გადაწყვეტილება № 27810/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27810/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 19.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27810/2/2026).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2026 წლის №001-110 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.07.2026 წლის №15107 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 60 091,22 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 38 846,95
ჯარიმა - 19 423
საურავი - 1 821,27
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო საქონლის ---- იმპორტი და ----- ტერიტორიაზე რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის არაკვალიფიციურ გადამხდელად რეგისტრირებულია 2025 წლის 17 სექტემბრიდან.
აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 17.09.2025 წლიდან 1.03.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩართული იყო მინდობილი პირი ფ/პ -----, რომელმაც წარმოადგინა მინდობილობა, საბანკო ცნობები და ამონაწერები. გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. საწარმოს მიერ არ არის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, შესაბამისად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. 16.04.2026 წელს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №189673. ხოლო, 4.05.2026 წელს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №189677.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია. 24.03.2026 წლის №6308 ბრძანებით საწარმოში ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად, სალაროს ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. ასევე, 26.03.2026 წლის №6635 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც 27.03.2026 წლის მდგომარეობით განისაზღვრა 972 850 ლარის საბაზრო ღირებულების ნაშთი, რომელიც მოიცავს 310 120 ლარის აღურიცხავ საქონელს.
საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული მასალებისა და ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი (საშუალოდ 32%). შესამოწმებელ პერიოდზე საწარმოს მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 4 042 ლარს, ხოლო შემოწმებით განისაზღვრა 908 107 ლარი. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.06.2026 წლის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 3.07.2026 წლის №15107 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანის აღნიშნავს, რომ რეალიზაციას ახორციელებს საბითუმო ფასნამატით (3-5%). არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტს და ითხოვს მის კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, შესაბამისად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც 2026 წლის 27 მარტის მდგომარეობით განისაზღვრა 972 850 ლარის საბაზრო ღირებულების ნაშთი, რომელიც მოიცავდა 310 120 ლარის აღურიცხავ საქონელს. ამასთან, საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რომლითაც სალაროს ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი, საშუალოდ 32%.
მომჩივანი საჩივარში უთითებს, რომ რეალიზაციას ახორციელებს საბითუმო ფასნამატით (3-5%). თუმცა, საჩივრის წარმოების ეტაპზე არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები.
საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ წარადგინა ახალი არგუმენტები ან მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგინდა, რომ საწარმოს მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, რის გამოც საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგინდა 972 850 ლარის საბაზრო ღირებულების ნაშთი, საიდანაც 310 120 ლარი წარმოადგენდა აღურიცხავ საქონელს. ასევე, სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით სალაროს ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით.
რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება გაანგარიშდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული საშუალო ფასნამატის (32%) გამოყენებით. მომჩივნის მითითება 3-5%-იანი საბითუმო ფასნამატის შესახებ არ იქნა გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);158;159;163;164;