ბრძანება N 20280

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.09.2025
№ დოკუმენტი 20280
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20280

16 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2025 წლის 24 ივლისის

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 აგვისტოსა და 4 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №69 და №72) განიხილა შპს „ --- ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 24 ივლისის №97060/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №006-179 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და წარმოდგენილი აქვს შემდეგი არგუმენტაცია, კერძოდ:

 არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და 18%-იან ფასნამატს. მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას თუ რომელი ნაწილი გახდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. ასევე, აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გაანგარიშებები დააფუძნა 18% ფასნამატს, მაშინ როცა მიღებული სასაქონლო ზედნადებებით ეს ფასნამატი არ დასტურდებოდა. რეალურად კომპანიას ხშირად უწევდა ძალიან მცირე ფასნამატით საქონლის მიწოდება, რათა არ დაეკარგა მთავარი კლიენტი სს „---“. სწორედ ამიტომ, შპს „---“ ეძებდა ალტერნატიულ და უფრო იაფ გზას უკრაინაში საქონლის შესასყიდად.

 ითხოვს საწვავის ხარჯის გათვალისწინებას (18 096 ლარის ღირებულებით). მიუთითებს, რომ კომპანია პროდუქციის მიწოდებას ახორციელებდა თავისი დანახარჯით. პროდუქციის მიწოდება ხდებოდა საქონლის დაკვლის ადგილსამყოფლიდან მაღაზიებამდე, რისთვისაც იყენებდა 2 სატრანსპორტო საშუალებას.

 ითხოვს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებას.

 ითხოვს დებიტორული დავალიანების გათვალისწინებას.

2. მომჩივანი მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაშვებულ ტექნიკურ უზუსტობაზე და ითხოვს 31 058 ლარი გააკლდეს დარიცხულ გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 თებერვლის №2401 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 9 დეკემბრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 20 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 ივნისის №13581 ბრძანება და ამავე თარიღის №006-179 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 119 860 ლარი, მათ შორის გადასახადი 75 455 ლარი, ჯარიმა 37 728 ლარი და საურავი 6 677 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ღორისა და საქონლის ხორცის შეძენა/რეალიზაცია. რეალიზაციას ახორციელებს სს „---თან“ (ს/ნ ---), რაც შეადგენს 1 738 792 ლარს, ხოლო მთლიანი შემოსავალია 1 952 493 ლარი (სხვაობა რეალიზებულია 3 საწარმოზე).

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს პარტნიორზე არ ჰქონდა გაცემული დივიდენდი. შემოწმებით გაანგარიშდა ფულის მოძრაობა არაპირდაპირი მეთოდით, შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად.

2025 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით, საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გამოვლენილი განკარგვადი თანხა, 377 274 ლარის ოდენობით, დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვაანგარიშგება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით გაანგარიშდა ფულის მოძრაობა არაპირდაპირი მეთოდით, შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. 2025 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით, საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გამოვლენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

 საწვავის ხარჯების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია საწვავის ხარჯების გათვალისწინებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,--- ს“ საკუთრებაში არ უფიქსირდება ავტომობილი. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

 ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, სადაც ითხოვს სს „---ის“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (110 389 ლარის ღირებულების) ხარჯებში გათვალისწინებას. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გულისხმობს სს „---ის“ ლოიალურობის პროგრამაში შპს „---ს“ პროდუქციის მონაწილეობას გაყიდვების სტიმულირების მიზნით. აცხადებს, რომ სს „---“ უწერდა შპს „---ს“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს თვის განმავლობაში შესყიდული პროდუქციის პროცენტის სახით, ხოლო ანგარიშსწორება ხდებოდა ურთიერთგაქვითვის გზით.

შესაბამისად, გაწეული ხარჯი ეკონომიკური ხასიათისაა. ასევე, მომჩივანი ითხოვს 2024 წლის 29 იანვარს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გადარიცხული 8 025 ლარის (წინა საიმპორტო ვეტ. კონტროლის საფასური) გათვალისწინებას. აღნიშნავს, რომ კომპანია გეგმავდა თავისი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში უკრაინიდან საქონლის იმპორტს, ამისთვის მან ბიუჯეტში გადაიხადა აუცილებელი მოსაკრებელი მეურნეობა „---“ უკრაინაში ინსპექტირებისთვის. აგრეთვე, მომჩივანი ითხოვს 2024 წლის 11 ივლისს უკრაინულ კომპანიაში --- „---“ გადარიცხული საქონლის ღირებულების გათვალისწინებას ხარჯებში. მიუთითებს, რომ კომპანია გეგმავდა საქონლის, კერძოდ, 17 640 ხარის და 18 000 ფურის ჩამოყვანას უკრაინიდან, რისთვისაც უკრაინულ კომპანიას ავანსის სახით 16 938 აშშ დოლარი გადაურიცხა. გადარიცხვის მიზნობრიობას ადასტურებს შესაბამისი ხელშეკრულება, ინვოისი და საბანკო ამონაწერი. შესაბამისად, მომჩივანს მიაჩნია, რომ გადარიცხული თანხა და ამ გადარიცხვაზე გაწეული საკომისიო (148 ლარი) სრულად უნდა გააკლდეს შემოწმებით დასარიცხ თანხას. საჩივარზე თანდართული აქვს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქმის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 დებიტორული დავალიანების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ სს „---ს“ 2023 წლის ბოლოს შპს „---ს“ მიმართ აქვს გადაუხდელი დავალიანება 187 282 ლარი, ხოლო 2024 წლის ბოლოს 37 250 ლარი. საჩივარზე თანდართული აქვს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქმის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მომჩივანი მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაშვებულ ტექნიკურ უზუსტობაზე და ითხოვს 31 058 ლარი გააკლდეს დარიცხულ გადასახადს. განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილ ცხრილში, სადაც გაანგარიშებულია დარიცხული თანხები, ჩანს შემდეგი მუხლი: „ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხები“ - აღნიშნული თანხის დაბრუნება არ ფიქსირდება შპს „---ს“ არც საბანკო ანგარიშებზე, არც გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.

შპს „---“ არასდროს ყოფილა დღგ-ის გადამხდელი, ამიტომ ის ბიუჯეტიდან დღგ-ს ვერც დაიბრუნებდა. შესაბამისად, ეს თანხა სრულად უნდა გამოაკლდეს დასარიცხ თანხას. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქმის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ ტექნიკური უზუსტობის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების და დებიტორული დავალიანების გათვალისწინების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას;

2. მომჩივანი მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაშვებულ ტექნიკურ უზუსტობაზე და ითხოვს 31 058 ლარი გააკლდეს დარიცხულ გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვაანგარიშგება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით გაანგარიშდა ფულის მოძრაობა არაპირდაპირი მეთოდით, შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. 2025 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით, საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გამოვლენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4;5;9); 101 (1); 154 (1); 105 (2); 72 (1).