გადაწყვეტილება №20488/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20488/2/2023
04 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 6.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20488/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმებით დადგენილი ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №007-368 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.07.2023 წლის №17224 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 450 633 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 196 012
დღგ - 122 360
მოგების გადასახადი - 27 860
საშემოსავლო გადასახადი - 45 735
ქონების გადასახადი - 57
ჯარიმა - 196 012
საურავი - 58 609
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მანქანის საღებავებისა და სამღებრო სამუშაოებისთვის საჭირო პროდუქციის იმპორტი და ადგილობრივი საცალო/საბითუმო რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 22.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის მიერ რეალიზაციის ნაწილი ხორციელდება დოკუმენტურად (მთლიანი ბრუნვის 36%). საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, საწარმო არ ახორციელებდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას და რეალიზებული პროდუქციის ჩამოწერას ახდენდა თვის ბოლოს ჯამურად. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 23%- ს. იქიდან გამომდინარე, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით შეუძლებელი იყო ოპერაციების მიმდინარეობაზე (დაწყებაზე/დასრულებაზე) კონტროლი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოხდა დოკუმენტურად შეძენილი და რეალიზებული საქონლის დაჯგუფება მახასიათებლების მიხედვით (სულ დაჯგუფდა 268 სასაქონლო კატეგორია), გაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატები იდენტიფიცირებული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, რაც გავრცელდა შესაბამისი დასახელების საცალოდ რეალიზებული საქონლის ჯგუფების თვითღირებულებაზე. ამასთან, გაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელდა იმ საქონელზე, რომელთა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა ვერ მოხერხდა. საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 32.76%.
2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლისა და 2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე დაკორექტირდა (გაიზარდა) საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ვინაიდან დამატებით დადგენილი შემოსავლების აღრიცხვა არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდებოდა, შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის ბუღალტრულ პროგრამაში პერიოდის ბოლოს ფიქსირდებოდა საწესდებო კაპიტალის ნაშთი 730 882 ლარის ოდენობით. გადამხდელთან კომუნიკაციის შედეგად, შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის ხელფასად დაბეგვრისას პირველ რიგში გათვალისწინებულია დამფუძნებლის კაპიტალის გატანა საწარმოდან (გადამხდელის განცხადების საფუძველზე) და კაპიტალის ნაშთი პერიოდის ბოლოს განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით, ხოლო ხელფასად დაბეგვრას დაექვემდებარა სხვაობა შემოწმებით დამატებით გამოვლენილ შემოსავალსა და საწესდებო კაპიტალის ნაშთს შორის.
შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 23.12.202 წლის №32685 ბრძანება და ამავე თარიღის №007- 368 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 23.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.07.2023 წლის №17224 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ შემმოწმებლისთვის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, საწარმო არ ახორციელებდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას და რეალიზებული პროდუქციის ჩამოწერას ახდენდა თვის ბოლოს ჯამურად. ამასთან, გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით შეუძლებელი იყო ოპერაციების მიმდინარეობაზე (დაწყებაზე/დასრულებაზე) კონტროლი. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, შემოწმების მიერ იდენტიფიცირებული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით გაანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატების გავრცელება შესაბამისი დასახელების საცალოდ რეალიზებული საქონლის ჯგუფების თვითღირებულებაზე, ამასთან, გაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელება იმ საქონელზე, რომელთა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა ვერ მოხერხდა, კანონმდებლობის შესაბამისია. ასევე, შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი (არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის ხელფასად დაბეგვრისას გათვალისწინებულია დამფუძნებლის კაპიტალის გატანა საწარმოდან), რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის დამფუძნებელი არის ---------- მოქალაქე, დირექტორი კი საქართველოს მოქალაქე ეროვნებით ----------. ბუღალტერი, რომელიც აღრიცხავდა კომპანიის საქმიანობას და რომელიც პასუხისმგებელი იყო შემოწმების პროცესში აუდიტორებზე დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მიწოდებაში, ასევე არაქართულენოვანი ქალბატონია. პირველი ორი საერთოდ არ ფლობს ქართულ ენას, ბუღალტერს კი უჭირს ქართულად კომუნიკაცია და შესაბამისად შინაარსის სწორად გააზრება, რამაც სავარაუდოდ არაჯანსაღი გახადა კომუნიკაციის პროცესი. გადამხდელის მიერ სამართლიანად არის გასაჩივრებული გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი საგადასახადო ვალდებულება, რაზეც ითხოვს დეტალურ ინფორმაციას გამოყენებული მეთოდისა და გამოთვლების შესახებ.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში ჩანს მხოლოდ ზეპირი მსჯელობა და მათ შორის ისიც კი არ იკითხება, დოკუმენტურმა ფასნამატმა რამდენი შეადგინა. ვკითხულობთ მხოლოდ, რომ „საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 32.76%“. როცა გადამხდელისაგან მოითხოვება დეტალურად დასაბუთებულ, აღრიცხული, პროგრამულად უზრუნველყოფილი ინფორმაცია ყოველი ოპერაციის შესახებ (თუმცა ეს ნამდვილად საფუძვლიანი მოთხოვნაა) და ამ დროს აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან წარდგენილია მხოლოდ ზეპირი მსჯელობა მათ მიერ ჩატარებულ პროცედურებთან დაკავშირებით, მინიმუმ არასამართლიანი და არაკანონიერია.
გადამხდელის სახელით, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა წარუდგინოს სრული ინფორმაცია როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური სახით, სადაც სრულად იქნება იდენტიფიცირებული ყოველთვიურ გადასახადებთან მიმართებაში მათი გამოყვანილი შედეგი (დღგ, მოგება, საშემოსავლო), ამასთან პრინციპულად მნიშვნელოვანია, დღგ-ის ყოველთვიური ბრუნვა გაშიფრული იყოს ცალკე საცალო და ცალკე დოკუმენტური რეალიზაცია. თუ ეს შეუძლებელია, მოხდეს გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატის და ბრუნვების აღიარება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიის დამფუძნებელი არის ---------- მოქალაქე, დირექტორი კი საქართველოს მოქალაქე ეროვნებით ----------. ბუღალტერი, რომელიც აღრიცხავდა კომპანიის საქმიანობას და რომელიც პასუხისმგებელი იყო შემოწმების პროცესში აუდიტორებზე დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მიწოდებაში, ასევე არაქართულენოვანი ქალბატონია. პირველი ორი საერთოდ არ ფლობს ქართულ ენას, ბუღალტერს კი უჭირს ქართულად კომუნიკაცია და შესაბამისად შინაარსის სწორად გააზრება, რამაც სავარაუდოდ არაჯანსაღი გახადა კომუნიკაციის პროცესი. შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში არ იკითხება, დოკუმენტურმა ფასნამატმა რამდენი შეადგინა. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა წარუდგინოს სრული ინფორმაცია როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური სახით, სადაც სრულად იქნება იდენტიფიცირებული ყოველთვიურ გადასახადებთან მიმართებაში მათი გამოყვანილი შედეგი, ამასთან პრინციპულად მნიშვნელოვანია, დღგ-ის ყოველთვიური ბრუნვა გაშიფრული იყოს ცალკე საცალო და ცალკე დოკუმენტური რეალიზაცია. თუ ეს შეუძლებელია, მოხდეს გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატის და ბრუნვების აღიარება.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანსა და მას შორის კომუნიკაცია იყო სრულყოფილი, ენობრივ ბარიერს ადგილი არ ჰქონია. წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, საწარმო არ ახორციელებდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას და რეალიზებული პროდუქციის ჩამოწერას ახდენდა თვის ბოლოს ჯამურად. იქიდან გამომდინარე, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით შეუძლებელი იყო ოპერაციების მიმდინარეობაზე (დაწყებაზე/დასრულებაზე) კონტროლი, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მახასიათებლების მიხედვით დაჯგუფდა დოკუმენტურად შეძენილი და რეალიზებული საქონელი (სულ 268 სასაქონლო კატეგორია) და გაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატები იდენტიფიცირებული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით. ანალიზის შედეგად შედგენილი ცხრილი გაეგზავნა კომპანიის ბუღალტერს და მასში ასახული მონაცემები გავლილია მასთან ერთად.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან და მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით მართებულია. შედეგად, შემოწმებით იდენტიფიცირებული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, გაანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატების გავრცელება შესაბამისი დასახელების საცალოდ რეალიზებული საქონლის ჯგუფების თვითღირებულებაზე და გაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელება იმ საქონელზე, რომელთა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა ვერ მოხერხდა და ამასთან, შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა, განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამდენად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმებით დადგენილი ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიის დამფუძნებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, დირექტორი კი საქართველოს მოქალაქე (უცხოენოვანი). ბუღალტერი, რომელიც აღრიცხავდა კომპანიის საქმიანობას და რომელიც პასუხისმგებელი იყო შემოწმების პროცესში აუდიტორებზე დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მიწოდებაში, ასევე არაქართულენოვანი ქალბატონია. პირველი ორი საერთოდ არ ფლობს ქართულ ენას, ბუღალტერს კი უჭირს ქართულად კომუნიკაცია და შესაბამისად შინაარსის სწორად გააზრება, რამაც სავარაუდოდ არაჯანსაღი გახადა კომუნიკაციის პროცესი. შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში არ იკითხება, დოკუმენტურმა ფასნამატმა რამდენი შეადგინა. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა წარუდგინოს სრული ინფორმაცია როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური სახით, სადაც სრულად იქნება იდენტიფიცირებული ყოველთვიურ გადასახადებთან მიმართებაში მათი გამოყვანილი შედეგი, ამასთან პრინციპულად მნიშვნელოვანია, დღგ-ის ყოველთვიური ბრუნვა გაშიფრული იყოს ცალკე საცალო და ცალკე დოკუმენტური რეალიზაცია. თუ ეს შეუძლებელია, მოხდეს გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატის და ბრუნვების აღიარება. მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანსა და მას შორის კომუნიკაცია იყო სრულყოფილი, ენობრივ ბარიერს ადგილი არ ჰქონია. წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, საწარმო არ ახორციელებდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას და რეალიზებული პროდუქციის ჩამოწერას ახდენდა თვის ბოლოს ჯამურად. იქიდან გამომდინარე, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით შეუძლებელი იყო ოპერაციების მიმდინარეობაზე (დაწყებაზე/დასრულებაზე) კონტროლი, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მახასიათებლების მიხედვით დაჯგუფდა დოკუმენტურად შეძენილი და რეალიზებული საქონელი (სულ 268 სასაქონლო კატეგორია) და გაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატები იდენტიფიცირებული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით. ანალიზის შედეგად შედგენილი ცხრილი გაეგზავნა კომპანიის ბუღალტერს და მასში ასახული მონაცემები გავლილია მასთან ერთად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით მართებულია. შედეგად, შემოწმებით იდენტიფიცირებული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, გაანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატების გავრცელება შესაბამისი დასახელების საცალოდ რეალიზებული საქონლის ჯგუფების თვითღირებულებაზე და გაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელება იმ საქონელზე, რომელთა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა ვერ მოხერხდა და ამასთან, შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა, განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამდენად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 163(1); 164(1,2).
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)