გადაწყვეტილება №21492/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.03.2024
№ დოკუმენტი 21492/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21492/2/2023

06 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --------ს 5.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21492/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №081-136 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25867 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 274 850.26 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 156 915

დღგ - 143 724

საშემოსავლო გადასახადი - 13 051

ქონების გადასახადი - 140

ჯარიმა - 78 458

საურავი - 39 477.26

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა კერძების (ლობიანი, ხაჭაპური, ღვეზელი და ა.შ) წარმოება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდი, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2023 წლის 13 თებერვლის ჩათვლით, ხოლო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 13 მარტის ჩათვლით პერიოდები.

შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. მომჩივანი მისი საქმიანობისთვის საჭირო საკვებ პროდუქტებს იძენს ადგილობრივ ბაზარზე. საქონლის საცალოდ რეალიზაციას ახორციელებს იჯარით აღებული ფართებიდან. ასევე, უფიქსირდება შეძენილი და რეალიზებული სხვადასხვა უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელი (წვენები, გაზიანი სასმელები, წყალი, ლუდი და სხვა).

გადასახადის გადამხდელმა წარადგინა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები (საბანკო ამონაწერები, წარმოების კალკულაციები და ახსნა-განმარტება). პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია გადასახადის გადამხდელს არ აქვს აღრიცხული არანაირი ფორმით. შემოწმების პროცესში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რითაც დადგინდა სმფ-ების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და რეალიზებული საქონლის ფასები.

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული კალკულაციების, სარეალიზაციო ფასების და გაანგარიშებული ფასნამატის მიხედვით.

არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. მთლიან შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა წარმოებული და რეალიზებული მზა კერძების თანხებს დამატებული უალკოჰოლო სასმელების რეალიზაციის თანხები, ასევე, დამატებულ იქნა ლუდის რეალიზაციით მიღებული თანხები და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული თანხები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

2. არაპირდაპირი მეთოდით, წლების მიხედვით, გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე შეიცვალა შესამოწმებელ პერიოდებში სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები. შემოწმების შედეგად თითოეულ წელს, ასევე, გაზრდილ იქნა გამოსაქვითი თანხები.

სხვაობა შემოწმებით დადგენილ და გადასახდის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავლებს შორის დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, მე-100 და 105-ე მუხლების მიხედვით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №17132 ბრძანება და ამავე თარიღის №081-136 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25867 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე, 159-ე და 160-ე მუხლებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დასაბეგრი ობიექტის სწორად განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოწმების მიერ დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი წარმოებული საქონლის დასახელებები, მისი კალკულაციები და სარეალიზაციო ფასები. ასევე, ინფორმაცია წლის განმავლობაში რეალიზებული კერძების საშუალო რაოდენობის შესახებ. შედეგად დადგენილ იქნა წარმოების შედეგად მიღებული შემოსავლები (ზედნადებებით და შესყიდვის აქტებით მიღებული საქონლის რაოდენობებს გამოაკლდა წლის ბოლოს თითოეული საქონლის ნაშთი წლების მიხედვით, რითაც განისაზღვრა წარმოებაში გამოყენებული საქონლის რაოდენობა და აღნიშნული საქონლით განხორციელდა კერძების წარმოება, მომჩივნის მიერ მიწოდებული კალკულაციების მიხედვით). გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს შემოსავლები მიღებული ჰქონდა ლუდისა და უალკოჰოლო სასმელის რეალიზაციით. შემოწმების პროცესში მეწარმესთან ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, რომლის შედეგადაც დადგენილ იქნა ლუდის და უალკოჰოლო სასმელების ფასნამატი. აღნიშნული ფასნამატი გავრცელებულ იქნა ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების რპთ-ზე და განისაზღვრა აღნიშნული საქონლის რეალიზაციით მისაღები შემოსავლები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გამოანგარიშდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ასევე, ერთობლივი შემოსავალი. შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტორებს ქონდათ საბაბი გაევრცელებინათ არაპირდაპირი მეთოდი, იგი ზემოაღნიშნულ აქტებს მაინც არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო: გარკვეული პრობლემების გამო საგადასახადო შემოწმების პერიოდში მათი კომუნიკაცია შემმოწმებლებთან ფაქტიურად ვერ შედგა, შესაბამისად შემმოწმებლებს მისგან ზუსტი ინფორმაცია პროდუქციის კალკულაციებთან, ფასნამატთან, სხვადასხვა ხარჯებთან დაკავშირებით არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე განხორციელებული დარიცხვა არასწორი იქნება. მის მიერ ხელახლა მოხდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის პირველადი დოკუმენტების, კალკულაციების, ბუღალტრული პროგრამის და საბანკო ამონაწერების დამუშავება, რითაც ვლინდება, რომ შემმოწმებლების მიერ დარიცხული თანხები და მის მიერ გადამოწმებულს შორის რიგი სხვაობაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს მიეცეს საშუალება დამატებით წარადგინოს, როგორც მისი პროდუქციის კალკულაციები ასევე ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები და შემმოწმებლებთან ერთად დაზუსტების შემთხვევაში მოახდინოს 2023 წლის 14 ივლისს გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა №081-136-ის სრულად/ნაწილობრივ გაუქმება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და “ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება, ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით. მთლიან შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა წარმოებული და რეალიზებული მზა კერძების თანხები რასაც დაემატა უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციის და ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული თანხები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

ასევე, არაპირდაპირი მეთოდით, წლების მიხედვით, გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე შეიცვალა შესამოწმებელ პერიოდებში სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები. შემოწმების შედეგად თითოეულ წელს, ასევე, გაზრდილ იქნა გამოსაქვითი თანხები.

სხვაობა შემოწმებით დადგენილ და გადასახდის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავლებს შორის დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, მე-100 და 105-ე მუხლების მიხედვით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტორებს ქონდათ საბაბი გაევრცელებინათ არაპირდაპირი მეთოდი, თუმცა გასაჩივრებულ აქტებს მაინც არ ეთანხმება, ვინაიდან, გარკვეული პრობლემების გამო საგადასახადო შემოწმების პერიოდში კომუნიკაცია შემმოწმებლებთან ფაქტიურად ვერ შედგა, შესაბამისად შემმოწმებლებს მისგან ზუსტი ინფორმაცია პროდუქციის კალკულაციებთან, ფასნამატთან, სხვადასხვა ხარჯებთან დაკავშირებით არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე განხორციელებული დარიცხვა მიაჩნია არასწორად.

მომჩივანი ვერ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებით დადგენილი ფასნამატის შეცვლის და საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული კალკულაციების, სარეალიზაციო ფასების და გაანგარიშებული ფასნამატის მიხედვით. არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

არაპირდაპირი მეთოდით, წლების მიხედვით, გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე შეიცვალა შესამოწმებელ პერიოდებში სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები. შემოწმების შედეგად თითოეულ წელს, ასევე, გაზრდილ იქნა გამოსაქვითი თანხები. სხვაობა შემოწმებით დადგენილ და გადასახდის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავლებს შორის დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა").