გადაწყვეტილება №22264/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22264/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 16.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22264/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით;
2. შემოწმებისას გამოვლენილი არაგონივრული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება;
3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №007-274 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1438 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 417 776 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 254 662
დღგ - 159 614
საშემოსავლო გადასახადი - 95 048
ჯარიმა - 124 123
საურავი - 38 991
სადავო საკითხები:
საწარმოს საქმიანობაა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ადგილობრივი შეძენა და რეალიზაცია იჯარით აღებულ ფართში (ე.წ, -------).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 6.11.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 3 ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №24849 ბრძანება და №007-274 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1438 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით
ფაქტების აღწერა
კომპანიას გააჩნდა იჯარით აღებული სასაწყობე ფართები. საქონლის დიდი ნაწილი შეძენილია შპს „-------“ და შპს „-------“. გადასახადის გადამხდელს გააჩნდა კრედო ბანკისგან აღებული სესხები დაფუძნებიდან მალევე. საშუალო ფასნამატი შეადგენს 11.1%-ს. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტ(ებ)ზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (შედეგების გამოყვანის გარეშე), ფაქტობრივად არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის რაოდენობის, თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის მიზნით.
კომპანიას 2023 წლის 3 ივლისს ბუღალტრულად უფიქსირდებოდა 1 168 410 ლარის საქონელი, ხოლო ფაქტობრივად აღმოჩნდა 370 741 ლარის. აღნიშნული სხვაობის საქონლის რეალიზაცია ბუღალტრულად აღრიცხული არ ჰქონდა გადამხდელს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და ზემოხსენებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (იდენტურია ინვენტარიზაციის ფასნამატის 11%) და დღგ-ის მიზნებისათვის ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის ბრუნვის პროპორციულად რეალიზებულად.
გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 145-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ყველა დამატებითი დარიცხვა გამომდინარეობს ერთადერთი მიზეზით - 2023 წლის 3 ივლისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებით. ყველა სხვა საანგარიშგებო პერიოდებთან მიმართებაში და ყველა გადასახადში, დარიცხვები არის ნულის ტოლი! ანუ, ამ პერიოდებში არცერთ გადასახადში არანაირი საბუღალტრო ან საგადასახადო შეცდომა დარღვევა გამოვლენილი არ არის.
რაც შეეხება ინვენტარიზაციის შედეგებს, საწარმო აღიარებს, რომ ინვენტარიზაციამ მართლაც გამოავლინა სხვაობები საქონლის სააღრიცხვო და ფაქტობრივ მონაცემებს შორის, თუმცა მოულოდნელობა აღმოჩნდა ამ სხვაობების სიდიდე. გარდა ამ გარემოებისა, სხვაობები ზუსტადაც რომ იყოს გამოყვანილი, შემოწმების შედეგები დათვლილია გადამეტებით, რაც დასტურდება ქვემოთ მოყვანილი არგუმენტებით.
ამ მიზეზით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა საგადასახადო ორგანომ გაზარდა 886 744 ლარით და დაარიცხა ამ თანხის 18%=159614 ლარი. ეს რიცხვი არ შეესაბამება რეალობას.
1) ჯერ ერთი, თუ სასაქონლო სხვაობა 1168410-370741=797669 ლარია, ხოლო ფასნამატი - 11%, დაბეგვრა უნდა მომხდარიყო 797669*1.11=885413 ლარიდან, და არა 886744 ლარიდან. თუმცა, ეს ცხადია, არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ ეს საშუალო 11% ფასნამატი არის განპირობებული კარგად გაყიდვადი მოდელების მაჩვენებლებით, ხოლო ძირითად საქონელზე ფასნამატი აქვს 6-7%. ხომ არ ახდენს საქონლის იმპორტს, ადგილობრივი კომპანიებისაგან ვყიდულობთ ამ საყოფაცხოვრებო და ელექტრონულ ტექნიკას, რომლებიც თავის მხრივ ასევე ჰყიდიან მათ სამომხმარებლო ბაზარზე. ყველა მოდელზე 11%- იანი ფასნამატი ჰქონდეს, ეს შეუძლებელია. მომხმარებელი წავა და ან „-------“ იყიდის, ან „-------“. მოძველებულ მოდელებზე, რომლებიც ვერ გაიყიდა დროულად, ან მცირე გარეგნული დეფექტები აღმოაჩნდათ, უწევს მათი ძალიან უმნიშვნელო ფასნამატით გაყიდვა. მაგალითად, 2022 წ. 1 ივნისს ფ/პ ------- გაიყიდა სარეცხი მანქანა TOSHIBA TW-BJ80S2GE (SK) მხოლოდ 6.4%-იანი ფასნამატით, ს/ზ 0669638085: 1100 ლარად გაიყიდა დღგ-ის ჩათვლით, ანუ 932.2 ლარად დღგ-ის გარეშე, მაშინ, როცა ამ სარეცხი მანქანის თვითღირებულება იყო 876.27 ლარი.
აღნიშნულის გამო, დანაკლისი საქონლის რაოდენობა, რომც დარჩეს ძალაში, გამოყენებულ იქნეს 7%-იანი ფასნამატი. დამატებით გასაზრდელი ბრუნვა შეიძლება შეადგენდეს (ფასნამატის გათვალისწინებით) მაქსიმუმ 649532 ლარს დღგ-ის ჩათვლით, ანუ დღგ-ის გარეშე - 550451 ლარს, ეს კი ნიშნავს, რომ დასარიცხი დღგ უნდა ყოფილიყო 550451*18%=99081 ლარი. უფრო მეტი ღირებულების საქონელი არ გაყიდულა და დანარჩენი სხვაობა განპირობებულია სხვა მიზეზებით, რომლებიც ასახსნელია.
დანარჩენ სხვაობას რაც შეეხება:
ა) საგადასახადო შემოწმებას არ აქვს გათვალისწინებული 12 კონდიციონერი, რომელიც გამორჩენილია ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტში და შეცდომით მითვლილია სხვა საწარმოზე (შპს „-------“-ზე, ს/ნ -------), რომლის ინვენტარიზაცია ჩატარდა იმავე დღეებში.
ეს 12 კონდიციონერი შესყიდულია შპს „-------“ მიერ შემდეგი სასაქონლო ზედნადებებით:
ელ -------- 05.07.2021;
ელ -------- 24.08.2022;
ელ -------- 05.04.2023;
ელ -------- 27.05.2023
მათი თვითღირებულებაა 9057 ლარი დღგ-ის ჩათვლით, ანუ 7675 ლარი - დღგ-ის გარეშე. ამ თანხით უნდა შემცირდეს სხვაობა საქონლის ნაშთებს შორის.
დანარჩენი სხვაობა კი აუხსნელია და ვარაუდობს, რომ ეს არის სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირების მიერ საწყობიდან მოპარული საქონლის ბრალი, რაც ვერ იქნა შემჩნეული მის მიერ საკუთარი ძალებით. ამაზე, ცხადია, დირექტორია პასუხისმგებელი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საქონელი არ გაყიდულა და მისი რეალიზაციიდან ფული არ შემოსულა. შესაბამისად, ითხოვს ამ საქონლის რეალიზაცია ჩაითვალოს უსასყიდლოდ რეალიზებულად და დაიბეგროს დღგ-ით ნულოვანი ფასნამატით, ანუ თვითღირებულებიდან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტ(ებ)ზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (შედეგების გამოყვანის გარეშე), ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის რაოდენობის, თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისათვის. კომპანიას 2023 წლის 3 ივლისს ბუღალტრულად უფიქსირდებოდა 1 168 410 ლარის საქონელი, ხოლო ფაქტობრივად აღმოჩნდა 370 741 ლარის. აღნიშნული სხვაობის საქონლის რეალიზაცია ბუღალტრულად აღრიცხული არ ჰქონდა გადამხდელს.
მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს საპირწონე, გამაბათილებელი და მყარი არგუმენტების/მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დადგენილი ფასნამატით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. შემოწმებისას გამოვლენილი არაგონივრული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. დამფუძნებლის ახსნა-განმარტების საფუძველზე, სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებისას, ასევე გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ სესხად შემოტანილი თანხების ოდენობა, რითიც საბოლოოდ შემცირდა არაგონივრული ნაშთის ოდენობა. საგადასახადო კოდექსის 101-ე, 73-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის დირექტორი ------- იმავდროულად 100% წილის მფლობელი პარტნიორია. ამ შემთხვევაში, თუ ეს თანხა მას მიღებულად უნდა ჩაეთვალოს, რატომ უნდა დაიბეგროს, როგორც ხელფასი და არა როგორც დივიდენდი, სრულიად გაუგებარია. ეს თანხა, თუ მას არ შეცვლის საგადასახადო შემოწმება საჩივრის შედეგად, დივიდენდად არის გადასაკვალიფიცირებელი, როგორც მინიმუმ.
თუმცა, ეს არ არის მთავარი ამ ნაწილში. მთავარი ისაა, რომ ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, რომელთა გათვალისწინების შედეგად ეს დარიცხული თანხა იმედია მნიშვნელოვნად შემცირდება, ითხოვს, რომ თანხის ის ნაწილი, რაც აღემატება ------- მიერ სესხად შემოტანილ თანხებს, ჩაეთვალოს მას არა ხელფასად, არამედ მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე დაკისრებულ თანხად. ეს, გარდა იმისა, რომ სამართლიანი მიდგომა იქნებოდა (რადგან მას არ მიუღია ეს თანხები), პრაგმატულადაც გამართლებულია, რადგან ასეთ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადის დამატებითი დარიცხვა განულდება, ხოლო -------, როგორც დირექტორი და 100% წილის მფლობელი პარტნიორი მოახდენს თანხის მობილიზაციას პირადი სანაცნობო/სანათესავო წრის მეშვეობით და შემოიტანს ამ თანხას კომპანიაში დარიცხული დღგ-ის თანხის დასაფარავად, რის გარანტიასაც იძლევა!
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დამატებით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშებას და ზედმეტად დარიცხული თანხების შემცირებას.
ეს იყო ამონარიდი წინა საჩივრიდან, რომელიც ფაქტობრივად შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს, როგორც ჩანს, არსებითად არც განუხილავს. ამის საფუძველს აძლევს ზემოაღნიშნულ (გასაჩივრებულ) 29.01.2024 წ. №1438 ბრძანებაში მოყვანილი შემოსავლების სამსახურის არგუმენტები, რომლებიც ძალიან ზოგადი სახისაა მხოლოდ და ფაქტობრივად არ წამოადგენს ჩვენს კონტრარგუმენტაციას.
ასე მაგალითად:
1) „შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომელთა თანახმად, კომპანია ბუღალტრული აღრიცხვისთვის იყენებდა პროგრამა „ინფოს“, სადაც დოკუმენტური რეალიზაცია შეყვანილი იყო სრულად, თუმცა საცალო რეალიზაციის აღრიცხვა არ ხდებოდა სრულყოფილად“.
აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერში“ საცალო რეალიზაცია აღრიცხული იყო სათანადოდ და სრულად. რაც შეეხება დანაკლისს, ის რომ აღრიცხული ყოფილიყო, დანაკლისი ხომ არც დაფიქსირდებოდა, მაგრამ ეს აღრიცხვიანობის ხარვეზი არ არის.
2) „კომპანიას 2023 წლის 3 ივლისს ბუღალტრულად უფიქსირდებოდა 1 168 410 ლარის საქონელი, ხოლო ფაქტობრივად აღმოჩნდა 370 741 ლარის. აღნიშნული სხვაობის საქონლის რეალიზაცია ბუღალტრულად აღრიცხული არ ჰქონდა გადამხდელს. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, ზემოთხსენებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი 11%, რომელიც იდენტური იყო ინვენტარიზაციის ფასნამატის და დღგ-ის მიზნებისათვის ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის ბრუნვის პროპორციულად რეალიზებულად“.
როგორც განმარტა, ასეთი მაღალი ფასნამატი გამოწვეულია მხოლოდ ახალი მაღალმოთხოვნადი მოდელების გაყიდვებით (რაც არ შეესაბამება დანაკლისებულ საქონელს), ხოლო დანარჩენებზე საშუალო ფასნამატი დაახლოებით 7%-ია. ბიზნესის თავისებურებიდან გამომდინარე (საქონელს ყიდულობთ ადგილზე სხვა მსხვილი მაღაზიებიდან და მერე ვყიდით), 11%-იანი ფასნამატის გამოყენება არის სრულიად წარმოუდგენელი! წინა საჩივარში მოიყვანა მაგალითი (ს/ზ 0669638085), როდესაც ტექნიკა გაყიდულია 6,4%-ად. მართალია, ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, მაგრამ ეს მოიყვანა მხოლოდ ნიმუშად, ხოლო ასეთი მაგალითები რეალურად უამრავია და ამიტომ ითხოვდა და ითხოვს ფასნამატის გადაანგარიშებას შესაბამისი გაყიდვების მიხედვით, რაც არაფრით გამოვა 7%-ზე მეტი. მის მაგალითზე შემოსავლების სამსახურის პასუხში არაფერია საერთოდ ნათქვამი, ისევე როგორც დაშვებულ მცირე არითმეტიკულ შეცდომაზე.
3) „არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია“.
კანონშესაბამისი შეიძლება ყოფილიყო, საწარმოს დირექტორი პარტნიორი რომ არ იყოს, ან საწარმოს რამდენიმე პარტნიორი რომ ჰყავდეს. საწარმოს დირექტორი იმავდროულად მისი 100% წილის მფლობელი პარტნიორია და ხელფასს აიღებს თუ დივიდენდს, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. ცხადია, ის ყოველთვის აირჩევს დივიდენდად თანხის აღებას, რადგან ეს ცოტათი უფრო მცირე დაბეგვრას იწვევს. შემოწმებით, მას „ხელზე“ აღებულ თანხად ჩაეთვალა 380192 ლარი (რადგან დანარჩენი თანხები მას შემოტანილი ჰქონდა საწარმოში), თუმცა ეს თანხა მკვეთრად შესამცირებელია არგუმენტებიდან გამომდინარე, ხოლო რაც დარჩება, ის დივიდენდად უნდა იქნეს განხილული.
4) „შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს“.
რატომ არ ყოფილა? ერთ სასაქონლო ზედნადებზე უკვე აღნიშნა ზემოთ, ხოლო რაც შეეხება შეცდომით დანაკლისად ჩათვლილ 12 კონდიციონერს, რომლებიც შესყიდულია შპს „-------“ მიერ შემდეგი სასაქონლო ზედნადებებით: ელ -------- 05.07.2021; ელ ------- 24.08.2022; ელ ------- 05.04.2023; ელ ------- 27.05.2023; ამათზე საერთოდ არაფერია თქმული რატომღაც.
ეს 12 კონდიციონერი ამოსაღებია დანაკლისებული საქონლის სიიდან, რადგან ისინი იყო ადგილზე და ნახეს შემმოწმებლებმა, მხოლოდ შეცდომით იქნა მითვლილი სხვა კომპანიაზე - შპს „-------“, რომელსაც იგივე 12 კონდენციონერი ზედმეტობად ჩაეთვალა ინვენტარიზაციის დროს და დაჯარიმდა ამის გამო. შპს „-------“ ადასტურებს ამ ფაქტს, ხოლო დარიცხვას თავის მხრივ ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურში. გაუგებარია, რატომ არ იმსჯელა ამაზე შემოსავლების სამსახურმა დავის განხილვის პროცესში.
მისი გაანგარიშებითა და არგუმენტების გათვალისწინებით, დანაკლისებული საქონლის თვითღირებულებაა 514440 ლარი, რაც 7%-იანი ფასნამატის და 18% დღგ-ის პირობებში, ნიშნავს დანაკლისს დღგ-ის ჩათვლით 514440*1,07*1,18=649532 ლარს, ანუ დღგ-ის გარეშე - 550451 ლარს. შესაბამისად, დღგ-ის თანხა აქედან მხოლოდ 99082 ლარია. დანარჩენი სხვაობა კი დანაკლისი არ არის, არამედ გასარკვევია მათი წარმოშობის მიზეზი. ისინი არ გაყიდულა და თანხა საწარმოში არ შემოსულა. ამიტომ ითხოვს მათი დაბეგვრა დღგ-ით მოხდეს თვითღირებულებიდან, როგორც უსასყიდლოდ გაცემული საქონლის, რაც შესაბამისობაშია საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილთან.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ითხოვს შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადების გადაანგარიშებას, რაც შესაძლებლობას მისცემს, შეძლოს მათი გადახდა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. დამფუძნებლის ახნა-განმარტების საფუძველზე, სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებისას, შემოწმებამ ასევე გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის მიერ სესხად შემოტანილი თანხების ოდენობა, რითიც საბოლოოდ შემცირდა არაგონივრული ნაშთის ოდენობა.
პირველი დავის საგნიდან გამომდინარე, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი მომჩივანს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად და არც ფაქტიურად გააჩნდა, საბჭოს მიაჩნია, რომ გაანგარიშებული არაგონივრული ფულის ნაშთის საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №007-274 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 124 123 ლარი და საურავი - 38 991 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც ზემოთ უკვე აღნიშნა, ყველა დამატებითი დარიცხვა გამომდინარეობს ერთადერთი მიზეზით - 2023 წლის 3 ივლისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებით. ყველა სხვა საანგარიშგებო პერიოდებთან მიმართებაში და ყველა გადასახადში, დარიცხვები არის ნულის ტოლი! ანუ, ამ პერიოდებში არცერთ გადასახადში არანაირი საბუღალტრო ან საგადასახადო შეცდომა დარღვევა გამოვლენილი არ არის.
ასევე აღნიშნა, 2020 წლის ნოემბრიდან ანუ დაფუძნების დღიდან დღემდე მის საწარმოს სრულად აქვს მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო შემოწმებას არ გამოუვლენია არცერთი სააღრიცხვო ან საგადასახადო შეცდომა არც ბუღალტრულ ფაილში და არც საგადასახადო დეკლარაციებში.
აღნიშნულის გამო, მოითხოვს, იმისდა მიუხედავად, თუ რა ნაწილში იქნება გათვალისწინებული მისი საჩივრის არგუმენტები, სრულად მოხსნას დარიცხული ჯარიმები და საურავები (რაც დარჩება გადაანგარიშების შედეგად) საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლების შესაბამისად.
აღნიშნული საშუალებას მისცემს, გააგრძელოს საქმიანობა, გადაიხადოს გადასახადები და გარანტირებულად განაცხადოს, რომ ის მიზეზები, რის გამოც ახლა ჯარიმდება, არ იქნება განმეორებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით;
2. შემოწმებისას გამოვლენილი არაგონივრული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება;
3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიას გააჩნდა იჯარით აღებული სასაწყობე ფართები. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტებზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, ფაქტობრივად არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის რაოდენობის, თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის მიზნით.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა ბუღალტრულად დაფიქსირდებულ და ფაქტობრივად არსებულ საქონელს შორის სხვაობა, რაზეც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი და დღგ-ის მიზნებისათვის ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის ბრუნვის პროპორციულად რეალიზებულად.
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. დამფუძნებლის ახსნა-განმარტების საფუძველზე, სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებისას, ასევე გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის მიერ სესხად შემოტანილი თანხების ოდენობა, რითიც საბოლოოდ შემცირდა არაგონივრული ნაშთის ოდენობა.
გადასახადის გადამხდელს დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 159; 269(7); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161