ბრძანება N 5636

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.03.2025
№ დოკუმენტი 5636
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5636

27 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------ის“ (ს/ნ -------------------)

(მის: ---------------------------------------)

2025 წლის 5 და 13 მარტის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 მარტს გამართულ ხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ -----------------) №32845/21 და №37745/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №007-320 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი განმარტავს, რომ შპს ----------ში ფორმალურად ასრულებდა დირექტორის მოვალეობას, ხოლო კომპანიას ფაქტობრივად მართავდა და ფინანსურ ოპერაციებს ახორციელებდა სხვა პიროვნება. შესაბამისად, მისთვის უცნობია კომპანიის ფინანსური ოპერაციების და დავალიანების წარმოშობის საფუძვლების შესახებ. ამიტომ, მოკლებულია შესაძლებლობას ისაუბროს დარიცხვის საფუძვლების კანონიერების შესახებ.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 სექტემბრის №20875 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------ის“ (ს/ნ -------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №27532 ბრძანება და №007-320 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 324 236 ლარი, მათ შორის, გადასახადი 207 863 ლარი, ჯარიმა 104 032 ლარი და საურავი 12 341 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „----------ი“ (ს/ნ -------------------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 29 იანვრიდან, ამავე თარიღით რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა სასოფლო-სამეურნეო შხამქიმიკატებით. აღნიშნული საქონელი გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე. აგრეთვე ახორციელებს დასაბეგრ საქმიანობას, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო იარაღების რეალიზაციას, თუმცა აღნიშნული საქონელი საერთო რეალიზაციის 1% შეადგენს. გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი წარმომადგენლის განმარტებით საწარმო საქმიანობას აღარ ახორციელებს 2022 წლიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ბოლო ზედნადები გაწერილია 2023 წლის ივნისში, ამ პერიოდის შემდეგ საწარმოს საქმიანობა აღარ ფიქსირდება. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს არც საქონლის და არც ფულის ნაშთი არ უფიქსირდება. 2024 წლის 15 სექტემბრიდან საწარმოში დაწყებულია ლიკვიდაცია, ხოლო 2024 წლის 19 სექტემბრიდან გაუქმებულია დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების საფუძველზე დათვლილი იქნა გადასახადის გადამხდელის შემოსავალი, აგრეთვე ხარჯებში გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. კერძოდ, შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება, ბანკის საკომისიო, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დარიცხული თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. საწარმო დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების საფუძველზე დათვლილი იქნა გადასახადის გადამხდელის შემოსავალი, აგრეთვე ხარჯებში გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. კერძოდ, შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება, ბანკის საკომისიო, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა მართლზომიერია, შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------ის“ (ს/ნ -------------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი განმარტავს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას ისაუბროს დარიცხვის საფუძვლების კანონიერების შესახებ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №20875 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №27532 ბრძანება და №007-320 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 324 236 ლარი, მათ შორის, გადასახადი 207 863 ლარი, ჯარიმა 104 032 ლარი და საურავი 12 341 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ბოლო ზედნადები გაწერილია 2023 წლის ივნისში, ამ პერიოდის შემდეგ საწარმოს საქმიანობა აღარ ფიქსირდება. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს არც საქონლის და არც ფულის ნაშთი არ უფიქსირდება. 2024 წლის 15 სექტემბრიდან საწარმოში დაწყებულია ლიკვიდაცია, ხოლო 2024 წლის 19 სექტემბრიდან გაუქმებულია დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების საფუძველზე დათვლილი იქნა გადასახადის გადამხდელის შემოსავალი, აგრეთვე ხარჯებში გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. კერძოდ, შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება, ბანკის საკომისიო, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დარიცხული თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. საწარმო დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა მართლზომიერია, შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1„ა“.2 „ა“ და „ბ“);