ბრძანება N 24658
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24658
29 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2026 წლის 23 აპრილის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №93) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 ოქტომბრის №27828/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2026 წლის 23 აპრილის №101945/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 25 მარტის №006-98 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22511 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2023 წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 24 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 25 მარტის №6600 ბრძანება და ამავე თარიღის №006-98 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 15 589 420 ლარი, მათ შორის, გადასახადი 9 619 052 ლარი, ჯარიმა 4 809 526 ლარი და საურავი 1 160 842 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, დავის შედეგად საქმეზე საბოლოოდ მიღებული შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 ივლისის №15365 ბრძანებით შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 5 ოქტომბრის №27828/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 ივლისის №15365 ბრძანება და საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 ოქტომბრის №27828/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 7 სექტემბრის №85007- 21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას რეალიზებული აქვს 70 108 271 ლარის ჯართი, ხოლო დოკუმენტურად უფიქსირდება 519 990 ლარის ჯართის შეძენა.
შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგინდა არადოკუმენტურ შეძენებზე ხარჯების ოდენობა. კერძოდ, არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯის 75%.
ამასთან აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელთან 2023 წელს №20032 და №28717 ბრძანებების საფუძველზე განხორციელებულია საგადასახადო შემოწმებები, რა დროსაც შპს „---ს“ დამატებით დაერიცხა გარკვეული თანხები. ერთიანი ელექტრონული ბაზების შესწავლით ირკვევა, რომ საწარმო ძველ შესამოწმებელ პერიოდშიც ახორციელებდა იმავე საქმიანობას და არც მაშინ ჰქონდა სრულყოფილი აღრიცხვა/დოკუმენტაცია. 2023 წლის 11 დეკემბრის აქტით დარიცხვა განხორციელდა საშემოსავლო გადასახადში, ფულის მოძრაობის ანალიზის დროს კი საგადასახადო ორგანო დაეყრდნო №0256 სიტუაციურ სახელმძღვანელოს და არადოკუმენტურ შეძენებზე შეძენის თანხის განსაზღვრა მოხდა 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით. შესაბამისად, ძველი და ახალი შემოწმების მიერ გამოყენებული მეთოდები განსხვავებულია ერთმანეთისაგან, რაც გამოწვეულია მეთოდური მითითების ცვლილებებით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას/შეფასებას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
დარიცხული თანხა 15 589 420 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 9 619 052
ჯარიმა - 4 809 526
საურავი - 1 160 842
აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას რეალიზებული აქვს 70 108 271 ლარის ჯართი, ხოლო დოკუმენტურად უფიქსირდება 519 990 ლარის ჯართის შეძენა. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგინდა არადოკუმენტურ შეძენებზე ხარჯების ოდენობა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333, 154-ე მუხლების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ №996 ბრძანების 393 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, უდოკუმენტოდ შეძენილ საქონლის ღირებულებაზე 36 542 669 ლარზე (გროს თანხა) გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, გადასახადის გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდზე წარადგინა საბანკო ამონაწერები. კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება და სალაროში ნაღდი ფული არის ნული ლარის ტოლი.
შემოწმების მიერ შედგა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება, სადაც შემოსულ თანხად აღებულ იქნა პროდუქციის რეალიზაციიდან შემოსული ფულადი საშუალებები, გაწეულ ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტური შეძენები, ბანკის მეშვეობით გადახდილი საკომისიო ხარჯები, ასევე ბიუჯეტში გადახდები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ხარჯების ოდენობა.
შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შემოწმების პერიოდის ბოლოს უნდა გააჩნდეს ფულის ნაშთი 42 613 910 ლარი (გროს თანხა). გამოვლენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი განმარტავს, რომ არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შავი ლითონის შეძენის დოკუმენტების არარსებობის გამო, აღნიშნული საქონლის ფიზიკური პირებისგან შესყიდვად განხილვას. ასევე, არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის ღირებულების განსაზღვრას 36 542 669 ლარის ოდენობით. აცხადებს, რომ აღნიშნული გაანგარიშება არასწორია, ვინაიდან კომპანიის მოგება შეადგენს 20-25%-ს. ამდენად, ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულება იქნება 54 207 425 ლარი, რომლის მიხედვითაც გადასაანგარიშებელი იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით დასაბეგრი თანხა. ამასთან, მომჩივანი აცხადებს, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას 70 108 271 ლარს უნდა გამოკლდეს შეძენების ღირებულება 54 207 425 ლარი. შესაბამისად, 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა იქნება 15 900 844 ლარი, ნაცვლად საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული 36 542 669 ლარისა.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ;
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის;
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრით არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი განსაზღვროს მიღებული შემოსავლის 75%-ით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი განსაზღვროს მიღებული შემოსავლის 75%-ით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას რეალიზებული აქვს 70 108 271 ლარის ჯართი, ხოლო დოკუმენტურად უფიქსირდება 519 990 ლარის ჯართის შეძენა. შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგინდა არადოკუმენტურ შეძენებზე ხარჯების ოდენობა, უდოკუმენტოდ შეძენილ საქონლის ღირებულებაზე 36 542 669 ლარზე (გროს თანხა) გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
შემოწმების მიერ შედგა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება, სადაც შემოსულ თანხად აღებულ იქნა პროდუქციის რეალიზაციიდან შემოსული ფულადი საშუალებები, გაწეულ ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტური შეძენები, ბანკის მეშვეობით გადახდილი საკომისიო ხარჯები, ასევე ბიუჯეტში გადახდები და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ხარჯების ოდენობა.
შემოსავლებისა და ხარჯების ანლიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შემოწმების პერიოდის ბოლოს უნდა გააჩნდეს ფულის ნაშთი 42 613 910 ლარი (გროს თანხა). გამოვლენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი განსაზღვროს მიღებული შემოსავლის 75%-ით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1); 1333.