გადაწყვეტილება №22599/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 22599/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22599/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 18.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22599/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

2. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №006-706 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №4360 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 57 310 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 26 277

საშემოსავლო გადასახადი - 16 888

ქონების გადასახადი - 9 389

ჯარიმა - 22 103

საურავი - 8 930

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნავთობ-პროდუქტის (----------) და სამშენებლო მასალის საბითუმო რეალიზაცია რეზიდენტ კომპანიებთან.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ივლისის №17287 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №33062 ბრძანება და №006-706 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 57 310 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 22 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 28 თებერვლის №4360 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საბაჟო ოპერაციებით შეძენილი აქვს საქონელი. ---------- კომპანიებზე საქონლის შეძენის მიზნით გადახდილია 272 124 ლარი, რომელზეც თანხების გადახდა ხორციელდება სხვადასხვა პირების მიერ და ფორმდება გადაფარვები. შემოწმების ჯგუფის მიერ საწარმოს საქონლის (---------- იმპორტირებულის) შეძენისთვის ანაზღაურებულ ხარჯად ჩაითვალა - შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად - იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%. შესაბამისად, დარჩენილი გადახდილი თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ---------- (პ/ნ ----------) გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და მიაჩნევს, რომ შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საცალო რეალიზაციას კომპანია არ აწარმოებს. პროდუქციის შეძენა ხორციელდება იმპორტის საშუალებით მხოლოდ ---------- და ---------- რესპუბლიკიდან, სადაც საბანკო გადარიცხვა შეუძლებელია.

შემოწმების პერიოდში, აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნით, სრულად წარადგინეს როგორც დოკუმენტაციის ასლი, ასევე საბუღალტრო პროგრამის ასლი. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ შემოწმების პერიოდში ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სალაროს ფაქტიური და ბუღალტრული ნაშთი ერთმანეთთან თანხვედრაში იყო, არ გამოვლინდა სხვაობა და შესაბამისად, სამართალდარღვევა.

სატელეფონო საუბრით გააცნეს დასრულებული აქტის შედეგები, რომელიც ცვლილებებს არ დაექვემდებარებოდა.

შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი აქვთ იმპორტის რეჟიმით 2 189 897 ლარის ექვივალენტი დოლარის პროდუქცია. ექსპორტიორ კომპანიებზე გადახდა ხორციელდება ექსპორტიორი კომპანიის წერილის საფუძველზე, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე/მძღოლებზე ნაღდი თანხის გატანით, რაც დასტურდება გასავლის ორდერით, რაც იდენტიფიცირებადია. აუდიტის დეპარტამენტმა 75% ჩათვალა გადახდილად, 25% - ხელფასად. აუდიტორს დაუსვეს კითხვა რა პრინციპით, საგადასახადო კოდექსის რომელი მუხლით დაკვალიფიცირდა თანხის გადახდა, რა პრინციპით ჩაითვალა ---------- გადახდა გადახდად და ---------- არ ჩაითვალა. ასევე, პროცენტულობის განსაზღვრის პრინციპიც ვერ გაიგეს. არსებული საკითხით მიმართეს აუდიტორს, რეკომენდაციის სახით მიეწოდებინა ინფორმაცია, როგორ შეეძლოთ განეხორციელებინათ თანხის გადახდა, რაზეც აუდიტორმა თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან და პასუხად მიიღეს, რომ უფლება აქვთ გაასაჩივრონ. ამიტომაც, კატეგორიულად არ ეთანხმებიან ხელფასად დაკვალიფიცირებას, ვინაიდან აქვთ ---------- და ---------- კომპანიებთან დაფარული ვალდებულება, რის დამადასტურებელი დოკუმენტი, შედარების აქტი მოთხოვნის შედეგად წარდგენილი აქვთ აუდიტორთან (რასაც აქტში აუდიტის დეპარტამენტი ადასტურებს).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2024 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საბაჟო ოპერაციებით შეძენილი აქვს საქონელი. ---------- კომპანიებზე საქონლის შეძენის მიზნით გადახდილია 272 124 ლარი, რომელზეც თანხების გადახდა ხორციელდება სხვადასხვა პირების მიერ და ფორმდება გადაფარვები. საგადასახადო ორგანოს მიერ საწარმოს საქონლის (---------- იმპორტირებულის) შეძენის ხარჯად ჩაითვალა - შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად - იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%. შესაბამისად, დარჩენილი გადახდილი თანხები ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანს საქონელი მიღებული აქვს შესაბამისი ინვოისით, ხოლო საქონლის საინვოისო ღირებულება შემოწმების შედეგად არ დაკორექტირებულა. ამასთან, ღირებულება გადახდილად მიჩნეულია, თუმცა გათვალისწინებულია საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%. ამასთან, არსებობს საქონლის შეძენის/იმპორტის დოკუმენტები.

სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შესწავლას საჭიროებს მსგავსი საქონლის იმპორტის გზით შეძენის შემთხვევებში დაფიქსირებული საქონლის ფასი და იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდება მომჩივნის მიერ დაფიქსირებული ფასის არაგონივრული/არსებითი ოდენობით სხვაობები, გამოყენებული უნდა იქნას მსგავსი საქონლის შეძენის ფასები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდება საქონლის ფასის/გადახდილი თანხის მომჩივნის მიერ ხელოვნურად/არსებითად გაზრდის ფაქტი, უცვლელად დარჩეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული მეთოდით განსაზღვრული ანაზღაურებულად ჩათვლილი თანხების მოცულობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, სადავო საკითხი შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

2. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ნოემბრის თვეში გამოწერილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ნაწილი ბუღალტრულად ასახული და დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგრილი აქვს 2021 წლის დეკემბრის თვეში. ასევე, 2021 წლის სექტემბრის თვეში გაცემული ხელფასი დაბეგრილი აქვს ოქტომბრის თვეში. შემოწმებით მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა პერიოდის ცვლილებაზე, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 270-ე, 275-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებაზე და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, განმარტავს, რომ შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2021 წლის ნოემბრის თვეში სპეც. ფაქტურებით რეალიზაცია არ ჰქონდა. 2022 წლის ნოემბრის თვეში სპეც. ფაქტურებით რეალიზებულ პროდუქცია, დღგ-ის ჩათვით შეადგენს 833 816 ლარს, ხოლო ზედნადებით - 29 722 ლარს, ჯამურად დღგ-ის გარეშე დასაბეგრი ბრუნვა - 731 812 ლარს, რაც დეკლარირებულია. მომჩივანმა დაბეგრა ნოემბრის თვეში ისეთი ოპერაციები, რომელიც დასაბეგრია დეკემბრის თვეში აღრიცხვიანობის სისწორის გამო, ვინაიდან საწარმოდან საქონელი გასული იყო ნოემბრის 29 რიცხვში, ხოლო მიმღებამდე მივიდა 1 დეკემბერს, რაც დასტურდება სპეც. ფაქტურით. წინასწარ აქვს დაბეგრილი და ამის გამო რატომ ჯარიმდება გაუგებარია. ეს საკითხი (დღგ-ის ჯარიმა) მისთვის ცნობილი გახდა აქტის გაცნობის შემდგომ.

მომჩივანი ითხოვს ზემოაღნიშნული საკითხების ხელახლა განხილვას და გაანგარიშებას. საჩივარი განხილულ იქნა გადასახადის გადამხდელის დაუსწრებლად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ნოემბრის თვეში გამოწერილი სპეც. ანგარიშ-ფაქტურების ნაწილი ბუღალტრულად ასახული და დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგრილი აქვს 2021 წლის დეკემბრის თვეში. ამასთან, 2021 წლის სექტემბრის თვეში გაცემული ხელფასი დაბეგრილი აქვს ოქტომბრის თვეში. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივანს მართლზომიერად დაეკისრა ჯარიმა პერიოდის ცვლილებაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №4360 ბრძანება;

3. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

2. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2024 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საბაჟო ოპერაციებით შეძენილი აქვს საქონელი. უცხოურ კომპანიებზე საქონლის შეძენის მიზნით გადახდილია 272 124 ლარი, რომელზეც თანხების გადახდა ხორციელდება სხვადასხვა პირების მიერ და ფორმდება გადაფარვები. საგადასახადო ორგანოს მიერ საწარმოს საქონლის (უცხოეთიდან იმპორტირებულის) შეძენის ხარჯად ჩაითვალა - შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად - იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%. შესაბამისად, დარჩენილი გადახდილი თანხები ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანს საქონელი მიღებული აქვს შესაბამისი ინვოისით, ხოლო საქონლის საინვოისო ღირებულება შემოწმების შედეგად არ დაკორექტირებულა. ამასთან, ღირებულება გადახდილად მიჩნეულია, თუმცა გათვალისწინებულია საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%. ამასთან, არსებობს საქონლის შეძენის/იმპორტის დოკუმენტები.

2. აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ნოემბრის თვეში გამოწერილი სპეც. ანგარიშ-ფაქტურების ნაწილი ბუღალტრულად ასახული და დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგრილი აქვს 2021 წლის დეკემბრის თვეში. ამასთან, 2021 წლის სექტემბრის თვეში გაცემული ხელფასი დაბეგრილი აქვს ოქტომბრის თვეში. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივანს მართლზომიერად დაეკისრა ჯარიმა პერიოდის ცვლილებაზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, სადავო საკითხი შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275.