ბრძანება N 10525
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10525
13 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ის (ს/ნ ---------------)
(მის.: -------------------------------)
2026 წლის 25 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ ---------------) 2026 წლის 25 აპრილის №-----/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 აპრილის №039-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს და აცხადებს, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია რატომ იქნა გამოყენებული აუდირებული ფასნამატი და არ გავრცელდა საცალო რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. დამატებით მიუთითებს, რომ სხვა მსგავსი საქმიანობის კომპანიების შემოწმებისას აუდიტის დეპარტამენტმა გაავრცელა გაცილებით დაბალი ფასნამატი (26%). ასევე, მომჩივანი არ ეთანხმება არასწორად გაანგარიშებული ვირტუალური ფულის ნაშთის აგროსვას და გადახდის წყაროსთან 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 თებერვლის №3666 და 27 მარტის №6920 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 7 აპრილიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 2 აპრილის №7685 ბრძანება და ამავე თარიღის №039-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 92 976 ლარი, მათ შორის გადასახადი 60 390 ლარი, ჯარიმა 30 194 ლარი და საურავი 2 392 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმლით, ასევე ფეხსაცმლით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესწავლა-ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები (შესაბამისად შეუძლებელია მყიდველის იდენტიფიცირება). ასევე, გადამხდელს არ უფიქსირდება შეძენის დამადასტურებელი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები. სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენას (2025 წლის აგვისტოდან) სრულად ახორციელებს იმპორტის გზით ---დან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, კერძოდ, საბაჟო დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის იმპორტისას რიგ შემთხვევაში ხორციელდება საქონლის ღირებულების აფასება. საქონლის რეალიზაციის 100% შეადგენს დოკუმენტის გარეშე (საცალოდ) რეალიზაციას. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს და სმფ-ის ჩამოწერა არ ხორციელდება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. შემოწმების მიერ საცალო რეალიზაციის დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და საბაჟო დეკლარაციების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ შეძენილია ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ასევე, სხვადასხვა საქონელი (ქოლგა, საფულე, ჩანთა). ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 25 თებერვლის №4266 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, თუმცა, ვინაიდან, ვერ დადგინდა კომპანიის დირექტორის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, ვერც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი და სასაქონლომატერიალური ფასეულობების მდებარეობა, ვერ მოხერხდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 25 თებერვლის №4266 ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ის ნაშთი დადგინდა ნული ლარი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა დასაბეგრი ბრუნვა, კერძოდ, დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სახეობების მიხედვით და დადგინდა აღნიშნული მარაგის თვითღირებულება. შესაბამისად, აუდირებული ფასნამატის (საშუალოდ 53%) გათვალისწინებით გაანგარიშდა სახეობების მიხედვით რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები და დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა შეძენების პროპორციულად.
ამასთა, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა (საბანკო ანგარიშის ამონაწერი) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებამ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და შესაბამისად, შემოსავლის ზრდა. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 16 თებერვლის №3359 ბრძანების თანახმად, 2026 წლის 23 თებერვალს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. საბანკო ანგარიშებზე რიცხული ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში ნულის ტოლია, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არის 17 ლარი. შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთი (საკასო შემოსავლის 10%-ის გათვალისწინებით), რომლის საწარმოში არსებობა არ დასტურდება, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესწავლა-ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს არც გამოწერილი და არც მიღებული შეძენის დამადასტურებელი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები. სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენას სრულად ახორციელებს იმპორტის გზით -----დან. საქონლის რეალიზაციის 100% შეადგენს დოკუმენტის გარეშე (საცალოდ) რეალიზაციას. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს და სმფ-ის ჩამოწერა არ ხორციელდება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 25 თებერვლის №4266 ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების ჩატარების შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ის ნაშთი დადგინდა ნული ლარი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა დასაბეგრი ბრუნვა, კერძოდ, დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები სახეობების მიხედვით და დადგინდა აღნიშნული მარაგის თვითღირებულება. შედეგად, აუდირებული ფასნამატის (საშუალოდ 53%) გათვალისწინებით გაანგარიშდა სახეობების მიხედვით რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები და დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა შეძენების პროპორციულად. ამასთან, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, შემოწმების მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით ფასნამატი გავრცელდა საქონლის თვითღირებულებაზე (საინვოისო ღირებულების გათვალისწინებით). რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას მისივე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის განმარტების თანახმად, გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ გააჩნია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“-ის (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს,არასწორად გაანგარიშებული ვირტუალური ფულის ნაშთის აგროსვას და გადახდის წყაროსთან 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №3666 და №6920 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 7 აპრილიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №7685 ბრძანება და №039-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 92 976 ლარი, მათ შორის გადასახადი 60 390 ლარი, ჯარიმა 30 194 ლარი და საურავი 2 392 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესწავლა-ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები. ასევე, გადამხდელს არ უფიქსირდება შეძენის დამადასტურებელი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები. სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენას (2025 წლის აგვისტოდან) სრულად ახორციელებს იმპორტის გზით . შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, კერძოდ, საბაჟო დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის იმპორტისას რიგ შემთხვევაში ხორციელდება საქონლის ღირებულების აფასება. საქონლის რეალიზაციის 100% შეადგენს დოკუმენტის გარეშე (საცალოდ) რეალიზაციას. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს და სმფ-ის ჩამოწერა არ ხორციელდება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. შემოწმების მიერ საცალო რეალიზაციის დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი.
ასევე ირკვევა,რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №4266 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, თუმცა, ვინაიდან, ვერ დადგინდა კომპანიის დირექტორის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, ვერც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი და სასაქონლომატერიალური ფასეულობების მდებარეობა, ვერ მოხერხდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №4266 ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ის ნაშთი დადგინდა ნული ლარი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა დასაბეგრი ბრუნვა, კერძოდ, დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სახეობების მიხედვით და დადგინდა აღნიშნული მარაგის თვითღირებულება. შესაბამისად, აუდირებული ფასნამატის (საშუალოდ 53%) გათვალისწინებით გაანგარიშდა სახეობების მიხედვით რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები და დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა შეძენების პროპორციულად.
ამასთა, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებამ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და შესაბამისად, შემოსავლის ზრდა. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 №3359 ბრძანების თანახმად ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. საბანკო ანგარიშებზე რიცხული ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში ნულის ტოლია, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არის 17 ლარი. შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთი (საკასო შემოსავლის 10%-ის გათვალისწინებით), რომლის საწარმოში არსებობა არ დასტურდება, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);