ბრძანება N 3966

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.02.2024
№ დოკუმენტი 3966
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3966

23 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,------”-ის (ს/ნ ------------)

(მის.: -----------------------------)

2024 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა შპს ,,------”-ის (ს/ნ -----------) №87219/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №021-116 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გაანგარიშებული ფასნამატით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას. განმარტავს, რომ ხშირია საწარმოს მიერ პროდუქციის რეალიზაცია მინუსიანი ფასნამატით, რაც ზოგიერთ შემთხვევაში იმპორტირებული პროდუქციის დეფექტურობით არის გამოწვეული. შემოწმების მიერ ფასნამატის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული აღნიშნული ტიპის რეალიზაციები, ასევე, არ არის გათვალისწინებული მასალის დაჭრის დროს არსებული დანაკარგები (1-2%). პირი ითხოვს აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის №18493 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,------”-ის (ს/ნ -----------) კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 13 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33001 ბრძანება და ამავე თარიღის №021-116 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 151 772 ლარი, მათ შორის გადასახადი 92 074 ლარი, ჯარიმა 27 389 ლარი, საურავი 32 309 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანია ადგილობრივ ბაზარზე თუნუქის სახურავის რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის შეძენას ახორციელებს ძირითადად ჩინეთიდან იმპორტის სასაქონლო ოპერაციებით. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გააჩნია ადგილობრივი შეძენა 4,8%-ის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს შემოწმებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია-დოკუმენტაცია, მათ შორის, ელექტრონული ბუღალტრული პროგრამა „ორისი", ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, საქონლის შეძენის ინვოისები და სხვა სახის გაანგარიშებები. აღნიშნულის ანალიზის თანახმად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას და რეალიზაციას ახორციელებს კილოგრამებში. ამასთანავე, აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს, რომლის შესაბამისადაც, შემოწმების მიერ შეუძლებელი აღმოჩნდა საგადასახადო ვალდებულებების სრული გაანალიზება, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულადაა აღრიცხული საქონლის რეალიზაციები, ამასთანავე გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ რეალიზაციებზე სრულად არაა განხორციელებული საქონლის ჩამოწერები, ასევე, რიგ შემთხვევებში ბუღალტრულ პროგრამაში ჩამოწერილია სასაქონლომატერიალური ფასეულობები თვითღირებულებით (რამდენიმე შემთხვევაში ათეულობით ტონა), ხოლო, აღნიშნული ჩამოწერების შესაბამისი რეალიზაციები ბუღალტრულ პროგრამაში ასახული არაა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გასაყიდად უვარგისი საქონლის ჩამოწერის მიზნით გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურისათვის არ მიუმართავს განცხადებით.

ამასთანავე, შემოწმების დაწყებამდ 2022 წლის 5 ოქტომბრის #25376 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის პროცედურა-სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა" ქვეპუნქტის, 49-ე და 136-ე მუხლების მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით.

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. აღნიშნულის ანალიზის თანახმად დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები 25%. შემოწმების მიერ, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გაანგარიშდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდების დეკლარირებული ბრუნვებიდან დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების გაანგარიშება, შესაბამისი პერიოდების დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი, რეალიზებული და ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ანალიზის მიხედვით დგინდება, რომ ინვენტარიზაციამდე პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემცირებულია დეკლარირებული ბრუნვები. ინვენტარიზაციის შემდგომ პერიოდზე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თარიღამდე, შემოწმების მიერ განხორციელდა შესაბამისი პერიოდი დოკუმენტური ფასნამატისა და შეძენა-რეალიზაციის ანალიზი, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები კორექტირებას არ დაექვემდებარა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციამდე პერიოდზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წინა საანგარიშო პერიოდების დაუდეკლარირებელ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე, შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, საშუალო 10.2%-ის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს, რომლის მიხედვით შემოწმების მიერ შეუძლებელი აღმოჩნდა საგადასახადო ვალდებულებების სრული გაანალიზება, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულადაა აღრიცხული საქონლის რეალიზაციები, ამასთანავე აღნიშნულ რეალიზაციებზე სრულად არ არის განხორციელებული საქონლის ჩამოწერები, ასევე რიგ შემთხვევებში ბუღალტრულ პროგრამაში ჩამოწერილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები თვითღირებულებით (რამდენიმე შემთხვევაში ათეულობით ტონა), ხოლო აღნიშნული ჩამოწერების შესაბამისი რეალიზაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში არ ფიქსირდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით.

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდების დეკლარირებული ბრუნვებიდან დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების გაანგარიშება, შესაბამისი პერიოდების დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნულ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი, რეალიზებული და ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ანალიზის თანახმად დგინდება, რომ ინვენტარიზაციამდე პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემცირებულია დეკლარირებული ბრუნვები. ხოლო, ინვენტარიზაციის შემდგომ პერიოდზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თარიღამდე შემოწმების მიერ განხორციელდა შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური ფასნამატისა და შეძენა-რეალიზაციის ანალიზი, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები კორექტირებას არ დაექვემდებარა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციამდე პერიოდზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წინა საანგარიშო პერიოდების დაუდეკლარირებელ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე გავრცელდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, საშუალო 10.2%-ის ოდენობით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და გადასახადის დარიცხვა.

იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამეტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების მიერ მოხდა მინუსიანი ფასნამატის გათვალისწინება დოკუმენტური რეალიზაციის ნაწილში, ხოლო დანაკარგებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ ყოფილა მიწოდებული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,------”-ის (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გაანგარიშებული ფასნამატით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას. ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №18493 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა №33001 ბრძანება და №021-116 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 151 772 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება,რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულადაა აღრიცხული საქონლის რეალიზაციები, ამასთანავე გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ რეალიზაციებზე სრულად არაა განხორციელებული საქონლის ჩამოწერები, ასევე, რიგ შემთხვევებში ბუღალტრულ პროგრამაში ჩამოწერილია სასაქონლომატერიალური ფასეულობები თვითღირებულებით (რამდენიმე შემთხვევაში ათეულობით ტონა), ხოლო, აღნიშნული ჩამოწერების შესაბამისი რეალიზაციები ბუღალტრულ პროგრამაში ასახული არაა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გასაყიდად უვარგისი საქონლის ჩამოწერის მიზნით გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურისათვის არ მიუმართავს განცხადებით.ამასთანავე, შემოწმების დაწყებამდ 2022 წლის 5 ოქტომბრის #25376 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის პროცედურა-სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა" ქვეპუნქტის, 49-ე და 136-ე მუხლების მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით.

ასევე,შემოწმების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციამდე პერიოდზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წინა საანგარიშო პერიოდების დაუდეკლარირებელ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე, შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, საშუალო 10.2%-ის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,,ა“); 159(1 ,,ა“. ,,ბ“); 163(1,2); 164(1);