ბრძანება N 21463

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.10.2025
№ დოკუმენტი 21463
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21463

06 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ის (ს/ნ -----) (ფაქტ. მის.: ----- )

2025 წლის 31 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი N 81) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) N 97270/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის N 001-118 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხების და პირადი გადახდების ხელფასად დაკვალიფიცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 მაისის N 9861 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 27 ივნისს გამოსცა N 14029 ბრძანება და N 001-118 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 222 211 ლარი, მათ შორის, გადასახადი 128 418 ლარი, ჯარიმა 64 093 ლარი და საურავი 29 700 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო - სარემონტო საქმიანობას. მონაწილეობს სახელმწოფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიმდინარეობისას გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები. 2025 წლის 2 მაისს განხორციელდა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი. კომპანიის საბანკო ამონაწერების ანალიზის მიხედვით ფიქსირდება საბანკო ტერმინალიდან თანხების განაღდება დანიშნულების გარეშე, ასევე სხვადასხვა პირადი მოხმარების გადახდები საბანკო ტერმინალებზე. გამოვლინდა მომსახურების სანაცვლოდ გადახდები გადასახადის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე, ხოლო კომპანიას არ ქონდა წყაროსთან დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით.

შემოწმების მიერ, საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხები და პირადი გადახდები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 2025 წლის 2 მაისს განხორციელდა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი. კომპანიის საბანკო ამონაწერების ანალიზის მიხედვით ფიქსირდება საბანკო ტერმინალიდან თანხების განაღდება დანიშნულების გარეშე, ასევე სხვადასხვა პირადი მოხმარების გადახდები საბანკო ტერმინალებზე. გამოვლინდა მომსახურების სანაცვლოდ გადახდები გადასახადის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე, ხოლო კომპანიას არ ქონდა წყაროსთან დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. შესაბამისად, საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხები და პირადი გადახდები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, არ ეთანხმება საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხების და პირადი გადახდების დაკვალიფიცირებას საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანია ეწევა სამშენებლო - სარემონტო სამუშაოებს. ვალდებულებების შესრულების მიზნით მომსახურების ხელშეკრულებების საფუძველზე თანამშრომლობს სხვადასხვა ინდივიდუალურ მეწარმეებთან, რიგ შემთხვევებში კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით, ხოლო სხვა შემთხვევებში სრულად გადასცემდა პროექტით აღებული მომსახურების ვალდებულების შესრულებას (ქვეკონტრაქტორი). მომსახურების ანაზღაურება კომპანიის მიერ ხდებოდა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. ვინაიდან, კომპანია მომსახურების ანაზღაურებას უხდიდა ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, მას საშემოსავლო გადასახადის წყაროსთან დაკავების ვალდებულება არ გააჩნდა.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით კომპანია მუდმივად სარგებლობდა საბანკო გარანტიებით და მათი დაზღვევის მომსახურებით. სადაზღვევო მომსახურების გადახდა კომპანიიდან ხდებოდა ანგარიშვალდებული პირის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით (თანხა შეჰქონდა ტერმინალის საშუალებით). დაზღვევის ხელშეკრულებებითა და სადაზღვევო კომპანიის ამონაწერით დასტურდება, რომ ანგარიშვალდებული პირის მიერ გადახდილია 21 360 ლარი, შესაბამისად დასტურდება, რომ ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის ხარჯვა განხორციელდა ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ობიექტები მდებარეობს საქართველოს სხვადასხვა წერტილში. კომპანიის დირექტორებს სისტემატიურად უწევთ მივლინებაში წასვლა და გააჩნია მივლინების ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.

ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში კომპანიამ ასპინძაში არსებულ ობიექტზე სამშენებლო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა ინდივიდუალურ მეწარმესთან, რომელიც ვალდებული იყო საკუთარი სამუშაო ძალებით (ბრიგადა) შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. საბანკო ამონაწერში აღნიშნულ პირზე გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია „ხელფასი“. კომპანიის ანგარიშვალდებული პირი, რომელიც ახორციელებდა საბანკო გადარიცხვებს, ტრანზაქციის შესრულებისას დუბლირების საშუალებით ადასტურებდა ტრანზაქციებს, დანიშნულების გრაფის ცვლილების გარეშე. არასწორი დანიშნულების საფუძველზე აუდიტორის მიერ განაცემი დაბეგრილია გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით. 2024 წლის ნოემბრის თვეში კომპანიიდან დამფუძნებლის შვილზე გადარიცხულია 50 000 ლარი სესხის სახით (საბანკო ამონაწერში მითითებულია დანიშნულება პირადი გადარიცხვა). აუდიტორის მიერ აღნიშნული განაცემი დაკვალიფიცირებულია ხელფასად და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. სესხის ხელშეკრულებით იდენტიფიცირებულია ტრანზაქციის დანიშნულება, კერძოდ სესხი, რომლის დაბრუნების ვალდებულება სარგებელთან ერთად მსესხებელს აქვს 2025 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ არ უნდა განხორციელდეს აღნიშნული თანხის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხების და პირადი გადახდების ხელფასად დაკვალიფიცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, განხორციელდა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი. კომპანიის საბანკო ამონაწერების ანალიზის მიხედვით ფიქსირდება საბანკო ტერმინალიდან თანხების განაღდება დანიშნულების გარეშე, ასევე სხვადასხვა პირადი მოხმარების გადახდები საბანკო ტერმინალებზე. გამოვლინდა მომსახურების სანაცვლოდ გადახდები გადასახადის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე, ხოლო კომპანიას არ ქონდა წყაროსთან დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. შესაბამისად, საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხები და პირადი გადახდები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 73; 275;.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლი და 96–ე მუხლის მე–2 ნაწილი.