ბრძანება N 9285

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.04.2026
№ დოკუმენტი 9285
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9285

28 აპრილი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2026 წლის 8 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 აპრილის სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2026 წლის 8 აპრილის №101677/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 მარტის №021-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი ითხოვს დღგ-ის ჩათვლის მიღებას. აცხადებს, რომ 2025 წლის ივლისში შპს „-------“-ის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ვერ მიიღო დღგ-ის ჩათვლა (6 375 ლარის ოდენობით), ვინაიდან შპს „--------“ წარმოადგენდა არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელს. ასევე, მომჩივანი აცხადებს რომ 2025 წლის ნოემბერში შპს „N1-ის“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რომლის დღგ-ის თანხა შეადგენდა 6 718 ლარს, ტექნიკურად ვერ მიიღო ჩათვლა და ვერ შეძლო დეკლარაციისთვის მიბმა, თუმცა დადასტურებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 იანვრის №1144 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2025 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 10 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 12 მარტის №5496 ბრძანება და ამავე თარიღის №021- 18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 11 785 ლარი, მათ შორის გადასახადი 7 641 ლარი, ჯარიმა 3 820 ლარი და საურავი 324 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

 შესამოწმებელ პერიოდში, ჩათვლაში გასათვალისწინებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით, დღგ-ის თანხამ შეადგინა 14 441 ლარი. საგადასახადო შემოწმების შედეგების შეჯამებისას, შემოწმებამ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გაითვალისწინა სრულად და ჩასათვლელ თანხად განისაზღვრა 14 441 ლარი.

 შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები. დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა დღგ-ის ნულოვანი დეკლარაცია. ამავე პერიოდში კომპანიას გამოწერილი ჰქონდა 122 676 ლარის ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა აღნიშნული თანხა არ ჰქონდა ასახული გადამხდელის მიერ შესაბამისი პერიოდის დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმების შედეგად, ბრძანებით განსაზღვრული პერიოდის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე (კერძოდ, გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზის გზით) გაანგარიშდა გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები. აღნიშნული მონაცემები შედარდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მაჩვენებლებთან, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობა, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ; ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის არგუმენტაცია, რომლითაც ითხოვს დამატებით ჩათვლის მიღებას ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ზეპირსიტყვიერი განმარტების თანახმად:

 შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის ჩათვლებში, ვინაიდან აღნიშნული კომპანია წარმოადგენს არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელს. ამასთან, შპს „-------“-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დეკლარირებული აქვს, თუმცა ბიუჯეტში თანხის გადახდა არ უფიქსირდება.

 დღგ-ს ჩათვლებში არ იქნა გათვალისწინებული შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-„-------“), რადგან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ და აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას აქვს ჩათვლის შეზღუდვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“ (ს/ნ „--------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს დღგ-ის ჩათვლის მიღებას.

2.გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში, ჩათვლაში გასათვალისწინებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით, დღგ-ის თანხამ შეადგინა 14 441 ლარი. საგადასახადო შემოწმების შედეგების შეჯამებისას, შემოწმებამ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გაითვალისწინა სრულად და ჩასათვლელ თანხად განისაზღვრა 14 441 ლარი.

შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები. დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა დღგ-ის ნულოვანი დეკლარაცია. ამავე პერიოდში კომპანიას გამოწერილი ჰქონდა ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა აღნიშნული თანხა არ ჰქონდა ასახული გადამხდელის მიერ შესაბამისი პერიოდის დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმების შედეგად,აღნიშნული მონაცემები შედარდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მაჩვენებლებთან, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობა, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით სსკ-ის 159-ე მუხლის საფუძველზე.შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

174,175,180,275.