ბრძანება N 21669
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21669
02 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 9 აგვისტოს და 2 სექტემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 და 10 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები №78 და №82) განიხილა ა(ა)იპ „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 9 აგვისტოს №103944/1/2026 და 2 სექტემბრის №---- (01.09.2026 წლის №------) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 1 ივლისის №125-17 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმებით თანხები დაბეგრილია „გამოკითხვის ოქმის საფუძველზე“ და ვინაიდან გადამხდელისთვის ცნობილი არ არის „გამოკითვის ოქმების“ შინაარსი, მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება ვერ ექნება იქამდე, ვიდრე არ ეცოდინება სრული ინფორმაცია ოქმების შესახებ.
გადასახადის გადამხდელი ასევე არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე ანაზღაურებული მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ 2023 წლიდან მომსახურებას უწევდა სხვადასხვა საკალათბურთო და სპორტულ საქმიანობებთან დაკავშირებული არაერთი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, რომლებთანაც წლების განმავლობაში გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულებები და შესაბამისად ერიცხებოდათ მომსახურების ანაზღაურების თანხა. გადამხდელისთვის გაურკვეველია რატომ იბეგრება აღნიშნული თანხა საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან და მათი ბუნდოვანობიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადის სრულად გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 დეკემბრის №27398 და 2026 წლის 2 აპრილის №7586 ბრძანებების საფუძველზე დაინიშნა ა(ა)იპ „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 1 ივლისის №14767 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №---- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 824 916 ლარი, მათ შორის, გადასახადი 492 097 ლარი, ჯარიმა 244 267 ლარი და საურავი 88 552 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
ა(ა)იპ „------“ (ს/ნ --------) საქმიანობის სფეროა სპორტული ობიექტების საქმიანობები (საკალათბურთო კლუბი). გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. ა(ა)იპ „-------“ (ს/ნ ------) შემოსავლები ფორმირდება, როგორც ------მუნიციპალიტეტიდან და კალათბურთის ეროვნული ფედერაციიდან მიღებული შემოსავლებით, ასევე, ფიზიკური პირების მიერ ჩარიცხული თანხებისგან (შემოწირულობა ან ბავშვთა ასაკობრივი გუნდების სწავლის გადასახადი). შემოწმების მიმდინარეობისას გაანალიზდა როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორამციო სისტემაში არსებული მონაცემები, ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი საგამოძიებო მასალები, რა დროსაც შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ა(ა)იპ ,,-------“ (ს/ნ -------) მიერ დაქირავებულ პირზე გაცემული ხელფასისა და გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე (ფიზიკური პირები ვისგანაც ქირაობს კლუბი საცხოვრებელ ბინებს გარკვეული პერიოდულობით კლუბის საჭიროებიდან გამომდინარე) გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემების (გარდა პროცენტისა) დაბეგვრის სისწორე, რომლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები ფაქტობრივ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის, კერძოდ, დაქირავებულ პირზე გაცემული ხელფასის ოდენობამ შეადგინა 1 444 850 ლარი. გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე (ფიზიკური პირები ვისგანაც ქირაობს კლუბი საცხოვრებელ ბინებს, გარკვეული პერიოდულობით კლუბის საჭიროებიდან გამომდინარე) გაცემული წყაროსთან დასაბეგრი თანხების მოცულობამ შეადგინა 96 863 ლარი. ასევე, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რის საფუძველზეც გაირკვა, რომ ა(ა)იპ ,------“ (ს/ნ -------) პრეზიდენტის მითითებით, ა(ა)იპ ,,-------“ (ს/ნ -------) თანამშრომლები (სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მწვრთნელები) რეგისტრირდებოდნენ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებად და თუ აღნიშნული პირები, მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე იღებდნენ ხელფასს, რეგისტრაციის შემდეგ საბანკო გადარიცხვებში მიეთითებოდა მომსახურების ანაზღაურება, რომელიც რეალურად წარმოადგენდა წყაროსთან დასაბეგრ თანხებს და მცირე მეწარმეებზე თანხების გაცემა მომსახურების ანაზღაურების მითითებით ხდებოდა გადასახადებისგან თავის არიდების გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, დამატებით წყაროსთან დასაბეგრი თანხების მოცულობა განისაზღვრა 710 762 ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში გაცემულმა თანხებმა, რომლებიც ექვემდებარებოდა გაცემის მომენტში წყაროსთან დასაბეგრს, ჯამში შეადგენა 2 252 474 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორამციო სისტემის ანალიზისას, გაირკვა რომ ა(ა)იპ „-------“ (ს/ნ -------) მიერ შეძენილი იყო საქონელი და მომსახურება შპს „-------“ და შპს „-------“, მაშინ როდესაც შპს „-------“ არ უფიქსირდება ა(ა)იპ --------“ (ს/ნ ------) გაწეული აქვს ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის (არ არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები). აღნიშნული გადახდების გათვალისწინებით ჯამურად არაეკონომიკური ხარჯების მოცულობამ შეადგინა 632 285 ლარი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შემმოწმებლის მიერ ჩაითვალა დირექტორის სარგებლად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 79-ე, მე-100, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შემოწმებით გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ და დაქირავებულ პირებზე გაცემული ხელფასისა და გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გაცემულ თანხებს შორის (ფიზიკური პირები ვისგანაც ქირაობს ბინებს). ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით გაირკვა, რომ ა(ა)იპ „------“ პრეზიდენტის მითითებით, ა(ა)იპ ,,------“ თანამშრომლები, რომლებიც იღებდნენ ხელფასს, რეგისტრირდებოდნენ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებად გადასახადებისგან თავის არიდების გამო. აგრეთვე, შემოწმებით დადგინდა, რომ ა(ა)იპ „-------“ გაწეული აქვს ხარჯი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის (არ არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები). შემოწმებით აღნიშნული გადახდები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ ა(ა)იპ „-----“ მიერ შეძენილია საქონელი და მომსახურება შპს „------“ და შპს „------“ (ორივე კომპანიის დამფუძნებელია ა(ა)იპ „------“ დირექტორი), მაშინ როდესაც შპს „-------“ არ უფიქსირდება ა(ა)იპ ,,------“ მიწოდებული საქონლის შეძენა ან რაიმე სახის აქტივობა (არ აქვს შეძენები, არ აქვს გაყიდვები და არ ადეკლარირებს ბრუნვებს), ხოლო შპს „------“ არ უფიქსირდება ა(ა)იპ ,,------“ გაწეული მომსახურების შესაბამისი რესურსი (გაწეულია სარტანსპორტო მომსახურება და არ ჰყავს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება).
საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენილმა დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ კომპანიას არ უფიქსირდება საწვავის შეძენა, ასევე შესამოწმებელ პერიოდში კლუბს ემსახურება ორი მძღოლი შესაბამისი ტრანსპორტით, ამდენად, კლუბს არ ესაჭიროება სხვა სატრანსპორტო მომსახურება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ა(ა)იპ „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
გადასახადის გადამხდელი ასევე არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე ანაზღაურებული მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადის სრულად გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა სპორტული ობიექტების საქმიანობები (საკალათბურთო კლუბი). გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებით გამოვლინდა სხვაობები ფაქტობრივ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. დაქირავებულ პირზე გაცემული ხელფასის ოდენობამ შეადგინა 1 444 850 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გაცემული წყაროსთან დასაბეგრი თანხების მოცულობამ 96 863 ლარი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით გაირკვა, რომ პრეზიდენტის მითითებით, თანამშრომლები (მწვრთნელები) რეგისტრირდებოდნენ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებად და რეგისტრაციის შემდეგ საბანკო გადარიცხვებში მიეთითებოდა მომსახურების ანაზღაურება, რომელიც რეალურად წარმოადგენდა წყაროსთან დასაბეგრ თანხებს, რის გამოც დამატებით წყაროსთან დასაბეგრი თანხები განისაზღვრა 710 762 ლარით. შესაბამისად, წყაროსთან დასაბეგრმა თანხებმა ჯამში შეადგინა 2 252 474 ლარი.
ასევე, არაეკონომიკური ხარჯების მოცულობამ შეადგინა 632 285 ლარი, რომელიც ჩაითვალა დირექტორის სარგებლად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);100;101;154;