ბრძანება N 5498

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.03.2024
№ დოკუმენტი 5498
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5498

13 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 27 იანვრის

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №87243/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №083-56 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:

1. სალაროში არსებულ ფულის ნაშთთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ შემოწმებას მიაწოდა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც ფულის ნაშთი შემოწმების ეტაპზე განხილულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ სესხად და გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებას არ ჰქონდა კვალიფიკაციის შეცვლისა და თანხების დამატებით დარიცხვის უფლება.

2. განმარტავს, რომ შემოწმებამ სათანადოდ არ შეისწავლა საკონტროლო-სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდის ფისკალური მონაცემები, გაითვალისწინა მხოლოდ შეცდომით ამორტყმული ჩეკები და არა თანხის დუბლირებები.

3. აღნიშნავს, რომ შემოწმებამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და დასაბეგრი ბრუნვიდან სრულად არ ამოიღო გათავისუფლებული საქონლის (მაგ. სამედიცინო პირბადე) რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები. აგრეთვე, ბუღალტრულ პროგრამაში არასწორად აღირიცხებოდა შემოსავლები, კერძოდ, უნაღდო ანგარიშსწორებები, პროგრამული ხარვეზის გამო, შეცდომით აისახებოდა როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა, თუმცა აღნიშნული არ გაითვალისწინა შემოწმებამ.

4. მომჩივანი განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის ფასნამატმა შემოწმების გაანგარიშებით შეადგინა 50%, რაც კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არარეალურია და აღნიშნული დასტურდება, როგორც საკონტროლო შესყიდვის მონაცემებით, ასევე, დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატით. მომჩივანი ითხოვს, რომ ფასნამატის დადგენისას შემოწმებამ იხელმძღვანელოს კომპანიის მიერ დოკუმენტურად რეალიზებულ საქონელზე დაფიქსირებული ფასნამატით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 აპრილის №7514 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ოქტომბრის №083-34 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 10 და 14 ნოემბრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----ს“ (ს/ნ ----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის საკონტროლო-სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდების ფისკალური ამონაწერი (თანხების შესაძლო დუბლირების გათვალისწინებით) და დაადგინოს, ხომ არ არის რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სალაროში ფულადი სახსრების მოძრაობა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლომატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამის მონაცემების, საბანკო ანგარიშის ამონაწერის, საგადასახადო დოკუმენტების და საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგენილი შემოსავლები გადაანაწილოს გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ისე დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციების პროპორციულად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 აპრილის №7514 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 25 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ -172 929 ლარით, მათ შორის გადასახადი შემცირდა 117 097 ლარით და ჯარიმა 55 832 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 29 დეკემბრის №083-56 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 საკონტროლო-სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდების ფისკალური ამონაწერის შესწავლით (14.12.2019, 06.03.2020, 29.10.2020, 21.11.2020, 11.08.2021, 31.12.2021, 10.01.2022 თარიღებში) დადგინდა რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის, შესაბამისად, სალაროს ნაშთმა განიცადა კორექტირება და შემცირდა 163423,30 ლარით. გადასახადის გადამხდელის ერთ-ერთი არგუმენტის (გონივრული ნაშთის გაანგარიშებაში საკასო შემოსავალსა და ხარჯებში არ იქნა გათვალისწინებული დამატებით გაზრდილი შემოსავალი, რომელიც ჩაითვალა ნაღდი ფულით გაცემულ ხელფასად) და საკონტროლო-სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდების ფისკალური ამონაწერის კორექტირებული თანხების გათვალისწინებით სალაროს ნაშთმა განიცადა კორექტირება.

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებულია „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით, „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება ჩამოყალიბდა განსხვავებული სახით. აღნიშნული მითითების მიხედვით პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის არაგონივრული ნაშთის მიმართ. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი. ვინაიდან სალაროში ნაღდი ფულის შესახებ განახლებული მეთოდური მითითების მიხედვით, საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის არაგონივრული ნაშთის მიმართ, უპროცენტო სესხად განხილულ თანხებთან დაკავშირებით მოგების და საშემოსავლო გადასახადებში დარიცხული თანხები დაექვემდებარა სრულად შემცირებას, ხოლო 2022 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდის არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასად და აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 სასაქონლო-მატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამის მონაცემების და საგადასახადო დოკუმენტების შესწავლით დადგინდა, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის ნაწილი დაბეგრილი იყო დღგ-ით. შესაბამისად კორექტირება განიცადა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვებმა. საკონტროლო-სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდების ფისკალური ამონაწერის კორექტირების შედეგად ასევე კორექტირება განიცადა პირველად სააღრიცხვო მონაცემებთან შედარებით შემოწმებით განსაზღვრულმა ბრუნვების ნამეტმა და დირექტორზე ხელფასის სახით გადახდილმა თანხამ. შესაბამისად, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების საფუძველზე, სალაროს არაგონივრული ნაშთები შესაბამის თვეებში ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით. ამასთან, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას აღნიშნული გადაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დირექტორზე გაცემული სესხის ხელფასად გადაკვალიფიცირება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 აპრილის №7514 ბრძანებით არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისათვის.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სალაროში არსებულ ფულის ნაშთთან დაკავშირებით შემოწმებას მიაწოდა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც ფულის ნაშთი შემოწმების ეტაპზე განხილულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ სესხად და გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებას არ ჰქონდა კვალიფიკაციის შეცვლისა და თანხების დამატებით დარიცხვის უფლება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 აპრილის №7514 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის ნაცვლად, ხელფასად გადაკვალიფიცირების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

 

მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, საკონტროლო-სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდების ფისკალური ამონაწერის შესწავლით დადგინდა რადიკალური გადახრა/განსხვავება დღის საშუალო ნავაჭრებს შორის, შესაბამისად, სალაროს ნაშთმა განიცადა კორექტირება და შემცირდა 163 423,30 ლარით.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამის მონაცემების და საგადასახადო დოკუმენტების შესწავლით დადგინდა, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის ნაწილი დაბეგრილი იყო დღგ-ით. შესაბამისად კორექტირება განიცადა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვებმა. ამასთან, შემოსავლების სასმახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ცხრილების საფუძველზე, სადაც გამიჯნული იყო დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. სამედიცინო პირბადეების ნაწილი გადაანგარიშებით დღგ-ით არ არის დაბეგრილი. სასაქონლო მატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამაში ასახული პირბადეების ნაწილი დაბეგრილია დღგ-ით, რადგან ვერ დგინდება აღნიშნული პირბადეების სეს ესნ კოდები, ხოლო შესყიდვის საგადასახადო დოკუმენტებში ასახული პირბადეები მომწოდებელ საწარმოებს დაბეგრილი აქვთ დღგ-ით, შესაბამისად, ასეთი საქონელი ვერ ჩაითვალა დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონლად. ანალოგიურად სხვა საქონელი, რომელიც მომწოდებელ საწარმოს და თავად შპს „---ს“ დაბეგრილი ჰქონდა დღგ-ით, შესაფერისი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ვერ ჩაითვალა დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონლად. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის დროს წარმოდგენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამის მონაცემებით, რომელსაც დაეყრდნო აუდიტორი, უტყუარად დასტურდება შემოწმებით დადგენილი შემოსავალი.

განსახილველ საჩივარს არ ახლავს სააღრიცხვო პროგრამაში ასახული არასანდო მონაცემების აღწერა და ხარვეზების გამომწვევი მიზეზების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

მე-4 სადავო დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი საკითხი, რომელიც გადასახადის გადამხდელს გასაჩივრების პირველ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 აპრილის №7514 ბრძანებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის ნაცვლად, ხელფასად გადაკვალიფიცირების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 აპრილის №7514 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 25 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ -172 929 ლარით, მათ შორის გადასახადი შემცირდა 117 097 ლარით და ჯარიმა 55 832 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 29 დეკემბრის №083-56 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 9); 982; 101; 154; 304 21.