გადაწყვეტილება № 25821/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 25821/2/2025
07 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 8.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25821/2/2025).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №021-50 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 აგვისტოს №18475 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 706 097.30 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 449 706.22
დღგ - 182 228.22
საშემოსავლო გადასახადი - 267 478
ჯარიმა - 224 853.10
საურავი - 31 537.98
ფაქტების აღწერა
საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 25 იანვარს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ივნისის №11638 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2024 წლის 25 იანვრიდან 2025 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 25 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაცია და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. კომპანიის წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, უცნობია ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი წარმოება/ფორმები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს ------ ქალის, მამაკაცის, ბავშვის სხვადასხვა სახის საქონლის, კერძოდ: ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, ჟილეტის, ჩანთის და შარვლის იმპორტი, სულ ღირებულებით 1 482 369.8 ლარი. მომჩივანს წარდგენილი აქვს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები, სადაც საქონლის რეალიზაციით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვა დაფიქსირებული აქვს 1 404 366 ლარის ოდენობით, ხოლო მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციები წარდგენილი აქვს ნულოვანი ფორმით. კომპანია რეალიზაციას ახდენს საკონტროლო სალარო აპარატით, პოსტერმინალი არ გააჩნია, ხოლო საბანკო ამონაწერთან წვდომა შემმოწმებელს არ აქვს. ვინაიდან ვერ ხერხდება საწარმოს წარმომადგენელთან დაკავშირება, ვერ დგინდება საქონლის, ძირითადი საშუალებების, დებიტორ-კრედიტორებისა და ნაღდი ფულის საწყისი და საბოლოო ნაშთები, რაც შემოწმებით განისაზღვრა 0 ლარით. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას, საგადასახადო ორგანოსთვის ვერ იქნა წარდგენილი სმფ-ების რაოდენობრივი და სახეობრივი გაშიფვრა, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნის საფუძველზე, სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. კომპანიას რეალიზებული აქვს დოკუმენტურად 24 021 ლარის საქონელი, აღნიშნული წარმოადგენს დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის 1.45%-ს. საგადასახადო ორგანომ, „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ გადასახადის გადამხდელთან საცალო რეალიზაციაზე დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გამოყენებით, ხოლო იმ საქონელზე, რაზეც არ მოიპოვება იდენტური საქონლის ფასნამატი, გამოყენებული იქნა მსგავსი სპეციფიკაციის მქონე სხვა ჯგუფის ფასნამატი. შედეგად, დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ურთიერშეჯერების საფუძველზე, შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში, რომლითაც დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ნაღდი ფულის ნაშთი 1 069 913 ლარის ოდენობით. ვინაიდან ვერ მოხერხდა საწარმოს წარმომადგენელთან დაკავშირება, დებიტორული და კრედიტორული დავალიანება, ნაღდი ფულის საწყისი და საბოლოო ნაშთები განისაზღვრა 0 ლარით. აღნიშნული ანგარიშით გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №14059 ბრძანება და №021-50 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 706 097.30 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 29 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 15 აგვისტოს №18475 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციები, რომლითაც დასტურდება, რომ ყველა იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულება წარმოადგენს ინვოისში დაფიქსირებულ თანხას ექვივალენტით ლარში, დოლარში და იმ ქვეყნის ვალუტაში, საიდანაც იქნა შეძენილი. საბაჟო დეპარტამენტის მიერ ყველა იმპორტირებულ საქონელზე დასმული არის კოეფიციენტი 1 (ერთი), რაც წარმოადგენს მის საინვოისო ღირებულებას.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელთან საცალო რეალიზაციაზე დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გავრცელება, ხოლო იმ საქონელზე, რაზეც არ მოიპოვება იდენტური საქონლის ფასნამატი, მსგავსი სპეციფიკაციის მქონე სხვა ჯგუფის ფასნამატის გამოყენება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობისას გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისთვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისთვის.
შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. მომჩივნისთვის დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული საწარმოს საქმიანობა მომჩივნის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ, არც შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მომჩივნისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.
მომჩივანი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე და აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. ასევე, არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული. მაგალითად, შპს „------. “-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა, თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლით ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასნამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება, სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%-ს.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი - ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. როგორც აღინიშნა, არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე, არასწორია ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 აგვისტოს №18475 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის №----- წერილი, სადაც მითითებულია:
1) გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნილი ინფორმაცია და დაჯარიმდა ამავე კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 400 ლარით. კომპანიის წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, უცნობია საზოგადოების ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი წარმოება/ფორმები. შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიურ ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს ------ ქალისა და მამაკაცის, ბავშვის და სხვადასხვა სახის საქონლის, კერძოდ: ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, ჟილეტის, ჩანთის და შარვლის იმპორტი სულ ღირებულებით 1 482 369.8 ლარი. გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები, სადაც საქონლის რეალიზაციით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვა დაფიქსირებული აქვს 1 404 366 ლარის ოდენობით, ხოლო მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციები წარდგენილი აქვს ნულოვანი ფორმით. შემოწმებით ირკვევა, რომ საწარმო საქონლის რეალიზაციას ახდენს ქ. --------ში. ელექტრონული ბაზების მიხედვით, საზოგადოება რეალიზაციას ახდენს საკონტროლო-სალარო აპარატით, პოს-ტერმინალი არ გააჩნია, ხოლო საბანკო ამონაწერთან წვდომა შემმოწმებელს არ აქვს. შემოწმებით, ვინაიდან ვერ ხერხდება საზოგადოების წარმომადგენელთან დაკავშირება, საქონლის, ძირითადი საშუალებების, დებიტორ-კრედიტორებისა და ნაღდი ფულის საწყისი და საბოლოო ნაშთების დადგენა ვერ ხერხდება. გამომდინარე აქედან, შემოწმებით ზემოაღნიშნულის მიმართ განისაზღვრა 0 ლარი. კომპანიას რეალიზებული აქვს დოკუმენტურად 24 021 ლარის საქონელი, აღნიშნული წარმოადგენს დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის 1.45%-ს. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა მეთოდური მითითებით („პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მე20 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით „სხვა შემოწმების ფასნამატი“). შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შემოსავლები დათვლილ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელთან საცალო რეალიზაციაზე დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გამოყენებით, ხოლო იმ საქონელზე, რაზეც არ მოიპოვება იდენტური საქონლის ფასნამატი, გამოყენებული იქნა მსგავსი სპეციფიკაციის მქონე სხვა ჯგუფის ფასნამატი. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებთან.
2) კომპანიას წარდგენილი აქვს შესამოწმებელ პერიოდში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები ნულოვანი ფორმით. შემოწმების შედეგად, ელექტრონული ბაზების მონაცემების ურთიერშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში, რომლითაც საზოგადოებას შემოწმების ბოლოსთვის გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი 1 069 913 ლარის. ვინაიდან ვერ მოხდა კომპანიის წარმომადგენელთან დაკავშირება, დებიტორული და კრედიტორული დავალიანება, ნაღდი ფულის საწყისი და საბოლოო ნაშთები განისაზღვრა 0 ლარით. ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად დარჩენილი ფულის ნაშთი 1 069 913 (აგროსილი 1 337 391) ლარის ოდენობით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
3) შემოწმებით მიღებული ფასნამატი გავრცელდა საზოგადოების მიერ შეძენილ საქონელზე, რომელიც იმპორტის გზით აქვს შეძენილი. შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურში არსებული ელექტრონული ინფორმაციები (საზოგადოების წარმომადგენელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან და აუდიტის დეპარტამენტი დაეყრდნო ელექტრონულ ბაზებს), რომლითაც დასტურდება, რომ იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულება (საბაჟოს ელექტრონული ბაზების მიხედვით) წარმოადგენს საინვოისო ღირებულების თანხას ექვივალენტით ლარში, დოლარში და იმ ქვეყნის ვალუტაში, საიდანაც იქნა შეძენილი. საბაჟო დეპარტამენტის მიერ ყველა იმპორტირებულ საქონელზე დასმული არის კოეფიციენტი 1 (ერთი), რაც წარმოადგენს მის საინვოისო ღირებულებას. კომპანიის ყველა დოკუმენტური რეალიზაცია წარმოადგენს, გარდა ერთი საქონლისა, თვითღირებულებაზე ნაკლებად რეალიზებულს (ზარალით), აღნიშნულით კი შეუძლებელია რაიმე ფასნამატის დადგენა. აგრეთვე, როგორც ზემოთ აღინიშნა, საზოგადოებას რეალიზებული აქვს დოკუმენტურად 24 021 ლარის საქონელი, აღნიშნული წარმოადგენს დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის 1.45%-ს.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შპს „-----“-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფეხსაცმელებით (საშინაო, რეზინის, სპორტული), ჩანთებით და ქუდებით ბითუმად ვაჭრობა. იმპორტს ახორციელებს ----- და -------. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და საბუღალტრო პროგრამა ფინა. შემოწმების შედეგად კომპანიის მიმართ გამოყენებულ იქნა მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატი 26%. შპს „------“ ვაჭრობს ქალისა და მამაკაცის, ბავშვის და სხვადასხვა სახის საქონლით, კერძოდ: ფეხსაცმლით, ტანსაცმლით, ჟილეტით, ჩანთით და შარვლით, რომლის რეალიზაციას ახდენს საკონტროლო-სალარო აპარატით. შპს „-------“ და შპს „-------“ ვაჭრობას ახორციელებენ ერთმანეთისგან განსხვავებული და მეტი სახელობის საქონლით (სახელობითად მეტი აქვს საქონელი შპს „-------“-ს). შესაბამისად, ეს ორი პირი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის საქონლის რეალიზაციას. გამომდინარე აქედან, ორივე კომპანიაზე განხორციელდა განსხვავებული ინდივიდუალური აუდირებული ფასნამატის გავრცელება.
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.
აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელს მონაწილეობა არ მიუღია დავის განხილვის პროცესში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიას წარდგენილი აქვს შესამოწმებელ პერიოდში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები ნულოვანი ფორმით. შემოწმების შედეგად, ელექტრონული ბაზების მონაცემების ურთიერშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში, რომლითაც საზოგადოებას შემოწმების ბოლოსთვის გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი. ვინაიდან ვერ მოხდა კომპანიის წარმომადგენელთან დაკავშირება, დებიტორული და კრედიტორული დავალიანება, ნაღდი ფულის საწყისი და საბოლოო ნაშთები განისაზღვრა 0 ლარით. ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოწმებით მიღებული ფასნამატი გავრცელდა საზოგადოების მიერ შეძენილ საქონელზე, რომელიც იმპორტის გზით აქვს შეძენილი. შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურში არსებული ელექტრონული ინფორმაციები,რომლითაც დასტურდება, რომ იმპორტით შეძენილი საქონლის ღირებულება (საბაჟოს ელექტრონული ბაზების მიხედვით) წარმოადგენს საინვოისო ღირებულების თანხას ექვივალენტით ლარში, დოლარში და იმ ქვეყნის ვალუტაში, საიდანაც იქნა შეძენილი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5,9):158(1);159(1);163(1,2);164(1);101(1);154(1)