გადაწყვეტილება №17926/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.12.2022
№ დოკუმენტი 17926/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17926/2/2022

8.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---------- (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------- 4.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17926/2/2022).

 

დავის საგანი: მიღებული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის №8055 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის №001-41 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 7.09.2022 წლის №23113 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 45 028 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 25 497

დღგ - 11 821

მოგების გადასახადი - 13 676

ჯარიმა - 12 749

საურავი - 6 782

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობაა სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.12.2019 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 15.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ: კომპანია გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 22.08.2019 წელს. შემოწმების პროცესში გადამხდელთან შედგა პირველადი კომუნიკაცია. გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ საბანკო ამონაწერები და საბუღალტრო პროგრამა. შემოწმების პროცესში გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: 2020 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე კომპანიას მიღებული აქვს შპს ------------- (ს/ნ--------------) 77 500 ლარზე საგადასახადო ანგარიშფაქტურა (№ეა-17 ---------), რომლის გამოწერის საფუძვლად მითითებულია ზოგადი შინაარსი - შესრულებული სამუშაოს ღირებულება. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, გადამხდელს ჩათვლილი აქვს დღგ 11 822 ლარის ოდენობით. მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებით გადამხდელმა ვერ წარადგინა ხარჯის გაწევის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მათ შორის ხელშეკრულებები, ფორმა №2-ები და მიღება-ჩაბარების აქტები).

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ ხერხდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული მომსახურების იდენტიფიცირება, დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებასთან კავშირი და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება, აღნიშნულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯი დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, გაუქმებას დაექვემდებარა ზემოაღნიშნულ მომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხა.

აქტის საფუძველზე გამოიცა 31.03.2022 წლის №8055 ბრძანება და ამავე თარიღის №001-41 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 10.05.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.09.2022 წლის №23113 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიას მოგებული აქვს სახელმწიფო ტენდერი სოფელ ჯიხაშკარში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის ნაწილს ასრულებს თვითონ და ასევე ჰყავს დაქირავებული ქვეკონტრაქტორი. ასევე, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა პირებზე შესრულებული აქვს მშენებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სამუშაოები, თუმცა მთელ შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება ამ სამუშაოების შესასრულებლად საქონლის შეძენა, ყველა შესრულება განხორციელებულია ქვეკონტრაქტორების მიერ. გადამხდელთან შემოწმების პროცესში შედგა პირველადი კომუნიკაცია, გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ საბანკო ამონაწერები და საბუღალტრო პროგრამა, ხოლო სხვა დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია ვერ წარადგინა. შპს ----------გან მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებით, გადამხდელმა ვერ წარადგინა ხარჯის გაწევის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რაც შეეხება, გადამხდელის მიერ წარდგენილ ხელშეკრულებას, ის დადებულია შპს ----------თან (ს/ნ 400281841). შპს -------ს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ჯამში 974 000 ლარზე და დაბეგრილი აქვს აღნიშნული თანხა. ამასთან, აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად შპს --------ს დაქირავებული ჰყავდა შპს -------- (ს/ნ ---------), რომლისგანაც მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ჯამში 964 638 ლარზე. შესაბამისად, სრულიად ალოგიკურია აღნიშნულ სამუშაოებზე შპს -----------გან დამატებით მომსახურების მიღება, რადგან ამ შემთხვევაში საწარმოსთვის აღნიშნული პროექტი იქნებოდა ზარალიანი, რისი არგუმენტაციაც გადამხდელს არ წარუდგენია შემოწმების პროცესში.

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს -----------გან გამოწერილია 77 500 ლარზე №ეა-17 --------- საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რაც ამ საწარმოს დეკლარირებული და დაბეგრილი აქვს. ასევე აღნიშნული სამუშაო კომპანიის მიერ ჩაბარებულია შპს ---------ზე (ს/ნ ----------) (საჩივარს ერთვის გაფორმებული ხელშეკრულება, ფორმა №2 და გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურა №ეა-17 ----------- თანხით 150 335,18 ლარზე). აქედან გამომდინარე, რომ ვერ დასტურდება ხარჯის გაწევის მიზნობრიობა არის არასწორი, ვინაიდან აღნიშნული შესრულებული სამუშაო კომპანიის მიერ რეალიზაციაშია ასახული და დეკლარირებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმებული ჩათვლის აღდგენას და დარიცხული დღგ-ის თანხის გაუქმება, შესაბამისად გასაუქმებელი იქნება დამატებით დარიცხული მოგების გადასახადი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ჩათვლის დოკუმენტია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე;

2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საჩივარში მითითებულია, რომ 77 500 ლარზე შპს ----------გან გამოწერილი №ეა-17 --------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, დეკლარირებული და დაბეგრილი აქვს ამავე კომპანიას. ასევე აღნიშნული სამუშაო კომპანიის მიერ ჩაბარებულია შპს ------------ზე, რასაც ადასტურებს გაფორმებული ხელშეკრულება, ფორმა №2 და გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურა №ეა-17 --------- თანხით 150 335,18 ლარზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმებული ჩათვლის აღდგენას და დარიცხული თანხის კორექტირებას.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით 2020 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე მომჩივანს შპს ----------გან მიღებული აქვს 77 500 ლარზე №ეა-17 ---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის გამოწერის საფუძვლად მითითებულია ზოგადი შინაარსი - შესრულებული სამუშაოს ღირებულება. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა 11 822 ლარის ოდენობით. მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებით გადამხდელმა ვერ წარადგინა ხარჯის გაწევის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის ხელშეკრულებები, ფორმა №2-ები და მიღება-ჩაბარების აქტები).

გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე განმარტავს, რომ შპს ---------თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მომჩივანს გამოწერილი და დაბეგრილი აქვს ანგარიშ-ფაქტურები ჯამში 974 000 ლარზე, ხოლო აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად მომჩივანს დაქირავებული ყავდა შპს „---------“, რომლისგანაც მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ჯამში 964 638 ლარზე. აღნიშნულიდან და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ გადამხდელს არ წარუდგენია შპს ---------თან დადებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტები, ალოგიკურია აღნიშნულ სამუშაოებზე შპს ---------გან დამატებით მომსახურების მიღება, რადგან მომჩივნისთვის აღნიშნული პროექტი იქნებოდა ზარალიანი.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ ხერხდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული მომსახურების იდენტიფიცირება, დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებასთან კავშირი და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება, აღნიშნულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის დაბეგვრა მოგების გადასახადით და აღნიშნულ მომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება მართებულია. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.