გადაწყვეტილება №20375/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.11.2023
№ დოკუმენტი 20375/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20375/2/2023

07 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 26.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20375/2/2023).

 

დავის საგანი: შემოსავლების სამსახურის 16.12.2022 წლის №31664 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №006-122 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.07.2023 წლის №16043 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 652 738,05 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 280 879

მოგების გადასახადი - 66 758

საშემოსავლო გადასახადი - 214 002

ქონების გადასახადი - 119

ჯარიმა - 195 430

საურავი - 176 429,05

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2022 წლის №006-246 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.12.2022 წლის №31664 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების და სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის დირექტორებზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის მტკიცებულებები საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელის (---) მიერ კაპიტალში განხორციელებული შენატანის და შპს--- გაცემული სესხის თაობაზე. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის შეისწავლოს ტექნიკური უზუსტობები და საჩივარზე თანდართული მასალები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.12.2022 წლის №31664 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელზე (---) გაცემული ფულადი სახსრები წარმოადგენს კაპიტალში შეტანის უკან დაბრუნებას, რაც პროგრამა ალტაში ასახული იყო როგორც საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა. მიუთითებს, რომ კაპიტალში განხორციელებული შენატანების არსებობა დასტურდება saras.gov.ge-ზე ატვირთული ფინანსური ანგარიშგებით. გადაანგარიშების განხორციელების პერიოდში გადამხდელის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარმოდგენილი იქნა საწარმოს კაპიტალში თანხების შეტანის შესახებ კრების ოქმებისა და სალაროს შემოსავლის ორდერების ასლები. აღნიშნული ინფორმაცია არ არის ასახული საწარმოს სააღრიცხვო მასალებში (რომლითაც იხელმძღვანელა შემოწმებამ). კერძოდ, აღნიშნული თანხები არ მონაწილეობს ფულის მოძრაობაში. აღნიშნული გამოიწვევდა ფულადი ნაშთის ზრდას 558 536 ლარით, რაც აღემატება საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელზე (---) გაცემულად აღრიცხულ ფულად სახსრებს 406 696 ლარით.

საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმებით აღნიშნულ საკითხში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები არასწორად იქნა განსაზღვრული, კერძოდ საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების გაანგარიშებაში მონაწილეობა მიიღო 23.04.2018 წელს შპს ---ზე (ს/ნ ---) გაცემულმა სესხმა, 50 000 აშშ დოლარის ოდენობით.

საჩივარზე თანდართულია სესხის ხელშეკრულება (ასლი), თუმცა გადაანგარიშების განხორციელების პერიოდში შემოწმებისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი შპს ---თან (ს/ნ---) გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი შესამოწმებელ პერიოდზე და სხვა საკმარისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

გადასახადის გადამხდელი საჩივარში ასევე მიუთითებს, რომ საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხებში მონაწილეობა მიიღო პროგრამა ალტაში სატრანზიტო ანგარიშებზე არსებულმა ნაშთებმა (257 828 ლარი), რომელზეც ტრანზიტულად აისახება სხვადასხვა ვალუტაში წარმოებული ოპერაციები, რაც თავის მხრივ წარმოადგენს საკურსო სხვაობას, რომელიც გავლენას ახდენს ფინანსურ შედეგზე. სააღრიცხვო პროგრამიდან დაექსელებული ბარათების მიხედვით, კომპანიის მიერ აღნიშნული თანხა აღრიცხულია, როგორც ვალდებულება დამფუძნებლების მიმართ სადებეტო ნაშთით 257 828 ლარი, რაც შემოწმების მიერ განხილულ იქნა დამქირავებლის მიერ საწარმოს დირექტორებზე ---ზე (პ/ნ ---) და ---ზე (პ/ნ ---) გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

აღნიშნულ თანხებზე გადაანგარიშების მიმდინარეობისას ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, შესაბამისად საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახურის 16.12.2022 წლის №31664 ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშებით გასწორებულ იქნა ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული უზუსტობა, კერძოდ სალაროში არსებული ფულის ნაშთის ოდენობები კალენდარული თვეების შესაბამისად, რომლის შედეგად შემცირებული იქნა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები სულ 3 707 ლარით, მათ შორის გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხა შემცირდა 319 ლარით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმა 3 388 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №006-122 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.07.2023 წლის №16043 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ კაპიტალში განხორციელებულ შენატანთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის ასახული საწარმოს სააღრიცხვო მასალებში, რომლითაც შემოწმებამ იხელმძღვანელა. შესაბამისად, აღნიშნული თანხები არ მონაწილეობს ფულის მოძრაობაში. აღნიშნული გამოიწვევდა საგადასახადო ვალდებულებების დამძიმებას. ასევე, შპს ---ზე გაცემულ სესხთან დაკავშირებით, გადაანგარიშების განხორციელების პერიოდში შემოწმებისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი შპს ---სთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი შესამოწმებელ პერიოდზე და სხვა საკმარისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. რაც შეეხება სატრანზიტო ანგარიშზე არსებულ ნაშთებს, აღნიშნულ თანხებთან მიმართებით, გადაანგარიშების მიმდინარეობისას ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი არგუმენტაცია/მტკიცებულებები. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. გადაანგარიშების შედეგად, გასწორებულ იქნა ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული უზუსტობა, კერძოდ, სალაროში არსებული ფულის ნაშთის ოდენობები კალენდარული თვეების შესაბამისად, რომლის შედეგად შემცირებულ იქნა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები სულ 3 707 ლარის ოდენობით.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენილი იქნა მთელი რიგი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც უნდა გამხდარიყო დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი, მაგრამ როგორც 21.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე №443/2 დასკვნით ირკვევა, აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა არგუმენტაცია და მოახდინა მხოლოდ ტექნიკური უზუსტობის გასწორება და ძირითადი გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხა შემცირდა მხოლოდ 319 ლარით, ხოლო დარიცხული ჯარიმა 3 388 ლარით. გადაანგარიშების განხორციელების პერიოდში გადამხდელის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარდგენილი იქნა საწარმოს კაპიტალში თანხების შეტანის შესახებ კრების ოქმებისა და სალაროს შემოსავლის ორდერების ასლები და სხვა დოკუმენტაცია, რომლებიც არ იქნა გათვალისწინებული. აუდიტის დეპარტამენტმა არასრულად შეასრულა შემოსავლების სამსახურის დავალება, არასათანადოდ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც საკმარის საფუძველს იძლეოდა დარიცხული თანხების არსებითად შესამცირებლად. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს უნდა მისცემოდა საშუალება შემოსავლების სამსახურში 3.07.2023 წლის გამართულ სხდომაზე დასწრების და საკუთარი არგუმენტების გაზიარების. შემოწმებულ 1.01.2019-1.02.2022 წწ პერიოდთან დაკავშირებით არ არსებობდა არანაირი წინაპირობა და სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ გამოყენებულიყო შემოწმების აქტში მოხსენიებული „მეთოდური მითითება სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“, რომელიც წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების №9 დანართს, რომელიც დამტკიცდა 30.12.2021 წლის №42109 ბრძანებით (ხოლო საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 14.01.2022 წელს).

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არასამართლიანია და წინააღმდეგობაშია შესამოწმებელი პერიოდის საკანონმდებლო ნორმების გამოყენებასთან. ამ მხრივ გასათვალისწინებელია იდენტური სახის საგადასახადო დავასთან დაკავშირებით (რომელშიც გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2022 წლის გადაწყვეტილება/განჩინება (საქმის ნომერი ბს-1210(2კ-21)), სადაც მითითებულია შემდეგი: საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული საკანონმდებლო ნორმის გამოყენების საჭიროება უნდა იყოს დასაბუთებული, ხოლო დასაბუთება, თავის მხრივ, უნდა იყოს დამყარებული კანონმდებლობის მოთხოვნებზე.

განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს ეკისრება ვალდებულება, დაასაბუთოს მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, რატომ წარმოადგენს შპს ,,---.ის“ სალაროში ფულადი ნაშთის არსებობა კონკრეტულ სამეურნეო ოპერაციას - თანხის უპროცენტო სესხად გატანას და დაბრუნებას. აღნიშნულის დასაბუთების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს უთითებს მხოლოდ ერთ გარემოებაზე, კერძოდ კი, კომპანიის მიერ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიდი ოდენობით თანხის უძრავად არსებობაზე, მაშინ, როდესაც საზოგადოების მიზანს წარმოადგენს, იყოს მოგებაზე ორიენტირებული პირი.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა ზემოაღნიშნული არგუმენტი და განმარტა, რომ კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობა გადასახადის გადამხდელს ანიჭებდა უფლებამოსილებას, ჰქონოდა სალაროში ფულადი ნაშთი (ოდენობის შეუზღუდავად) უმოძრაოდ და აღნიშნული არ წარმოადგენდა კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევას. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოსარჩელის სალაროში დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიდი ოდენობით თანხების არსებობა თავისთა ვად არ განაპირობებდა კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებდა ისეთ გარემოებაზე, როდესაც გადასახადის გადამხდელის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებული ოპერაციით შედეგობრივად განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა. ასეთი ოპერაციების კანონის მოთხოვნათა დარღვევად შეფასება ეფუძნება მხოლოდ შემმოწმებელთა/საგადასახადო ორგანოს შეფასებას/მოსაზრებას, რომელიც, თავის მხრივ, დაფუძნებულია მხოლოდ ეჭვზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებული ცალკეული ოპერაციების საპირწონედ ვერ გამოდგება საგადასახადო ორგანოს შეფასება/ მოსაზრება მათ კანონიერების განსაზღვრასთან დაკავშირებით, თუკი იგი არ იქნება დაფუძნებული კონკრეტულ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე, რომლებიც მაღალი ალბათობით დაადასტურებს განხორციელებული ოპერაციებით სხვა სახის ოპერაციების დაფარვას. ფულადი აქტივის სალაროში უმოძრაოდ არსებობა ვერ გამოდგება ამ ოპერაციისთვის კანონსაწინააღმდეგო ხასიათის მინიჭების და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველი. ასეთი სახის ოპერაცია განეკუთვნება ყოველი კომპანიის ეკონომიკურ გათვლას, მათ რისკს, რომლის განხორციელების საშუალებას კანონმდებლობა ანიჭებს ეკონომიკური ოპერაციის განმახორციელებელ პირს. კანონმდებლობით მინიჭებული უფლების - სალაროში ფულადი ნაშთის არსებობის შეზღუდვა, ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, რაც ერთი მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, მმართველობა დაუქვემდებაროს კანონსა და სამართალს, ხოლო, მეორე მხრივ, მოქალაქეებს ავალდებულებს, განახორციელონ სამართლებრივი ოპერაციები კანონით დადგენილი წესით და მათ შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს გადასახადის გადამხდელთა მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეფუძნება კანონის მოთხოვნებს, შესუსტდება ნდობა კანონით დადგენილი რეგულაციების მიმართ და დამოკიდებული გახდება საგადასახადო ორგანოს შეფასებაზე. შესაბამისად, ფულადი აქტივის სალაროში (მ.შ. საქვეანგარიშოდ) უმოძრაოდ არსებობა ვერ გამოდგება ამ ოპერაციისთვის კანონსაწინააღმდეგო ხასიათის მინიჭების და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, მით უმეტეს - სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვთვლით რომ აუდიტის დეპარტამენტს მიერ უსამართლოდ არის განხორციელებული დარიცხვები (მ.შ. ჯარიმა/საურავები) და უნდა მოხდეს მოგების და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება (შემცირება).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, დაფიქსირებული ფაქტების/გარემოებების გათვალისწინებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 5.07.2023 წლის №16043 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 16.12.2022 წლის №31664 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის მტკიცებულებები საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელის (---) მიერ კაპიტალში განხორციელებული შენატანის და შპს ---ზე გაცემული სესხის თაობაზე.

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის შეისწავლოს ტექნიკური უზუსტობები და საჩივარზე თანდართული მასალები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გაცემული ფულადი სახსრები კაპიტალში შენატანის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, თანხები არ მონაწილეობს ფულის მოძრაობაში. აღნიშნული გამოიწვევდა ფულადი ნაშთის ზრდას 558 536 ლარით, რაც აღემატება საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელზე (---ზე) გაცემულად აღრიცხულ ფულად სახსრებს 406 696 ლარით. შპს ---ზე (ს/ნ ---) გაცემული სესხის საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი შპს ---თან (ს/ნ ---) გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი შესამოწმებელ პერიოდზე და სხვა საკმარისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

პროგრამა ალტაში სატრანზიტო ანგარიშებზე არსებული ნაშთების საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი საკმარისი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, შესაბამისად საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

გადაანგარიშებით გასწორებულ იქნა ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული უზუსტობა, შედეგად შემცირებული იქნა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები სულ 3 707 ლარით.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხები შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 16.12.2022 წლის №31664 ბრძანების შესაბამისად.

ამასთან, საბჭო ყურადღებას ამახვილებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში (ნაწილი I) ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებაზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ შეფასებას საჭიროებს სადავო საკითხის განხილვისას მითითებული ბრძანების გათვალისწინების საკითხი, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.07.2023 წლის №16043 ბრძანება;

3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №253 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №006-122 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.07.2023 წლის №16043 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში (ნაწილი I) ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებაზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ შეფასებას საჭიროებს სადავო საკითხის განხილვისას მითითებული ბრძანების გათვალისწინების საკითხი, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 101; 154.