ბრძანება N 4611
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4611
01 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 15 მაისის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 ნოემბრის №20718/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 15 მაისის №80973/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №006-134 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შემმოწმებლის მიერ უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის გაანგარიშების საფუძველზე წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ კომპანიასთან ანგარიშსწორება მყიდველების მხრიდან დასრულდა 2017 წლამდე. აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებულია სრული საბანკო ამონაწერი კომპანიის დაარსებიდან, ამასთან, საუბარია მხოლოდ ერთ კონკრეტულ მშენებლობაზე და შესაბამისად, სრულყოფილად ჩანს შემონატანების შესახებ ინფორმაცია. მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ მოგების გადასახადით დაბეგრილ იქნა სხვაობა რეალიზებული საქონლის მთლიან ღირებულებასა და საბანკო გადარიცხვის გზით შემოსულ თანხებს შორის.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 მაისის №15692 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2021 წლის 28 იანვრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს ,,---ის’’ (ს/ნ ---) 2021 წლის 28 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 მაისის №15692 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 30 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 10 აპრილის №006-134 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 22 ივნისის №14396 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 22 ნოემბრის №20718/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 ივნისის №14396 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 მაისის №15692 ბრძანება არ არის აღსრულებული. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით იქნა შესწავლილი სადავო საკითხი, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით, გადამხდელისგან დამატებით იქნა გამოთხოვილი 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდში რეალიზებულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია: 2017 წელს რეალიზებული თითოეული უძრავი ქონების ბარათი (ცხრილის სახით), საკადასტრო კოდის, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ღირებულების, უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების (როგორც სალაროს, ასევე საბანკო გადარიცხვის საშუალებით) და თარიღის მითითებით. სალაროში თანხის მიღების შემთხვევაში, თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ინფორმაცია გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სრულყოფილად, კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ცხრილში არ არის ასახული სალაროში მიღებული თანხები და ცხრილში წარმოდგენილი ინფორმაციით შეუძლებელია თითოეული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების ზუსტად განსაზღვრა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართების/ავტოსადგომები) რეალიზაცია. შემოწმებისას გადამხდელის მიერ სრულყოფილად ვერ იქნა გაშიფრული 2017 წელს რეალიზებული უძრავი ქონება, არ იშიფრება მიღებული ავანსების შესახებ ინფორმაცია. ხოლო საბანკო ამონაწერების მიხედვით, 2017 წლის ბოლოს ფულადი სახსრების ნაშთია 0 ლარი. ასევე, არ არის წარმოდგენილი შესამოწმებელ პერიოდში დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით, შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ცხრილები (საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის გაშიფვრა), საბანკო ამონაწერები და წარდგენილი დეკლარაციები. შედეგად, 2017 წელს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დარჩა უცვლელი (2017 წლის აპრილის თვის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 231 391 ლარს). საცხოვრებელი ფართების/ავტოსადგომების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად. შემოწმების მიერ აღნიშნული განხილულ იქნა მოგების განაწილებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, შემოწმების მიერ დადგენილი განაწილებული დივიდენდი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
მომჩივანი არ დაეთანხმა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და 2021 წლის 28 იანვარს შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა საჩივარი, რომელიც 2021 წლის 24 მაისის №15692 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე უძრავი ქონების მყიდველი პირებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, მათ შორის, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები და ხელშეკრულების ცვლილებები/გაუქმება, მყიდველების მიერ უძრავი ქონების შეძენის მიზნით გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტები).
ასევე, გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდში რეალიზებულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით ინფორმაცია, რაც არ იქნა წარდგენილი სრულყოფილად შეუძლებელი იყო თითოეული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების ზუსტად განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შემოწმებისთვის მიწოდებულია სრული დოკუმენტაცია, მათ შორის, საბანკო ამონაწერები (ხანდაზმულ პერიოდამდე), სრული რეალიზაცია, განშლა თითოეული საკადასტროს მიხედვით, მყიდველის საიდენტიფიკაციო მონაცემებით. 2017 წლიდან კომპანიას არ მიუღია არანაირი თანხა, ხოლო 2017 წლამდე მიღებული შემოსავალი არის სრულად დაბეგრილი მომჩივნის მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებით წარმოადგენს ყველა იმ დოკუმენტაციას, რაც მიწოდებული აქვთ შემმოწმებლისთვის, მათ შორის, საბანკო ამონაწერები, ექსელის ცხრილები, სადაც ნათლად და მკაფიოდ ჩანს თითოეული ბინიდან მიღებული შემოსავალი პერიოდების მიხედვით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2021 წლის 24 მაისის №15692 ბრძანება არ არის აღსრულებული.
ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სალაროს ნაშთის, მათ შორის, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლისა და გაწეული ხარჯის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სალაროს ნაშთის, მათ შორის, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლისა და გაწეული ხარჯის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შემმოწმებლის მიერ უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის გაანგარიშების საფუძველზე წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 მაისის №15692 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 30 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 10 აპრილის №006-134 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 22 ივნისის №14396 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 22 ნოემბრის №20718/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 ივნისის №14396 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 154; 981; 130.