გადაწყვეტილება №24033/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24033/2/2024
31 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 2.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24033/2/2024).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2024 წლის №261-8 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.09.2024 წლის №19986 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 219 316,37 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 140 278
დღგ - 21 102
მოგების გადასახადი - 3 882
საშემოსავლო გადასახადი - 115 084
ქონების გადასახადი - 210
ჯარიმა - 65 765
საურავი - 13 273,37
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ხორცის პროდუქტებით. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 16.11.2021 წელს ამავე თარიღში რეგისტრირებულია დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის №14721 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის 16 ნოემბრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების ასახვის მიზნით 2024 წლის 23 მაისამდე) სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამ მიზნით გამოყენებულია გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებების, (მათ შორის, ფ/პ ----------- განმარტება სოფლის ნედლი ქათმის შეძენებთან დაკავშირებით) და დოკუმენტურად დადასტურებული შეძენები. ამასთან, შემმოწმებლების მიერ გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი ძროხის ხორცზე - 37%, ხოლო ღორის ხორცზე - 59%. გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები არაარსებითად შეფასდა მთლიან რეალიზაციაში, შემოწმების დაწყების შემდგომ გადამხდელმა დააკორექტირა სასაქონლო ზედნადებები, რის გამოც დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად.
შემოწმების შედეგად დადგენილი რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. ამასთან, საწარმო არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და ვინაიდან შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ გადააჭარბა 100 000 ლარს, 2022 წლის 27 ივლისს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და 282-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმები.
შემოწმებით დადგენილი შემოსავლებისა და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა ჰქონოდა 450 151 ლარი. შემმოწმებელთა მიერ ხარჯების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 75%. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11824 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ სალაროს ნაშთი შეადგენდა 540 ლარს. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით თანხა 449 611 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე 2024 წლის 16 ივლისს გამოიცა №16749 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №261-8 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში:
გადამხდელი, არ ეთანხმებოდა შემოწმების პროცესში გამოყენებულ ფასნამატს და აცხადებდა, რომ აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის გაანგარიშებისთვის უნდა ეხელმძღვანელა კომპანიის დოკუმენტური და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასების გათვალისწინებით.
არ ეთანხმებოდა, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას საბანკო ამონაწერებით და შესყიდვის აქტებით უტყუარად დადასტურებული ხარჯების გაუთვალისწინებლობას. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №19986 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტი დეპარტამენტისთვის წარედგინა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის მართლზომიერების ნაწილში შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №19986 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია საწარმოს სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდიდა დაბეგვრის ობიექტის დადგენას, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა შემდეგნაირად: შემოწმებამ იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებისა და დოკუმენტურად დადასტურებული შეძენების მიხედვით, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი ძროხის ხორცზე - 37%, ხოლო ღორის ხორცზე - 59%. ხოლო რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივარი განხილულია მომჩივნის დასწრების გარეშე, რამაც განაპირობა უკანონო გადაწყვეტილების მიღება. მომჩივანი არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ ფასნამატის გაანგარიშებას, კერძოდ შემმოწმებელმა ძროხის ხორცზე და ღორის ხორცზე მიუყენა აუდირებული ფასნამატი, კერძოდ ძროხის ხორცზე 37%, ხოლო ღორის ხორცზე 59%. აღნიშნულ მიდგომას შემმოწმებელი ხსნის იმით, რომ თითქოს მან ვერ შეძლო საქონლის ერთმანეთთან დაკავშირება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, კერძოდ ინვენტარიზაციის აქტში გარკვევით წერია, როგორც ღორის რბილი ხორცი, ასევე ღორის ძვლიანი ხორცი, ანალოგიურად წერია საქონლის ძვლიანი და უძვლო ხორცი. შესაბამისად უტყუარად არის დადასტურებული, რომ საწარმო ყიდის ღორის რბილ და ძვლიან ხორცს და საქონლის ძვლიან და უძვლო ხორცს. ასევე საწარმოს მიერ მიღებული ზედნადებებით უპრობლემოდ იშიფრება შეძენილი საქონელი, კერძოდ თუ შეძენილია საქონლის ან ღორის უძვლო ხორცი, მიღებულ ზედნადებში წერია, რომ საქონელი ან ღორი არის უძვლო (რბილი). შესაბამისად სინამდვილეს არ შეესაბამება, რომ საქონელი არ იმიჯნება და აღნიშნული მოტივით საქონლის გაერთიანება ერთ ჯგუფში და გაურკვეველი ფასნამატის მიყენება ბუნებრივია არის არასწორი და ისახავს მხოლოდ ერთ მიზანს გადასახადის ხელოვნურ გაზრდას. ითხოვს დაევალოს შემმოწმებელს რეალიზებული საქონლის და ღორის ხორცთან მიმართებაში, იხელმძღვანელოს კომპანიის დოკუმენტალური/ინვენტარიზაციით დადგენილი ფასების გათვალისწინებით დადგენილი ფასნამატით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
მომჩივნის არგუმენტებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით მოცული იყო საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 16 ნოემბრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე, ამასთან ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში გამოყენებულ იქნა მომჩივნის მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №11824 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მონაცემები, რომლის თანახმადაც პროცედურის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 23 მაისიდან 2024 წლის 23 ივლისის ჩათვლით.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №19986 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ხორცის პროდუქტებით.
გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ამასთან, შემმოწმებლების მიერ გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი. გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები არაარსებითად შეფასდა მთლიან რეალიზაციაში, შემოწმების დაწყების შემდგომ გადამხდელმა დააკორექტირა სასაქონლო ზედნადებები, რის გამოც დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად.
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის მართლზომიერების ნაწილში შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №19986 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოწმების შედეგად დადგენილი რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში. ამასთან, საწარმო არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და ვინაიდან შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ გადააჭარბა 100 000 ლარს, 2022 წლის 27 ივლისს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმები.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
73(5); 302(6);