ბრძანება N 27438
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27438
07 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 15 იანვრის, 8 თებერვლის და 17 თებერვლის
საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 15 იანვრის №78056/1/2023, 8 თებერვლის №23016/21-11 და 17 თებერვლის №29771/21-11 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის №021-123 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება არააქციზური მარკების დანაკლისის გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ოქტომბრის №26695 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 13 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 16 დეკემბრის №31689 ბრძანება და ამავე თარიღის №021-123 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 176 281 ლარი, მათ შორის, გადასახადი 87 362 ლარი, ჯარიმა 55 300 ლარი და საურავი 33 619 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 10 მაისის №10167 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 12 ივლისის №19828/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 მაისის №10167 ბრძანება და საჩივარი, პირველი დავის საგნის ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ივლისის №19828/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ მიუხედავად, არააქციზური მარკების დანაკლისისა ბოთლების და აგრეთვე საცობების დანაკლისი არ გამოვლენილა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის მართლზომიერად გადაწყვეტილთვის შესასწავლია, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისის საკითხიც. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
საწარმოს ძირითადი საქმიანობის (ლიმონათის წარმოება) მიხედვით, შეძენილი და წარმოების პროცესში გამოყენებული არააქციზური მარკების რაოდენობრივი ანალიზის გზით, რაშიც ასევე გათვალისწინებულ იქნა წარმოდგენილი მონაცემები 2019 წლის დასაწყისში სმფ-ების ნაშთების შესახებ და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.10.2022წ. ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ფაქტიური აღრიცხვის შედეგები, გამოვლენილ იქნა არააქციზური მარკების გარკვეული რაოდენობა (39 049ც), რომლის გახარჯვა არ დასტურდება დეკლარირებული ბრუნვის მიხედვით რეალიზებული სასაქონლო ერთეულების რაოდენობით. გამოვლენილი სხვაობის შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ არსებობს ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც აქციზური მარკების გონივრული დანაკლისი არის 2%, ხოლო ამ შემთხვევაში შეადგენს 0.85%-ს, თუმცა მარკები არააქციზურია. აქციზური და არააქციზური მარკები ვიზუალურად და სასაქონლო ფორმით ერთიდაიგივეა და მარკირება ხდება ხელით, შესაბამისად დანაკლისი შესაძლოა იყოს არააქციზურ მარკებზეც. ამასთან აღნიშნავს, რომ შემოწმებით ბოთლების და საცობების დანაკლისი არ გამოვლენილა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, ასევე საკითხის ზეპირი განხილვისას მხარეთა განმარტებაზე, რომ შემოწმების პროცესში რაოდენობრივი ანალიზი განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოების პროცესში გამოყენებული სხვადასხვა კომპონენტების აღრიცხვის მიმართულებით, რომლის შედეგად არააქციზური მარკების გარდა მსგავსი დანაკლისი გამოვლინდა ეტიკეტების და შედარებით მცირე რაოდენობით საცობების მიმართ, თუმცა ბოთლების და პრეფორმების, ასევე სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვის კუთხით დანაკლისი არ გამოვლენილა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გამოვლენილი გაუხარჯავი არააქციზური მარკების მიხედვით, საქონლის წარმოება არ დასტურდება. ამდენად, სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოწმებით გამოვლენილი გაუხარჯავი არააქციზური მარკების მიხედვით, საქონლის წარმოებულად და წარმოებული საქონლის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოწმებით გამოვლენილი გაუხარჯავი არააქციზური მარკების მიხედვით, საქონლის წარმოებულად და წარმოებული საქონლის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არააქციზური მარკების დანაკლისის გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ არსებობს ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც აქციზური მარკების გონივრული დანაკლისი არის 2%, ხოლო ამ შემთხვევაში შეადგენს 0.85%-ს, თუმცა მარკები არააქციზურია. აქციზური და არააქციზური მარკები ვიზუალურად და სასაქონლო ფორმით ერთიდაიგივეა და მარკირება ხდება ხელით, შესაბამისად დანაკლისი შესაძლოა იყოს არააქციზურ მარკებზეც. ამასთან აღნიშნავს, რომ შემოწმებით ბოთლების და საცობების დანაკლისი არ გამოვლენილა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, ასევე საკითხის ზეპირი განხილვისას მხარეთა განმარტებაზე, რომ შემოწმების პროცესში რაოდენობრივი ანალიზი განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოების პროცესში გამოყენებული სხვადასხვა კომპონენტების აღრიცხვის მიმართულებით, რომლის შედეგად არააქციზური მარკების გარდა მსგავსი დანაკლისი გამოვლინდა ეტიკეტების და შედარებით მცირე რაოდენობით საცობების მიმართ, თუმცა ბოთლების და პრეფორმების, ასევე სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვის კუთხით დანაკლისი არ გამოვლენილა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით გამოვლენილი გაუხარჯავი არააქციზური მარკების მიხედვით, საქონლის წარმოება არ დასტურდება. ამდენად, სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოწმებით გამოვლენილი გაუხარჯავი არააქციზური მარკების მიხედვით, საქონლის წარმოებულად და წარმოებული საქონლის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 159(1„ა“); 164(1).