გადაწყვეტილება №19720/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19720/2/2023
03 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------19.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19720/2/2023).
დავის საგანი:
1. სესხად ჩათვლილ თანხაზე საპროცენტო სარგებლის ოდენობა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება დაუძლეველი ძალის მოქმედებისგათვალისწინებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2022 წლის №094-96 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10491 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 474 119,47 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 290 771
დღგ - (- 400)
მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 951
მოგების გადასახადი - 259 184
საშემოსავლო გადასახადი - 31 036
ჯარიმა - 149 815
საურავი - 33 533,47
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე
გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2022 წლის №094-96 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10491 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სესხად ჩათვლილ თანხაზე საპროცენტო სარგებლის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დამფუძნებლები იყვნენ ------------ (პ/ნ ------------) - 52% წილით, ------------ (პ/ნ ------------) - 24% წილით და ------------ (პ/ნ ------------) - 24% წილით. 25.01.2022 წელს წილის ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა ------------ 24%-იანი წილის და ------------ 24%-იანი წილის გადაცემა ------------. ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის სრული ღირებულება შეადგენს 2 400 000 ლარს. ------------ და ------------ წილის სანაცვლოდ 25.01.2022 წელს სს ------------ ბანკიდან შპს ------------ კუთვნილი ანგარიშიდან ჩაერიცხათ თითოეულს 1 000 000 ლარი, ხოლო წილის დარჩენილი ღირებულება 400 000 ლარი უნდა ჩაერიცხოთ 16 თვის ვადაში.
აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული, გადახდილი წილის თანხა შპს ------------ (ს/ნ ------------) მიერ მიღებულია სესხის სახით 30.12.2021 წელს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების (№2------------) საფუძველზე, 650 000 აშშ დოლარის ოდენობით სს ------------ბანკიდან. 2019 წელს შპს „------------“-ის (ს/ნ ------------) მიერ მოხდა შპს ------------ საკუთრებაში არსებული აქტივების საბაზრო ღირებულების დადგენა, შეფასების ანგარიშის №------------ მიხედვით საწარმოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება 31.12.2018 წლის მდგომარეობით შეადგენს 2 285 000 ლარს, ხოლო მოძრავი ქონების ღირებულება (სატრანსპორტო საშუალებები, საოფისე ინვენტარი და სხვა დანადგარ-მოწყობილობების) შეადგენს 265 950 ლარს. ჯამში აქტივების ღირებულება შეადგენს 2 550 950 ლარს. საწარმოს 25.01.2022 წლის მდგომარეობით უფიქსირდებოდა 1 007 855 ლარის ოდენობის გაუნაწილებელი მოგება, საიდანაც 31.01.2022 წელს 100%-იანი წილის მფლობელი ---------- მიერ გატანილ იქნა დივიდენდი 520 000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, კომპანიის ანგარიშიდან დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიერ შეძენილი წილის სანაცვლოდ გადახდილი 2 000 000 ლარიდან 487 745 ლარი (გაუნაწილებელ მოგებასა და გატანილ დივიდენდს შორის სხვაობა) შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებისა და გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნაგანმარტების საფუძველზე დაკვალიფიცირდა დივიდენდად, რომელიც გაცემულია 2008-2016 წლებში მიღებული და დღემდე გაუცემელი მოგებიდან, ხოლო დარჩენილი თანხის ნაწილი 1 536 642 (2 000 000 – 463 358) ლარი დაკვალიფიცირდა დამფუძნებელზე გაცემულ პროცენტიან სესხად, გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე. შესაბამისად, 487 745 ლარი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო 1 536 642 ლარი - მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელი ეთანხმება თანხების დამფუძნებელზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციას თუმცა პრეტენზიას აცხადებს აღნიშნულ სესხზე გაანგარიშებულ პროცენტთან მიმართებით. შემოწმების აქტით დგინდება, რომ საწარმოს ანგარიშიდან გადახდილი 2 000 000 ლარიდან 487 745 ლარი (გაუნაწილებელ მოგებასა და გატანილ დივიდენდს შორის სხვაობა) გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე დაკვალიფიცირდა დივიდენდად, ხოლო დარჩენილი თანხის ნაწილი 1 536 642 (2 000 000 – 463 358) ლარი დაკვალიფიცირდა დამფუძნებელზე გაცემულ პროცენტიან სესხად, გადამხდელის წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე.
შესაბამისად, 487 745 ლარი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, ხოლო 1 536 642 ლარი დაბეგრილ იქნა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გაცემულ სესხად გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული თანხები განხილულია 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში, კერძოდ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სესხად დაკვალიფიცირებული თანხა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადით არ დაბეგრილა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის იმგვარი არგუმენტაცია წარმოდგენილი, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები დაუსაბუთებელია და აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არასწორია შემოსავლების სამსახურის განმარტება სესხის წლიურ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. დადგენილი ფაქტია, რომ 2022 წლის იანვარში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით სესხის საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 18%-ს, ხოლო შემოსავლების სამსახურმა ნაცვლად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო სარგებელისა სესხის წლიურ განაკვეთის გაანგარიშებისას იხელმძღვანელა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი 20%-იანი განაკვეთით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.01.2011 წლის №34 ბრძანება ეხება საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, ხოლო ეს ქვეპუნქტი თავის მხრივ ეხება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის სესხის გაცემას. დადგენილი ფაქტია, რომ საწარმოს დამფუძნებელი, რომელზეც გაიცა სესხი არ წარმოადგენდა დასაქმებულ პირს საქართველოს შრომის კოდექსის ან/და საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად.
გამომდინარე აქედან, შემოსავლების სამსახურს უკიდურეს შემთხვევაში უნდა ეხელმძღვანელა იმ საპროცენტო განაკვეთით, რომელსაც ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი. საპორცენტო განაკვეთთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა საერთოდ არ იმსჯელა და უპასუხოდა დატოვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 25.01.2022 წელს წილის ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა შპს ----------- საკუთრებაში არსებული------------- 24%- იანი წილის და ---------- 24%-იანი წილის გადაცემა ----------. ----------- და ------------ წილის სანაცვლოდ 25.01.2022 წელს სს -------- ბანკიდან შპს --------- კუთვნილი ანგარიშიდან ჩაერიცხათ თითოეულს 1 000 000 ლარი, ხოლო წილის დარჩენილი ღირებულება 400 000 ლარი უნდა ჩაერიცხოთ 16 თვის ვადაში. საწარმოს 25.01.2022 წლის მდგომარეობით უფიქსირდებოდა 1 007 855 ლარის ოდენობის გაუნაწილებელი მოგება, საიდანაც 31.01.2022 წელს 100%-იანი წილის მფლობელი ---------- მიერ გატანილ იქნა დივიდენდი 520 000 ლარის ოდენობით. კომპანიის ანგარიშიდან დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიერ შეძენილი წილის სანაცვლოდ გადახდილი 2 000 000 ლარიდან 487 745 ლარი დაკვალიფიცირდა დივიდენდად, რომელიც გაცემულია 2008-2016 წლებში მიღებული და დღემდე გაუცემელი მოგებიდან, ხოლო დარჩენილი თანხის ნაწილი 1 536 642 (2 000 000– 463 358) ლარი დაკვალიფიცირდა დამფუძნებელზე გაცემულ პროცენტიან სესხად. 487 745 ლარი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო 1 536 642 ლარი დაბეგრილი იქნა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად.
მომჩივანი მიუთითებს, რომ 2022 წლის იანვარში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით სესხის საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 18%-ს, ხოლო შემოსავლების სამსახურმა ნაცვლად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო სარგებელისა სესხის წლიურ განაკვეთის გაანგარიშებისას იხელმძღვანელა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი 20%-იანი განაკვეთით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, 2022 წლის ოპერაცია გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების საფუძველზე დაკვალიფიცირდა როგორც გაცემული სესხი და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ეს იყო შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო თვე, შესაბამისად შემოწმებით სესხზე საპროცენტო სარგებელი არ დარიცხულა.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება დაუძლეველი ძალის მოქმედების გათვალისწინებით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 149 715 ლარი და 291-ე მუხლით 100 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2022 წლის №094-96 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 33 533,47 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველი. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებელი სრულყოფილად არ ჩამოთვლის ბრალეული ქმედების გამომრიცხველ გარემოებებს. პოზიცია, რომელიც გამოხატა გადასახადის გადამხდელმა როგორც შემოწმებისას, ისე საჩივრის წარდგენისას, იყო გულწრფელი და ობიექტური, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც კომპანიას უწევდა საქმიანობა კორონაპანდემიისას. მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელის განმარტება არ მიიჩნია საკმარის საფუძვლად იმისათვის, რომ არ დაეკისრებინა პასუხისმგებლობა. ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის მსჯელობა არის დაუსაბუთებელი. კომპანიის საქმიანი რეპუტაციის და კანონის შესრულებისკენ დამოკიდებულების გათვალისწინებით, ასევე გადასახადის გადახდების და წარსულში ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევების რაოდენობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს უნდა გაეთავისუფლებინა კომპანია დაკისრებული პასუხისმგებლობისგან - საურავის და ჯარიმის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურმა მომჩივნის განმარტება ამ ნაწილში შეფასების გარეშე დატოვა, რაც სადავო აქტის კანონიერებას ეჭქვეშ აყენებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირს ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად. დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის:
ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);
ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;
გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო სანქციები დაკისრებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.სესხად ჩათვლილ თანხაზე საპროცენტო სარგებლის ოდენობა;
2.დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება დაუძლეველი ძალის მოქმედების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტით დგინდება, რომ საწარმოს ანგარიშიდან გადახდილი თანხის ნაწილი (გაუნაწილებელ მოგებასა და გატანილ დივიდენდს შორის სხვაობა) გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე დაკვალიფიცირდა დივიდენდად, ხოლო დარჩენილი თანხის ნაწილი დაკვალიფიცირდა დამფუძნებელზე გაცემულ პროცენტიან სესხად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;275(2);272(1);269(5);