ბრძანება N 23839

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.10.2025
№ დოკუმენტი 23839
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23839

29 ოქტომბერი 2025

ბრძანება

შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“)

(ფაქტ. მის.: „--------“)

2025 წლის 2 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 8 და 9 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმი №84 და №85) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) 2025 წლის 2 აგვისტოს №97303/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №056-35 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშებას შედეგებს და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას. აღნიშნავს, რომ გაუგებარია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნაში მითითებული გარემოება, რომლის თანახმად, 2024 წლის ივლისის თვეში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული პროდუქციის სრული იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. აცხადებს, რომ სადავო შემთხვევაში საქმე ეხება მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით რეალიზებულ პროდუქციას, რომელიც იმპორტით არის შემოტანილი. შესაბამისად, გაუგებარია როგორ ვერ გამიჯნა საქონელი შემმოწმებელმა. მიუთითებს, რომ შემმოწმებელმა საწარმოს ფაქტობრივად დაუდგინა სხვა საქონლის რეალიზაცია, რომლის არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შეძენა და არც რეალიზაცია) ფიზიკურად არ არსებობს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 26 თებერვლის №3450 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“-ის (ს/ნ „--------“) 2024 წლის 3 აგვისტოს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ერთიდაიმავე პროდუქციის რეალიზაციის ორჯერ დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მიეცეს რეკომენდაცია აუდიტის დეპარტამენტს, 2024 წლის ივლისის თვის დღგ-ის საანგარიშო პერიოდი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

 

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 26 თებერვლის №3450 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2025 წლის 30 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №056-35 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის საფუძველზე ჩატარდა ზოგადი ანალიტიკური პროცედურები, რის შედეგადაც 2024 წლის ივლისის თვეში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული პროდუქციის სრული იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ განხორციელებულა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 კარის დებულებებით განსაზღვრული ღონისძიებები და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 კარის დებულებებით განსაზღვრული ღონისძიებები არ განხორციელებულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 26 თებერვლის №3450 ბრძანება. შესაბამისად, ერთიდაიმავე პროდუქციის რეალიზაციის ორჯერ დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 2024 წლის ივლისის თვის დღგ-ის საანგარიშო პერიოდი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით, მ.შ. საგამოძიებო სამსახურში გადამოწმების გზით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ერთიდაიმავე პროდუქციის რეალიზაციის ორჯერ დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 2024 წლის ივლისის თვის დღგ-ის საანგარიშო პერიოდი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით, მ.შ. საგამოძიებო სამსახურში გადამოწმების გზით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშებას შედეგებს და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 26 თებერვლის №3450 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2025 წლის 30 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №056-35 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 26 თებერვლის №3450 ბრძანება. შესაბამისად, ერთიდაიმავე პროდუქციის რეალიზაციის ორჯერ დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 2024 წლის ივლისის თვის დღგ-ის საანგარიშო პერიოდი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით, მ.შ. საგამოძიებო სამსახურში გადამოწმების გზით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),164,165.