გადაწყვეტილება №27516/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27516/2/2026
30 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 6.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27516/2/2026).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი;
2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის .2.04.2026 წლის №039-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.05.2026 წლის №10525 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 92 976.42 ლარი
მათ შორის:
გადასახადი - 60 390.00
დღგ -30 199.00
საშემოსავლო გადასახადი - 30 191.00
ჯარიმა - 30 194.00
საურავი - 2 392.42
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმლით, ასევე ფეხსაცმლით ვაჭრობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 7.04.2025 წლიდან 1.03.2026 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 30 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 აპრილის №7685 ბრძანება და №039-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.05.2026 წლის №10525 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესწავლა-ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები (შესაბამისად შეუძლებელია მყიდველის იდენტიფიცირება). ასევე, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება შეძენის დამადასტურებელი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები. სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენას (2025 წლის აგვისტოდან) სრულად ახორციელებს იმპორტის გზით ---დან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, კერძოდ, საბაჟო დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის იმპორტისას, რიგ შემთხვევაში ხორციელდება საქონლის ღირებულების აფასება. საქონლის რეალიზაციის 100% შეადგენს დოკუმენტის გარეშე (საცალოდ) რეალიზაციას. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს და სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერა არ ხორციელდება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. შემოწმების მიერ, საცალო რეალიზაციის დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და საბაჟო დეკლარაციების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილია ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ასევე, სხვადასხვა საქონელი (ქოლგა, საფულე, ჩანთა). ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 25 თებერვლის №4266 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, თუმცა, ვინაიდან, ვერ დადგინდა კომპანიის დირექტორის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, ვერც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მდებარეობა, ვერ მოხერხდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 25 თებერვლის №4266 ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი დადგინდა ნული ლარი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა დასაბეგრი ბრუნვა, კერძოდ, დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები სახეობების მიხედვით და დადგინდა აღნიშნული მარაგის თვითღირებულება. შესაბამისად, აუდირებული ფასნამატის (საშუალოდ 53%) გათვალისწინებით, გაანგარიშდა სახეობების მიხედვით რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები და დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი, შესამოწმებელ პერიოდში, გადანაწილდა შეძენების პროპორციულად.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა (საბანკო ანგარიშის ამონაწერი) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებამ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და შესაბამისად, შემოსავლის ზრდა. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 16 თებერვლის №3359 ბრძანების თანახმად, 2026 წლის 23 თებერვალს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია, საბანკო ანგარიშებზე რიცხული ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში ნულის ტოლია, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არის 17 ლარი. შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთი (საკასო შემოსავლის 10%-ის გათვალისწინებით), რომლის კომპანიაში არსებობა არ დასტურდებოდა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, შემოწმების მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმებით ფასნამატი გავრცელდა საქონლის თვითღირებულებაზე (საინვოისო ღირებულების გათვალისწინებით). რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას მისივე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის განმარტების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ გააჩნია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის. შემმოწმებლის მიერ, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ, კერძოდ, აღებულ იქნა სხვა, მსგავსი კომპანიის მიერ მიღებული ბრუნვები. დღემდე არის უცნობი რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მათი იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ.. შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე, აღნიშნული ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.
მიუთითებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მისი დოკუმენტალური ფასნამატი.
ასევე აღნიშნავს, რომ არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად შპს „-------“-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. თუ ერთი და იგივე პერიოდში, ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას, ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასანამატი. არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება, სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%-ს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების პროცესში, ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
როგორც აღნიშნა, არასწორად იქნა გაანგარიშებული კომპანიის ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა, ასევე, არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ „აგროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესწავლა-ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს არც გამოწერილი და არც მიღებული შეძენის დამადასტურებელი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები. სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენას სრულად ახორციელებს იმპორტის გზით ------დან. საქონლის რეალიზაციის 100% შეადგენს დოკუმენტის გარეშე (საცალოდ) რეალიზაციას. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა არ ხორციელდება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 25 თებერვლის №4266 ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების ჩატარების შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი დადგინდა ნული ლარი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა დასაბეგრი ბრუნვა, კერძოდ, დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სახეობების მიხედვით და დადგინდა აღნიშნული მარაგის თვითღირებულება. შედეგად, აუდირებული ფასნამატის (საშუალოდ 53%) გათვალისწინებით გაანგარიშდა, სახეობების მიხედვით, რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები და დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი, შესამოწმებელ პერიოდში, გადანაწილდა შეძენების პროპორციულად. ამასთან, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ფასნამატის ოდენობას, შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას და წარმოადგენს არგუმენტებს, რომელიც შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურია. კერძოდ აღნიშნავს, რომ ფასნამატის გამოყენება, იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, დაუშვებელია, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ იქნა აღებული შემმოწმებლის მიერ სხვა კომპანიის ფასნამატი და არა საცალო რეალიზაციაზე მისი დოკუმენტალური ფასნამატი, რომ არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული (26%, 12%). ასევე აღნიშნავს, რომ არასწორად გაანგარიშებულმა ფასნამატმა განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. არასწორად მიაჩნია ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ „აგროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, შემოწმების მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტება, რომ შემოწმებით ფასნამატი გავრცელდა საქონლის თვითღირებულებაზე (საინვოისო ღირებულების გათვალისწინებით). ხოლო, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, მისივე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვერ იქნა გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის განმარტების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ გააჩნია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის ეტაპზე არ წარუდგენია და მომჩივანი არც ამჟამად მიუთითებს რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით და რა ნაწილში მიიჩნევს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არამართლზომიერად, ამასთან არც დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს ისეთ არგუმენტებს ან/და მტკიცებულებებს, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება მართლზომიერია. ასევე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა ასევე მართლზომიერია.
საბჭო ასევე მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისათვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზმოერად.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი;
2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 7.04.2025 წლიდან 1.03.2026 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №7685 ბრძანება და №039-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №10525 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1„ა“); 158(1); 159(1„ა“); 163(1.2); 164(1);