გადაწყვეტილება №23231/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23231/2/2024
04 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 8.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23231/2/2024).
დავის საგანი:
მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებისთვის მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №127-8 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ივნისის №13278 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 144 350 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 87 639
დღგ - 7 976
საშემოსავლო გადასახადი - 79 663
ჯარიმა - 42 157
საურავი - 14 554
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მომსახურების მიწოდება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის №2572 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საქმიანობის პროცესში კომპანია იყენებს როგორც დაქირავებულ პირთა შრომას (4 ფიზიკური პირი), ასევე იღებს მომსახურებას მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისგან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ხელფასები საერთოდ არ არის გაცემული სამშენებლო სამუშაოების უშუალოდ შემსრულებელ ფიზიკურ პირებზე. შემოწმებამ შეისწავლა ხსენებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების საქმიანობები და მათი კავშირი საწარმოსთან და ზოგიერთი მათგანის (სულ 21 პირი) მიერ შესრულებული სამუშაო განიხილა დაქირავებით მუშაობად. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 154-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №8931 ბრძანება და №127-8 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 144 350 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 2 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 5 ივნისის №13278 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ სადავო საკითხში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ივნისის №13278 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილება და კომპანიის მიერ ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხის შემოწმებით ხელფასის სახით განაცემად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ფიზიკური პირები, რომლებმაც მომსახურება გაუწიეს გადასახადის გადამხდელს რეგისტრირებული არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად, მათ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი გადახდის წყაროსთან კი არ იბეგრება, არამედ იბეგრება დამოუკიდებლად მათ მიერვე ყოველთვიურად წარსადგენი წლიური ან, მცირე ბიზნესის სტატუსის შემთხვევაში, მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე.
შემოწმება მიუთითებს, რომ ამ პირების „შესრულებული სამუშაო განიხილა დაქირავებით მუშაობად“. შემოწმებამ აღნიშნულს საფუძვლად დაუდო საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი. შესაბამისად, შემოწმება მიიჩნევს, რომ მან ოპერაციის ფორმა („მომსახურების ანაზღაურება“) შეცვალა და მისი შინაარსის („სახელფასო განაცემი“) მიხედვით დააკვალიფიცირა. თუმცა, სინამდვილეში მან შეცვალა შემოსავლის მიმღების სტატუსი: ინდივიდუალური მეწარმიდან დასაქმებულზე, რის უფლებამოსილებასაც მას ნორმა არ ანიჭებდა.
საგადასახადო ორგანოს, ზოგადად, არ აქვს კანონიერი ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის უფლებამოსილება. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი „შესაძლებლად მიიჩნევს ოპერაციის კორექტირებას, თუ მისი გამოხატვის ფორმა და მხარეთა რეალური ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, არამედ ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის, თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს. ...რაიმე ურთიერთობის ფარგლებში ოპერაციის ფორმიდან გამომდინარე შინაარსს ადგენს არა საგადასახადო ორგანო ან საგადასახადო კოდექსი, არამედ ამ ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. როდესაც ოპერაციის საფუძველი კერძო სამართლებრივი ხელშეკრულებაა, მისი რეგულაცია ხორციელდება სამოქალაქო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით. ამ ნორმატიული აქტების გამოყენებით უნდა მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი კონსტრუქციის ფორმის ნორმატიულად დადგენილი შინაარსისა და მხარეთა ფაქტობრივი ნების შეპირისპირება. სწორედ ეს ნორმატიული აქტები უნდა იქნეს გამოყენებული საგადასახადო ორგანოს მიერ იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა გარიგების ფორმა მხარეთა ნებას. თუ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში, მხოლოდ მაშინ უნდა იქნეს გამოყენებული შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპი“ (იხ. 14.03.2017 წ. სუსგ №ბს-702-695(2კ-16)).
საქართველოს შრომის კოდექსის (ორგანული კანონი) მე-2 მუხლის თანახმად: 1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ; 2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ამრიგად, შრომითი ურთიერთობის წარმოსაშობად დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული უნდა იყოს შეთანხმება - შრომითი ხელშეკრულება. მესამე პირი (მათ შორის სახელმწიფო ორგანო) არ არის უფლებამოსილი მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა მიიჩნიონ შრომით ურთიერთობად, თუ ამ მხარეებმა თვითონ არ გამოავლინეს შესაბამისი ნება. თუ მხარეები იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში, ცხადია, ისინი უფლებამოსილნი არიან ნებაყოფლობით შეწყვიტონ მოცემული ურთიერთობა და გადავიდნენ ურთიერთობის სხვა, არაშრომით სახეზე. კერძოდ, მათ შეუძლიათ გადავიდნენ სანარდო-სამართლებრივ ურთიერთობაზე, რომელიც მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად:
1. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
2. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. მოცემული ნორმების თანახმად, სანარდო ურთიერთობისათვის სავალდებულო არ არის მენარდემ სამუშაო შეასრულოს საკუთარი მასალით. ამ შემთხვევაში სანარდო ურთიერთობა ჰგავს შრომით ურთიერთობას, მაგრამ არ არის მისი იდენტური, ვინაიდან სანარდო ურთიერთობისას მენარდე მოქმედებს დამოუკიდებლად და მის წინაშე შემკვეთს არ ეკისრება შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებები (შვებულების მიცემა-ანაზღაურება, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება და ა.შ.).
განსახილველ შემთხვევაში, შემოწმება, როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მეწარმედ (მცირე ბიზნესად) დარეგისტრირება განხორციელდა გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით, ვინაიდან დასაქმებულს მისაღები შრომის ანაზღაურების თანხიდან უნდა დაუკავდეს 20% საშემოსავლო გადასახადი მაშინ, როდესაც სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მიღებული ანაზღაურებიდან მცირე ბიზნესის მიერ ბიუჯეტში 1%-ის გადახდა ხორციელდება. თუმცა, როგორც აღინიშნა, პირი უფლებამოსილი იყო მეტი შემოსავლის მისაღებად არ შესულიყო კონკრეტულ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობაში ან ყოფილ დამსაქმებელთან შრომითი უფლებების დათმობის სანაცვლოდ გადასულიყო სანარდო ურთიერთობაზე. ამ პირობებში მას შეეძლო მიეღო მეტი დაკვეთები (სხვადასხვა პირებისაგან) და, შესაბამისად, მეტი შემოსავალი.
საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ „განსაზღვრული შედეგის დადგომისთვის პირს კერძო ავტონომიის ფარგლებში თავისი ნების რეალიზებისთვის შეუძლია გამოიყენოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი ფორმა. არჩევანისას ის ითვალისწინებს თავისი ქონების დაცვის ხარისხს, კონტრაჰენტისა და სამართლებრივი კონსტრუქციის ფაქტორს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საგადასახადო ოპტიმიზაციის კანონიერი საშუალებების გამოყენება სავსებით ბუნებრივია, ამის საწინააღმდეგო იქნებოდა გადასახადების მაქსიმალური ოდენობით გადახდის, საუარესო საგადასახადო შედეგებისადმი გადამხდელის მისწრაფება. დაუშვებელია პასუხისმგებლობის დაწესება გადამხდელის ისეთი მოქმედებისათვის, რომლებიც იდება გადამხდელის კანონიერი უფლებების, მიკუთვნებული კანონიერი შეღავათების ფარგლებში, რომელიც კანონიერ საფუძველზე იძლევა გადასახადისაგან გათავისუფლების პირობას. ამდენად, მოცემული სამართლებრივი თავისუფლების ფარგლებში მიზნის მიღწევის ერთ-ერთი კანონიერი გზის არჩევა არ უნდა იწვევდეს მის ავტომატურ მოდიფიცირებას დაბეგვრას დაქვემდებარებული ხელშეკრულების სახეობად, მითუმეტეს კანონსაწინააღმდეგო მიზნისა და ფორმის არარსებობის შემთხვევაში (იხ. 18.07.2018 წ. სუსგ №ბს-854-846 (კ-16; 25.11.2021 წ. სუსგ №1275 (კ-18)).
ამრიგად, ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაუქმებას ექვემდებარება მითითებული სამართლებრივი საფუძვლით.
აღნიშნულის გარდა, თუ ჩავთვლიდით, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იქნებოდა სანარდო ურთიერთობა შრომით ურთიერთობად გადაეკვალიფიცირებინა, გასათვალისწინებელია, რომ მხარეებს შორის დადებული იყო მომსახურების ხელშეკრულებები (და არა შრომითი ხელშეკრულებები), გაფორმებულია სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტები (რომლებიც არ ფორმდება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში), საბანკო გადარიცხვებში მითითებულია მომსახურების საფასური (და არა ხელფასი/შრომის ანაზღაურება), მეწარმეთა მიერ მიღებული თანხები დეკლარირდება, როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. შესაბამისად, ამ ნაწილშიც გადასახადის გადამხდელს უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, შემოწმებისთვის წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დავალებოდა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებულ ბრძანებაში პირდაპირ (საჩივრის არგუმენტაციასთან შეპირისპირებისა და შეფასების გარეშე) არის გაზიარებული შემოწმების აქტი და აუდიტის დეპარტამენტის „ინფორმაცია“, რაც არ მიუთითებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობაზე. ამის გარდა, ბრძანებაში შეფასებული არ არის გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრისთვის დართული მტკიცებულებები. ამასთან, გაუგებარია, თუ პირველ საკითხში შესაძლებელი იყო დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა, რატომ არ შეიძლებოდა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა სადავო საკითხში.
მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13278 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2024 წლის №127-8 საგადასახადო მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში მითითებული არგუმენტაციისა და დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით დაევალოს საანგარიშო პერიოდების საგადასახადო ვალდებულებისა და საგადასახადო სანქციების გაუქმება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების აქტის მიხედვით, საქმიანობის პროცესში კომპანია იყენებს როგორც დაქირავებულ პირთა შრომას (4 ფიზიკური პირი), ასევე „მომსახურებას მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისგან“. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ხელფასები საერთოდ არ არის გაცემული სამშენებლო სამუშაოების უშუალოდ შემსრულებელ ფიზიკურ პირებზე. საგადასახადო ორგანომ შეისწავლა ხსენებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების საქმიანობები და მათი კავშირი საწარმოსთან და ზოგიერთი მათგანის (21 პირი) მიერ შესრულებული სამუშაო განიხილა დაქირავებით მუშაობად. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 154-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის დადებული იყო მომსახურების ხელშეკრულებები (და არა შრომითი ხელშეკრულებები), გაფორმებულია სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტები (რომლებიც არ ფორმდება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში), საბანკო გადარიცხვებში მითითებულია მომსახურების საფასური (და არა ხელფასი/შრომის ანაზღაურება). შესაბამისად, მომჩივანს უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, შემოწმებისთვის წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დავალებოდა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, დამატებით შესწავლას საჭიროებს სადავო საკითხი, შესაფასებელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ივნისის №13278 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13278 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2024 წლის №127-8 საგადასახადო მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში მითითებული არგუმენტაციისა და დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით დაევალოს საანგარიშო პერიოდების საგადასახადო ვალდებულებისა და საგადასახადო სანქციების გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმიანობის პროცესში კომპანია იყენებს როგორც დაქირავებულ პირთა შრომას,ასევე იღებს მომსახურებას მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისგან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ხელფასები საერთოდ არ არის გაცემული სამშენებლო სამუშაოების უშუალოდ შემსრულებელ ფიზიკურ პირებზე.შემოწმებამ შეისწავლა ხსენებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების საქმიანობები და მათი კავშირი საწარმოსთან და ზოგიერთი მათგანის მიერ შესრულებული სამუშაო განიხილა დაქირავებით მუშაობად.მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, დამატებით შესწავლას საჭიროებს სადავო საკითხი, შესაფასებელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,154.