გადაწყვეტილება №27408/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27408/2/2026
16 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 25.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27408/2/2026).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2026 წლის №005-46 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.05.2026 წლის №9526 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 317 328,3 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 196 180,00
დღგ - 41 999,00
საშემოსავლო გადასახადი - 154 181,00
ჯარიმა - 111 283,00
საურავი - 9 865,30
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ვაჭრობა ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და სხვადასხვა აქსესუარებით. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 25 დეკემბერს. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 თებერვლის №3661 ბრძანებით ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 25.12.2024 წლიდან 1.01.2026 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმო საქონლის შეძენას ახდენს იმპორტის გზით და ახდენს რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელს ელექტრონულად ჩაბარდა წერილობითი მოთხოვნა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენის შესახებ. მან არ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რითაც დაარღვია საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტი. აღნიშნულზე 2026 წლის 16 მარტს შედგა №189407 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ასევე ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება და შესაბამისად ვერ მოხერხდა გადამხდელისგან ინფორმაციის მიღება საწარმოს სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდიდა თითოეული ოპერაციის ჭრილში საქონლის მოძრაობის ანალიზს.
ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 25 თებერვლის №4240 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, ხოლო 2026 წლის 16 თებერვლის №3352 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა.
დადგინდა, რომ საწარმო რეგისტრირებულ მისამართზე არ ფუნქციონირებს და შპს „---ს" მონაცემთა ბაზაში მოიჯარედ არ ფიქსირდება. აღნიშნულის გათვალისწინებით როგორც სმფ-ის ნაშთი, ისე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის მიჩნეულ იქნა ნულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებელს გახდიდა დაბეგვრის ობიექტის დადგენას. გამოყენებულ იქნა სხვა მსგავსი საქონლის (კატეგორიების შესაბამისად) აუდირებული ფასნამატები. იმის გამო, რომ საწარმო დაფუძნებულია შესამოწმებელ პერიოდში, საწყისი სმფ-ების ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. საწარმოს 2025 წლის ოქტომბრის შემდგომ არც ადგილობრივი შეძენა და არც საქონლის იმპორტი არ უფიქსირდება. ასევე ნული ლარით განისაზღვრა სმფ-ების საბოლოო ნაშთიც. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი პროდუქცია სრულად რეალიზებულად ჩაითვალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, რაც აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს, გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო დოკუმენტური ხარჯი სრულად ანაზღაურებულად. აღნიშნულის შედეგად შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 616 724 ლარის (აგროსილი 770 905 ლარი) ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შემოწმების შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2026 წლის №005-46 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.05.2026 წლის №9526 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაზე, რომლის თანახმად, საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა საინვოისო ღირებულებებზე დაყრდნობით, მათ შორის იმ შემთხვევებზეც როდესაც გადამხდელს უფიქსირდებოდა აფასება. ინვოისები შემმოწმებელმა მოიძია შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში.
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია უფიქსირდებოდა მხოლოდ ერთი სასაქონლო ზედნადების გამოწერით. გარდა აღნიშნული სასაქონლო ზედნადებისა, გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდებოდა. შესაბამისად, ვინაიდან შემოწმების მიერ შეუძლებელი იყო გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის დადგენა, გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების ფასნამატი. რაც შეეხება დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში დარიცხვის განსხვავებას, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმების აქტით, გადამხდელს დაერიცხა დღგ 41 999 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 154 181 ლარი. დღგ-ზე გავლენა მოახდინა როგორც ბრუნვის ცვლილებამ ასევე, იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლაში გათვალისწინებამ, ხოლო რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, ეს უკანასკნელი განისაზღვრა ფულის მოძრაობის ანალიზის საფუძველზე. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. მომჩივნისთვის დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მისი იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია. ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:
2. თუ კანონით სხვა რამ არარის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მათთვის გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მისი დოკუმენტალური ფასნამატი. ზოგადად არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად ნებისმიერ შპს-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასანამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად:
საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთი დადგენა. ასევე არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ ,,გროსვა" და არარსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაბეგვრა. შემოწმებით არასწორად არის დაანგარიშებული ფულის ნაშთი, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ერთიდაიგივე საკითხის პირობებში დღგ არის დარიცხული 31 ლარი, ხოლო საშემოსავლო არის 77,090 ლარი. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 1 მაისის №9526 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გამოყენებით, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და მიღებული შემოსავლის ოდენობა.
შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველად მიაჩნია ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ასევე აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები, თუმცა უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მისი იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2026 წლის №50173-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საქონლის თვითღირებულება გაანგარიშებულია საინვოისო ღირებულებებზე დაყრდნობით, მათ შორის იმ შემთხვევებზეც როდესაც გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა აფასება. ინვოისები მოძიებულ იქნა გადასახადის ადმინისტრირების ერთიანი ელექტრონული სისტემიდან.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია უფიქსირდება მხოლოდ ერთი ზედნადების გამოწერით, გარდა აღნიშნული ზედნადებისა გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდება, შესაბამისად, შეუძლებელი იყო გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის დადგენა, რის გამოც გავრცელდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების ფასნამატი. რაც შეეხება დღგისა და საშემოსავლო გადასახადში დარიცხვის განსხვავებას, საგადასახადო შემოწმების აქტით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ-ში 41 999 ლარი, საშემოსავლო გადასახადში 154 181 ლარი, ხოლო ჯარიმა 111 283 ლარი. დამატებული ღირებულების გადასახადზე გავლენა მოახდინა როგორც ბრუნვის ცვლილებამ, ასევე საბაჟოზე ჩასათვლელმა თანხამ, ხოლო რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, ეს უკანასკნელი განისაზღვრა ფულის მოძრაობის ანალიზის საფუძველზე. შესაბამისად, გაუგებარია თუ კონკრეტულად რა თანხებზე აპელირებს გადასახადის გადამხდელი.
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.
დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა მომჩივანს მონაწილეობა არ მიუღია საჩივრის განხილვაში და საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ საწარმო რეგისტრირებულ მისამართზე არ ფუნქციონირებდა და დღეის მდგომარეობით, მონაცემთა ბაზაში მოიჯარედ არ ფიქსირდებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ როგორც სმფ-ის ნაშთი, ისე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მიჩნეულ იქნა ნულად.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. იმის გამო, რომ საწარმო დაფუძნებული იყო შესამოწმებელ პერიოდში, საწყისი სმფ-ების ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. ასევე, ვინაიდან, გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, საწარმოს 2025 წლის ოქტომბრის შემდგომ არც ადგილობრივი შეძენა და არც საქონლის იმპორტი არ უფიქსირდებოდა, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოწმებამ საბოლოო სმფ-ების ნაშთად მიიჩნია 0 ლარი. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი პროდუქცია სრულად ჩაითვალა რეალიზებულად და მასზე გავრცელდა სხვა მსგავსი საქონლის (კატეგორიების მიხედვით) აუდირებული ფასნამატები. ასევე, შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და დოკუმენტურ ხარჯებს შორის გამოვლენილი 616 724 ლარის (აგროსილი 770 905 ლარი) ნაღდი ფულის ნაშთი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება:
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 101 (1); 154 (1).