ბრძანება N 21578

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.10.2025
№ დოკუმენტი 21578
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21578

07 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ის“ (ს/ნ ---------------)

(ფაქტ. მის.: ------------------------;

იურ. მის.: --------------------------)

2025 წლის 13 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ ---------------) 2025 წლის 13 აგვისტოს №-------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივლისის №021-79 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფულის ნაშთის ოდენობას.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის შემცირებას. განმარტავს, რომ ზედმეტად შეცდომით აქვს დეკლარირებული 24 741 ლარი და შესაბამისად, უნდა შემცირდეს აღნიშნულ თანხაზე გაანგარიშებული გადასახადი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 თებერვლის №2832 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებთ:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული ხარჯების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 თებერვლის №2832 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 30 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 17 ივლისის №021-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯებთან დაკავშირებით საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ მიწის შეძენის ხარჯი, რომელიც გადამხდელის განმარტებით შეადგენს 57 000 ლარს, არ არის დოკუმენტურად დადასტურებული, კერძოდ, ნასყიდობის ღირებულებაში აღნიშნული თანხა არ არის ნახსენები, შესაბამისად, არც შემოწმებით დადასტურდა ამ თანხის გადახდა. ასევე, ბანკიდან მეწარმე პირებზე გადარიცხული თანხები, რომელზეც არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (სულ 77 415 ლარი), შემოწმების პროცესში ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული, ხოლო ფიზიკურ პირებზე გადარიცხული დარჩენილი თანხის მიზნობრიობაზე დოკუმენტი ან განმარტება დღემდე არ არის წარმოდგენილი. ამასთან, ავტომობილის შესაძენად ბანკით გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით გადამხდელს უნდა წარმოედგინა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები, რადგან ვერ დადგინდა ბანკში ჩარიცხული თანხა ავტომობილის შესაძენად იყო თუ არა გამიზნული. გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა გადამხდელთან გასაუბრება, რომელმაც განმარტა, რომ ყველა ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარადგენს, თუმცა ამისათვის ესაჭიროება დამატებითი დრო. დღეის მდგომარეობით გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი არანაირი დოკუმენტაცია, რომელიც გავლენას მოახდენდა შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებული საკითხი დამატებით შესწავლა/გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ,მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან, მიწის შესაძენად გაწეული ხარჯის ფულის ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მიწის შეძენა გადამხდელის მიერ განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით, შესაბამისად, მიწის შესაძენად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს თანხები, რომლებიც მისი თქმით გასათვალისწინებელია ფულის ნაშთის გაანგარიშებისას, მათ შორის, ლიცენზიის ხარჯი, რომელზეც ხელზე გადახდილი აქვს 65 000 ლარი, ასევე, მეწარმედ რეგისტრირებულ მძღოლებზე გადარიცხული თანხები, ავტომობილის შესაძენად ფიზიკური პირისთვის გადარიცხული თანხები და სხვა ხარჯები. აცხადებს, რომ ფულის ხარჯმა ჯამში შეადგინა 5 346 620 ლარი, აქედან ხარჯის გადაჭარბება მოხდა 49 475 ლარით, შესაბამისად, არ უნდა მომხდარიყო საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, შესყიდულ ლიცენზიაზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბანკის ამონაწერი და სხვა). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, შესყიდულ ლიცენზიაზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბანკის ამონაწერი და სხვა);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფულის ნაშთის ოდენობას.

2.ითხოვს დღგ-ის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №2832 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.კერძოდ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებთ გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული ხარჯების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №2832 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №021-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირველი საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები . თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხოლო,მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 105(2); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“.3 „ა“);