ბრძანება № 30344

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.12.2023
№ დოკუმენტი 30344
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 30344

05 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 18 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ ----------) №21240/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №002-238 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მაგრამ არგუმენტები/მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ივლისის №16801 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 ოქტომბრის №25111 ბრძანება და 11 ოქტომბრის №002-238 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა 78 048 ლარი, მათ შორის, გადასახადი 45 222 ლარი, ჯარიმა 22 551 ლარი, საურავი 10 275 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 20 თებერვალს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2018 წლის 21 თებერვალს. კომპანიის ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს საკონდიტრო ნაწარმით საცალო ვაჭრობა. საქმიანობის განხორციელების ადგილს წარმოადგენს ----------, -----------. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 18 ივლისს ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ შპს „----------“ 2023 წლის 18 ივლისის მდგომარეობით შეჩერებული აქვს ეკონომიკური საქმიანობა და, შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნია. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ არის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმების მიერ ვერ დაიდენტიფიცირდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი. საცალოდ რეალიზებული საკონდიტრო ნაწარმის თვითღირებულებაზე გამოყენებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატები, ხოლო დანარჩენ კატეგორიებზე, სადაც არ ფიქსირდებოდა საცალო რეალიზაცია, გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატები. შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი რედაქციის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების დასათვლელად გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გაწეული ხარჯი განისაზღვრა საბანკო ამონაწერებისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით გადახდილი თანხებით. განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა. გადასახადის გადამხდელთან 2023 წლის 11 ივლისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და სალაროში არ ფიქსირდება მიწოდების შედეგად მისაღები/მიღებული თანხები, აღნიშნული ოპერაციით მიღებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, კერძოდ, მიღებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „----------“ უფიქსირდება არაეკონომიკური ხარჯების გაწევა, შეძენილი აქვს პირადი მოხმარების საქონელი. გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები აღნიშნული პროდუქციის შეძენისას. შემოწმებით მიღებული ჩათვლები გაუქმდა, შედეგად დარიცხული იქნა დამატებული ღირებულების გადასახადი და გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ არის მითითებული სადავო საკითხები. გადამხდელს 2023 წლის 8 ნოემბერს გაეგზავნა №--------- წერილი, რათა დაეზუსტებინა საჩივარი და მიეთითებინა სადავო საკითხები. წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, თუმცა შემოსავლების სამსახურში დაზუსტებული საჩივარი არ წარმოუდგენია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მაგრამ არგუმენტები/მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 20 თებერვალს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2018 წლის 21 თებერვალს. კომპანიის ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს საკონდიტრო ნაწარმით საცალო ვაჭრობა. ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგინდა, რომ შპს-ს 2023 წლის 18 ივლისის მდგომარეობით შეჩერებული აქვს ეკონომიკური საქმიანობა და, შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნია. შემოწმებამ, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

შემოწმების მიერ, მიღებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს უფიქსირდება არაეკონომიკური ხარჯების გაწევა, გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები აღნიშნული პროდუქციის შეძენისას. შემოწმებით მიღებული ჩათვლები გაუქმდა, შედეგად დარიცხული იქნა დამატებული ღირებულების გადასახადი და გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა .

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:136(3);49(1);43(4);