გადაწყვეტილება №23760/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.01.2025
№ დოკუმენტი 23760/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23760/2/2024

16 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 21.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23760/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ სხვაობაზე დარიცხულ დღგ-ში დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;

2. ელექტროენერგიაზე გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა, შედეგად დღგ-ის ჩათვლის შემცირება და მოგების გადასახადით დაბეგვრა;

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2024 წლის №006-344 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.08.2024 წლის №18025 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 66 166 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 37 058

დღგ - 10 850

მოგების გადასახადი - 12 555

საშემოსავლო გადასახადი - 13 653

ჯარიმა - 17 157

საურავი - 11 951

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზით ქვიშახრეშის ათვისება, გადამუშავება სამსხვრევი მოწყობილობით და რეალიზაცია, ასევე სამშენებლო ბლოკის წარმოება-რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2.05.2021 წლიდან 1.05.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2024 წლის №15599 ბრძანება და №006-344 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.08.2024 წლის №18025 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ სხვაობაზე დარიცხულ დღგ-ში დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის („ორისი“) შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2021 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდებში მომჩივანს შპს --- გან უფიქსირდება საბანკო ანგარიშზე მიღებული ავანსები, რაც არ არის დეკლარირებული შესაბამის საგადასახადო პერიოდებში (დაბეგრილია 2021 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდებში). დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ დღგ-ის 18%-ის დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობაზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, აღნიშნა, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 07 ოქტომბრის Nბს-222- 219(კ-14) განჩინებაზე და განმარტავს, რომ შემმოწმებელი თავადვე აღნიშნავს რომ კომპანიის მიერ აღნიშნული თანხები დაბეგრილი იყო სხვა საანგარიშო პერიოდში და საგადასახადო შემოწმების შედეგად კომპანიას გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვა და აღნიშნულმა გამოიწვია მხოლოდ სანქციის დაკისრება. ზემოაღნიშნულზე მითითებით და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციებისაგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

2. ელექტროენერგიაზე გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა, შედეგად დღგ-ის ჩათვლის შემცირება და მოგების გადასახადით დაბეგვრა ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ელექტროენერგიის მოხმარებაზე მიღებული და ჩათვლილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, 2021 წლის ოქტომბრიდან სს „---“-სგან მიღებული ელექტროენერგიის ხარჯი (2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივლისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური ჯამში შეადგენს 71 191 ლარს) აღარ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას, ვინაიდან სამსხვრევი მოწყობილობით, რომელიც მოიხმარდა დახარჯული ელექტროენერგიის 100%-ს, სარგებლობდა შპს „----“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების თანახმად, დაკორექტირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა, ხოლო ხარჯი, რომელიც დაკავშირებული არ არის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან, საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით, დაიბეგრა მოგების გადასახადით. შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებზე და განმარტა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა, მოგების გადასახადით დაბეგვრა და მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება მართლზომიერია. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებელმა სადავო საკითხს მისცა არასწორი შეფასება, რამდენადაც თავად შემმოწმებელი ადასტურებს საგადასახადო შემოწმების აქტით, რომ ელექტრო ენერგიის ფაქტობრივი მიმღებს წარმოადგენდა შპს ---, ხოლო ხარჯის გაწევა ხორციელდებოდა შპს ---გან. აღნიშნულ ნაწილში ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ შპს ---ის მიერ განხორციელებულია შპს ---თვის დანადგარის რეალიზაცია და აღნიშნული რეალიზაციის შემადგენელი ნაწილი იყო შპს ---ს მიერ ელექტროენერგიის დანახარჯის გაწევა და წარმოადგენდა ერთგვარ ბერკეტს შპს ---სგან ნასყიდობის ხეშლეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისთვის, ვინაიდან თითქმის სამ წელზე გაიწელა შპს ---ს მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების გადახდა და შპს ---ს მიერ არ განხორციელდა აბონენტის ნომრის გადაფორმება შპს ---თვის ვიდრე არ მოხდა ნასყიდობის გარკვეული ნაწილის დაფარვა.

შესაბამისად, აღნიშნული ელექტროენერგიის ხარჯის გაწევა წარმოადგენდა დანადგარის რეალიზაციის შემადგენელ კომპონენტს. ამასთან, შპს --- წარმოადგენდა დღგ-ის გადამხდელ კომპანიას და იმ შემთხვევაში თუ ცალკე დამოუკიდებლად მოხდებოდა შპს ---ის მიერ შპს ---თვის კომუნალური მომსახურების გადაწერა, შპს ---ს მიერ აღნიშნული დღგ დაექვემდებარებოდა ჩათვლას, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა იმავე შედეგის დადგომას რაც განსახილველ შემთხვევაშია, კერძოდ, განხორციელებულია საბოლოო დღგ-ის ჩათვლა - საბოლოო მომხმარებლის მიერ, ანუ სახელმწიფოს ამ პროცესის შედეგად არ მიყენებია ზარალი და არ განხორციელებულა დღგ-ის არამართლზომიერი ჩათვლა.

ელექტროენერგიის ხარჯის გაწევა დაკავშირებულია კომპანიის მიერ დანადგარის რეალიზაციასთან, ჩათვლა მართლზომიერია და დამატებით დაბეგვრას კომუნალური ხარჯების გაწევა შპს ---ს სასარგებლოდ არ იწვევს. უკიდურეს შემთხვევაში შემოწმებას შეეძლო მიეცა აღნიშნულ ნაწილში კომუნალური მომსახურების უსასყიდლო მომსახურების გაწევად კვალიფიკაცია, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას. ამდენად, შპს ---თვის გაწეულია მომსახურება დანადგარი ნასყიდობის პროცესის ფარგლებში და აღნიშნული არ იწვევს დამატებით საგადასახადო ვალდებულებებს. ხოლო იმ შემთხვევაშიც კი თუ აღნიშნულს მიეცემა უსასყიდლო მომსახურების კვალიფიკაცია, რაც დღგ-ში ექვემდებარება დაბეგვრას, საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის მიხედვით, მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება არსებული სამართლებრივი ნორმებით არ ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას. რამდენადაც საგადასახადო კოდექსის 983 მუხლი ადგენს სამართლებრივ ჩარჩოს უსასყიდლოდ გაწეული მომსახურებისთვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, რომ მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემის შემდეგი შემთხვევები უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

შესაბამისად, იმ გარემოებებში, როდესაც ერთი იურიდიული პირის მიერ იმავე დაბეგვრის რეჟიმში მყოფი იურიდიული პირისთვის გაწეულია უსასყიდლო მომსახურება, ან მის სასარგებლოდ განხორციელებულია ხარჯის ანაზღაურება, აღნიშნული არ ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას, ეწინააღმდეგება არსებული სამართლებრივი ნორმებით მოგების გადასახადის პრინციპებს და აღნიშნულ ნაწილში დარიცხული ვალდებულებები უნდა გაუქმდეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შპს „---ს“ მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე მიღებული და ჩათვლილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა, ასევე, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯი, დაიბეგრა მოგების გადასახადით. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან მტკიცებულებებს, რაც შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის, და შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას ელექტროენერგიაზე გაწეული ხარჯის მომჩივნის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის შესახებ და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2024 წლის №006-344 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 17 157 ლარი და საურავი - 11 951 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ზემოაღნიშნული საკითხების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით, კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს და ითხოვს, მსჯელობას კომპანიის მიმართ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციებისგან გათავისუფლების თაობაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ სხვაობაზე დარიცხულ დღგ-ში დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;

2. ელექტროენერგიაზე გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა, შედეგად დღგ-ის ჩათვლის შემცირება და მოგების გადასახადით დაბეგვრა;

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, 2021 წლის ოქტომბრიდან ელექტროენერგიის ხარჯი აღარ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას, ვინაიდან აღნიშნული სამსხვრევი მოწყობილობით, რომელიც მოიხმარდა დახარჯული ელექტროენერგიის 100%-ს სარგებლობდა სხვა საწარმო. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა, ასევე დაერიცხა ჯარიმა. შემოწმებით გამოვლენილი ხარჯი, რომელიც დაკავშირებული არ არის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან, დაიბეგრა მოგების გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმებით გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა, მოგების გადასახადით დაბეგვრა და მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება მართლზომიერია.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (7); 98 2; 174; 175.