გადაწყვეტილება №22609/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22609/2/2024
10 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" -ის 19.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22609/2/2024).
დავის საგანი:
შემოწმების შედეგად გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2024 წლის №068-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5427 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 6 788.3 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 4 325
მოგების გადასახადი - 41
საშემოსავლო გადასახადი - 4 284
ჯარიმა - 2 263
საურავი - 200.3
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა სარემონტო მასალების ადგილობრივი შეძენა და დამკვეთისათვის მიწოდება. ლიკვიდაციასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2023 წლის №29926 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 10.05.2023 წლიდან 1.12.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 6.02.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
- გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ცნობები, საბანკო ამონაწერები და ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომ საქმიანობა არ განუხორციელებია 2023 წლის სექტემბრის თვიდან. ამდენად, გადამხდელს დაწყებული აქვს ლიკვიდაციის პროცესი 2023 წლის ნოემბრის თვიდან და მიმართული აქვს შესაბამისი განაცხადით საჯარო რეესტრისთვისაც. გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ კრედიტორები და არ არის ფიქსირებული საკუთრებაში რაიმე ქონება. შემოწმების შედეგად შესწავლილია ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი - დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებითი ბარათები, საბანკო ამონაწერები, რომლითაც დადგინდა, რომ გადამხდელს ლიკვიდაციის დაწყებამდე უფიქსირდება სალაროში ნაშთი, რომლის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა, ამდენად სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილმა თანხამ შეადგინა სულ 15 639 ლარი. აღნიშნული ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა 5 250 ლარის ოდენობით. შემოწმების შედეგად შესწავლილა გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, საბანკო ამონაწერები და აღნიშნული განისაზღვრა 7 125 ლარის ოდენობით. შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საქმიანობის განსახორციელებლად შეძენილი აქვს იჯარით აღებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის საწვავი, თუმცა აღნიშნული შეძენის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები შედგენილი არ არის, აღნიშნული ფიქსირდება მხოლოდ საბანკო ამონაწერებში უნაღდო ანგარიშსწორებისას. თანხა სულ შეადგენს 920 ლარს. ავტო-მანქანების სანომრე მონაცემები ნაწილობრივ ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებში - გადაზიდვისას. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტებაც თუმცა დამატებითი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები ვერ იქნა წარდგენილი. შემმოწმებელმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და გადამხდელს დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩაეთვალა ბანკით გადახდილი თანხის 25%. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- კომპანიას ლიკვიდაციის პროცესი დაწყებული აქვს 2023 წლის ნოემბრის თვიდან. საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს ინფორმაციის წარუდგენლობისთვის საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა 100 ლარი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2024 წლის №2618 ბრძანება და ამავე თარიღის №068-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 12.02.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.03.2024 წლის №5427 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით გადამხდელს ლიკვიდაციის დაწყებამდე უფიქსირდება სალაროში ნაშთი, რომლის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა, შემოწმებით აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსხვავდება შემოწმების მიერ დადგენილისგან. გარდა ამისა, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საქმიანობის განსახორციელებლად შეძენილი აქვს იჯარით აღებული მანქანებისათვის საწვავი, თუმცა აღნიშნული შეძენის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები შედგენილი არ არის, აღნიშნული ფიქსირდება მხოლოდ საბანკო ამონაწერებში უნაღდო ანგარიშსწორებისას. ავტო-მანქანების სანომრე მონაცემები ნაწილობრივ ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებშიც გადაზიდვისას. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტებაც თუმცა დამატებითი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები ვერ იქნა წარდგენილი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და გადამხდელს დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩაეთვალა ბანკით გადახდილი თანხის 25%.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია დარეგისტრირდა 10.05.2023 წელს, საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სამშენებლო სარემონტო მასალების რეალიზაცია. იმის გამო, რომ კომპანია მოგების მაგივრად ზარალზე მუშაობდა იძულებულები იყო სამ თვეში საქმიანობა შეეჩერებინა. კომპანიას არ ჰყავდა საკუთარი ტრანსპორტი და გადაზიდვები ხორციელდებოდა დაქირავებული ა/მანქანით, რომლის საწვავს და სარემონტო ხარჯებსაც კომპანია ანაზღაურებდა. შემოსავალი 140 750 ლარი სრულად იყო დეკლარირებული. რაც შეეხება, ხარჯებს მომწოდებლებზე ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილია 126 785.1 ლარი, საპენსიო 285 ლარი, ბანკის ხარჯი 128.8 ლარი, საბარათე ოპერაციით შეძენილია საწვავი 900 ლარის, დაქირავებული ა/მანქანის რემონტზე გაიხარჯა 8530 ლარი, ხოლო 16 302.85 ლარი ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილია გადაზიდვებისთვის საჭირო საწვავზე სარემონტო ხარჯებზე, რომლის დოკუმენტიც სამწუხაროდ არ გააჩნია.
კომპანიის მიერ დოკუმენტების გარდა მიწოდებული იქნა ახსნა-განმარტებები იმ თანხების შესახებ, რომლის დოკუმენტიც არ არსებობდა და რომელიც სამწუხაროდ არ იქნა გათვალისწინებული. სასაქონლო ზედნადებებით მიღებული და გაყიდული საქონლის მოძრაობიდან ჩანს ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი. მძღოლებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კომპანია ანაზღაურებდა ყველა ხარჯს. შესაბამისად, საწვავის გარეშე ა/მანქანა ვერ გადაადგილდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 16 302.85 ლარის გახარჯვის დოკუმენტი არ არსებობდა, შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს კომპანიის მიერ გაგზავნილი ახსნა-განმარტება სამუშაო პროცესის და ხელშეკრულებების გათვალისწინებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიამ ზარალის გამო შეწყვიტა სამ თვეში ფუნქციონირება და იმის გამო, რომ არ გააჩნია არც ძირითადი საშუალება და არც კაპიტალი ვერ შეძლებს 6 788.3 ლარის გადახდას. ითხოვს გაუქმდეს დარიცხული ჯარიმა და საურავი, ხოლო გადასახადის თანხა შემცირდეს და გადასახდელად დაეკისროს 2 000 ლარი ერთჯერადი გადახდით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავალი 140 750 ლარი სრულად იყო დეკლარირებული. რაც შეეხება, ხარჯებს მომწოდებლებზე ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილია 126 785.1 ლარი, საპენსიო 285 ლარი, ბანკის ხარჯი 128.8 ლარი, საბარათე ოპერაციით შეძენილია საწვავი 900 ლარი, დაქირავებული ა/მანქანის რემონტზე გაიხარჯა 8 530 ლარი, ხოლო 16 302.85 ლარი ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილია გადაზიდვებისთვის საჭირო საწვავზე სარემონტო ხარჯებზე, რომლის დოკუმენტიც სამწუხაროდ არ გააჩნია. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ 16 302.85 ლარის გახარჯვის დოკუმენტი არ არსებობდა, მიაჩნია, რომ შესაძლებელია გათვალისწინებული ყოფილიყო კომპანიის მიერ გაგზავნილი ახსნა-განმარტება სამუშაო პროცესის და ხელშეკრულებების გათვალისწინებით.
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შემოწმების პროცესში მომჩივანმა პირველ საკითხთან დაკავშირებით წარადგინა წერილობითი პოზიცია, სადაც განმარტა, რომ აღნიშნული თანხების გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნია, ვინაიდან ძირითადად საწვავის შეძენისას იყენებდა ნაღდით ანგარიშსწორებას და გადახდის ქვითრები არ აქვს შენახული, ასევე განმარტა, რომ საქმიანობის განხორციელებისას შეემთხვა ავტო-საგზაო შემთხვევაში, რის შედეგადაც დაზარებულს აუნაზღაურა თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით (ხელზე) (შსს-ს საპატრულო პოლიციის მონაცემების დამუშავებით ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი არ დასტურდება, შემთხვევაზე არ არის გამოწერილი ჯარიმის ქვითარი და აღნიშნული დაადასტურა გადამხდელმა). მეორე საკითხზე წერილობითი პოზიცია არ წარუდგენია თუმცა სიტყვიერად განმარტა, რომ გამორჩა აღნიშნულის დეკლარირება და ბიუჯეტში თანხა გადახდილია შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შემოწმების პროცესში მომჩივანმა პირველ საკითხთან დაკავშირებით წარადგინა წერილობითი პოზიცია, სადაც განმარტა, რომ აღნიშნული თანხების გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნია, ვინაიდან ძირითადად საწვავის შეძენისას იყენებდა ნაღდით ანგარიშსწორებას და გადახდის ქვითრები არ აქვს შენახული, ასევე განმარტა, რომ საქმიანობის განხორციელებისას შეემთხვა ავტო-საგზაო შემთხვევაში, რის შედეგადაც დაზარებულს აუნაზღაურა თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით (ხელზე) (შსს-ს საპატრულო პოლიციის მონაცემების დამუშავებით ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი არ დასტურდება, შემთხვევაზე არ არის გამოწერილი ჯარიმის ქვითარი და აღნიშნული დაადასტურა გადამხდელმა). მეორე საკითხზე წერილობითი პოზიცია არ წარუდგენია თუმცა სიტყვიერად განმარტა, რომ გამორჩა აღნიშნულის დეკლარირება და ბიუჯეტში თანხა გადახდილია (მიმდინარე ეტაპზე ბარათზე ფიქსირდება ზედმეტობა და დაზუსტებული დეკლარაცია გაგზავნილია ელექტრონულად შემოწმების დაწყების შემდგომ).
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
მომჩივანს არც დავის ამ ეტაპზე აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს დარიცხული ჯარიმა,საურავი, ხოლო გადასახადის თანხა შემცირდეს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს დაწყებული აქვს ლიკვიდაციის პროცესი 2023 წლის ნოემბრის თვიდან.გადამხდელს ლიკვიდაციის დაწყებამდე უფიქსირდება სალაროში ნაშთი, რომლის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა, ამდენად სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილმა თანხამ შეადგინა სულ 15 639 ლარი. აღნიშნული ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა .
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა 5 250 ლარის ოდენობით. შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა .
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საქმიანობის განსახორციელებლად შეძენილი აქვს იჯარით აღებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის საწვავი, თუმცა აღნიშნული შეძენის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები შედგენილი არ არის, აღნიშნული ფიქსირდება მხოლოდ საბანკო ამონაწერებში უნაღდო ანგარიშსწორებისას.
გადამხდელს დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩაეთვალა ბანკით გადახდილი თანხის 25%. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. - კომპანიას ლიკვიდაციის პროცესი დაწყებული აქვს 2023 წლის ნოემბრის თვიდან. საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით გადამხდელს ინფორმაციის წარუდგენლობისთვის საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა 100 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),97,982,101,154.