლიოს დეტალურად და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაბამისად საკითხის შესწავლა უნდა მოხდეს უფრო დეტალურად და ამის შემდეგ განისაზღვროს კონკრეტული შედეგები და არა ზედაპირული გამოთვლებით. ამავდროულად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კომპანიის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა და სამეწარმეო საქმიანობის საწყის ეტაპზე და პირველ თვეებში ფასნამატი იქნებოდა 20%-ზე ბევრად ნაკლები და ეს პროცესი არ საჭიროებს არანაირი სახის მტკიცებას, იმიტომ რომ პრაქტიკულად ნებისმიერ საცალო ვაჭრობით დაკავებული მარკეტი, თუ სავაჭრო ცენტრი პერიოდულად ვითარდება და დაწყებიდანვე იმავე მოგებას ვერ აფიქსირებს რასაც პერიოდული პროგრესირებით, შესაბამისად ეს გარემოებაც ეწინააღმდეგება არსობრივად იმ მოცემულობას, რომ თითქმის 1 წლიან სამეწარმეო პერიოდზე გავრცელდეს ერთი და იმავე საშუალო პროცენტული ფასნამატი 20%-ის სახით.

მომჩივანი ითხოვს რეალური საშუალო ფასნამატის გამოთვლის პროცესის დეტალურად გავლას და ობიექტური გადასახადის დადებას, რასაც ამავდროულად მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი.

თუკი დეტალური მოკვლევის შემდეგ შეიცვლება საშუალო ფასნამატი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად მოთხოვნაა მოცემული მუხლის ფარგლებში და ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და ახალი, ფაქტების გამოკვლევით/კონსტატაციით დასაბუთებულ საგადასახადო მოთხოვნის გამოცემას.

ერთის მხრივ, გასაგებია შემმოწმებლის პოზიცია და სურვილები, მაგრამ მეორეს მხრივ, მოცემულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გააჩნია ისეთი მტკიცებულებები და ნორმატიული მასალა, რომელიც ქმნის მათი პოზიციის სისწორეს და აქვს სრული სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მოითხოვოს მათი პოზიციის გაზიარება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. კომპანიის კუთვნილ ობიექტებზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და ინვენტარიზაციის მიერ წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებისა და შეძენების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კატეგორიების მიხედვით, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი. შედეგად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო მიღებული ფულადი შემოსავალი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივანი ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას, მაგრამ სადავოდ ხდის შემოწმებით გამოყენებული ფასნამატის ოდენობას, თუმცა არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საქმე აქვს ხელოვნურად გაზრდილ ფასნამატთან და ობიექტურად მისი სწორად გამოთვლა პირდაპირ სამართლებრივ ხასიათს ატარებს, გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის საქმიანობის საწყის ეტაპზე და პირველ თვეებში ფასნამატი იქნებოდა 20%-ზე ბევრად ნაკლები და ითხოვს რეალური საშუალო ფასნამატის გამოთვლის პროცესის დეტალურად გავლას და ობიექტური გადასახადის დადებას, მაგრამ არ წარმოადგენს ინფორმაციას რამდენს წარმოადგენს მისი პოზიციით რეალური ფასნამატი და რა გაანგარიშების საფუძველზე, მით უმეტეს, რომ შემოწმებით გამოყენებული ფასნამატი განსაზღვრულია გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით. ამდენად, მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 10 608 ლარი და საურავი 1 675.21 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას სამეწარმეო საქმიანობა აქვს ახალდაწყებული, მიუხედავად იმისა რომ კომპანია 2019 წელს დაფუძნდა, ის ამოქმედდა რამდენიმე თვეა, რაზეც მეტყველებს მისი ბრუნვა, რომელიც გახლავთ 439 366.65 ლარი, რაც გახლავთ რეალურად ძალიან ცოტა. შესაბამისად, მეწარმე გახლავთ დამწყები, პერიოდულად იღებს და იღრმავებს გამოცდილება/ცოდნას, აქედან გამომდინარე, მან გაუფრთხილებლობით დაუშვა შეცდომა და არა განზრახვით, იმიტომ რომ დეტალურად არ/ვერ იყო ინფორმირებული მთელ საგადასახადო და ბუღალტრულ სისტემაზე, შესაბამისად ფიქრობს, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი ზუსტად იდენტურ შემთხვევებში პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას ითვალისწინებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობიდან, არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ გახლდათ ახალი/გამოუცდელი და არ ცოდნის გამო ქონდა ხარვეზები, ისევ ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე უნდა ეპატიოს არ ცოდნის შედეგად დაკისრებული საგადასახადო ვალდებულება, ხოლო რაც შეეხება სამომავლო ფუნქციონირებას, სამეწარმეო საქმიანობას, კომპანია იქნება მაქსიმალურად ორგანიზებული და კეთილსინდისიერი დაკისრებულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში, გამოასწორებს ბუღალტრულად აღრიცხვის ნიუანსებსაც და მაქსიმალურად აღკვეთს მსგავსი შედეგის დადგომის შესაძლებლობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ იზიარებს შემმოწმებლის მიერ ფასნამატის გამოთვლისა და გავრცელების პროცესუალურ წესს,მომჩივანი ითხოვს რეალური საშუალო ფასნამატის გამოთვლის პროცესის დეტალურად გავლას და ობიექტური გადასახადის დადებას

2.მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ინვენტარიზაციით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებისა და შეძენების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კატეგორიების მიხედვით, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი.

შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა (გაიზარდა) კომპანიის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აგრეთვე, მიღებული ფულადი შემოსავალი,ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,136,154,158,159,163,164,269(7).