ბრძანება N 6111

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.03.2026
№ დოკუმენტი 6111
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6111

20 მარტი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 22 დეკემბრის, 2026 წლის 20 იანვრის, 25 თებერვლის და 2 მარტის

საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 29 იანვრის, 26 თებერვლის და 5 მარტის სხდომებზე (ოქმები: №8; №18; №20) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 22 დეკემბრის №206140/21 (წერილის ნომერი: 660528), 2026 წლის 20 იანვრის №7694/21 (წერილის ნომერი: 668149), 25 თებერვლის №31446/21 (წერილის ნომერი: 675940) და 2 მარტის №34136/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ნოემბრის №001-259 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

● ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით მომჩივანი აცხადებს, რომ საკითხის შესწავლა დავალებული იყო მომჩივნის მონაწილეობით, რაც არ შესრულდა. აგრეთვე, მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ ერთი ბინის ღირებულება დაბეგრილია ავანსის სახით, 2024 წლის იანვარში, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია და აღნიშნულ ნაწილში გადაანგარიშების ეტაპზე არაფერი შეცვლილა. თანხების ორჯერ დაბეგვრასთან დაკავშირებით, მომჩივანი აცხადებს, რომ აპრილის თვის ოპერაციები იყო სულ 3 ხელშეკრულების ფარგლებში, რაც კომპანიის მიერ აღრიცხული და დეკლარირებული იყო, თუმცა ამ სამი ოპერაციის მონაცემები არეული იყო ერთმანეთში, რამაც შემმოწმებლების დაბნევა გამოიწვია და აუდიტორებმა ერთი ბინის ღირებულება 40 312 ლარით გაზარდეს, ხოლო მეორე ბინის ღირებულება არ შეამცირეს 40 023 ლარით (ეს თანხა იანვარში გადაიტანეს), რამაც გამოიწვია ერთიდაიგვე თანხის ორჯერ დაბეგვრა. აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში წარმოდგენილია ოპერაციების მხარეების წერილობითი განმარტებები და მიიჩნევს, რომ საკითხი ხელახლა უნდა გადაანგარიშდეს.

● სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევასთან დაკავშირებით მომჩივანი აცხადებს, რომ საკითხის შესწავლა დავალებული იყო მომჩივნის მონაწილეობით, რაც არ შესრულდა. ასევე, მომჩივნისათვის გაუგებარია შემოწმებამ ბინის გარემონტების ფაქტი გახადა სადავოდ, თუ ვერ დაადგინა თითოეული ბინის რემონტზე გახარჯული მასალის ოდენობა/ღირებულება, თუმცა მათ შეეძლოთ არაპირდაპირი მეთოდით დაეთვალათ მასალის გახარჯვა თითო ბინაზე კვადრატულობის მიხედვით და დადგინდებოდა, რომ კომპანიას რეალიზაციისთვის მასალა აღარ დარჩებოდა. აცხადებს, რომ საჩივარზე თანდართულია ოპერაციების მხარეების წერილობითი, ნოტარიულად დადასტურებული ახსნაგანმარტებები, იმის მითითებით თუ რა მდგომარეობაში შეიძინეს ბინები კომპანიისგან, ასევე, კომპანიასა და ხელოსნებს (მცირე მეწარმეებს) შორის გაფორმებული და შესაბამისი წესით დამოწმებული მიღებაჩაბარების აქტები მათ მიერ თითოეულ ბინაზე გაწეულ მომსახურებაზე, საკადასტრო კოდების მიხედვით, იმის მითითებით რომელ ბინაზე რა სახის სამუშაოები ჩაატარდა. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანია შეძენილ მასალას არც ყიდის და არც სარემონტო მომსახურებას ეწევა და ასევე ფასნამატი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მომჩივანი ითხოვს, მის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების შესაბამისად მოხდეს დარიცხული თანხების შემცირება.

● ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხების დამატებით გაწეულ მომსახურებად განხილვასთან დაკავშირებით მომჩივანი აცხადებს, რომ დარიცხული დღგ უნდა შემცირებულიყო ორჯერ მეტად, ვინაიდან, გადაანგარიშების ეტაპზე შემცირდა მხოლოდ იმ ბინების რეალიზაციის დღგ, რომელთა ღირებულებაც შემოწმებას ჰქონდა არასწორად გაზრდილი, ხოლო ის ნაწილი, რომელიც კომპანიის მიერ იყო არასწორად დეკლარირებული არ შემცირდა. მიუთითებს, რომ ბინების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის პრინციპი უნდა შეხებოდა ყველა ბინის რეალიზაციას და აღნიშნულის შესაბამისად მომხდარიყო დარიცხული თანხების შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 ოქტომბრის №23116 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №001-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 28 ივლისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხების დამატებით გაწეულ მომსახურებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

ბ) ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. მტკიცებულება საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდილი ჩეკის გაუქმების შესახებ/ფიქსაციის აქტი);

გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ერთი ბინის ღირებულების ორჯერ დაბეგვრის ფაქტი, უზრუნველყოს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. გაშიფრული ინფორმაცია ბინების სარემონტო დანახარჯებთან დაკავშირებით);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 ოქტომბრის №23116 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 21 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 1 001 ლარი, მათ შორის გადასახადი 723 ლარი, ჯარიმა 278 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 24 ნოემბრის №001-259 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

● გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები (ჩეკის ფიქსაციის აქტი) წარმოდგენილი და განხილული იყო, როგორც შემოწმების ეტაპზე, ისე შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის ეტაპზე. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა 37 ბინის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციები და დასაბეგრი ბრუნვა დადგინდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თარიღებიდან, თანხებიდან და ასევე, ავანსად მიღებული თანხებიდან და თარიღებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია ერთი ბინის ორჯერ დაბეგვრის ფაქტს. გარდა ამისა, არც შემოწმების და არც გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ შედარების აქტები ან/და მყიდველებისგან მოწოდებული სხვა დამოწმებული ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა, რომელიც დაადასტურებდა გადახდილი თანხების და გადახდის პერიოდების შესახებ ზუსტ მონაცემებს.

● კომპანიის მიერ შეძენილი სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, დავების ეტაპზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია: მყიდველებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, სხვადასხვა ბინების ფოტოები და ფორმა №2-ები. აღნიშნული ინფორმაცია ნაწილობრივ წარმოდგენილი და განხილული იქნა, როგორც შემოწმების, ასევე დავების განხილვის საბჭოს მიერ გამართულ სხდომებზე და შესწავლის შედეგად არ მოხდა მათი გათვალისწინება არც საგადასახადო შემოწმების და არც გადაანგარიშების ეტაპზე შემდეგ გარემოებათა გამო: წარმოდგენილ მიღება-ჩაბარებებში მყიდველები (მყიდველის ოჯახის წევრები) მიუთითებდნენ რომ ბინა შეიძინეს გარემონტებულ მდგომარეობაში, თუმცა თითოეულ ბინაზე გაწეული ზუსტი დანახარჯი აღნიშნული ინფორმაციით ვერ დგინდებოდა. ამასთან, პდფ და ექსელის ფორმატში წარმოდგენილ ფორმა №2-ებში თითოეულ ბინაზე მიკუთვნებული რემონტის ხარჯი რადიკალურად განსხვავდებოდა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მყიდველის მიერ მიღება-ჩაბარებებში მითითებული „გარემონტებული მდგომარეობა“ რას გულისხმობდა. გამოგზავნილი ფოტოებიდან კი, ვერ დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული 37 ბინიდან თუ რომელს ეკუთვნოდა აღნიშნული ფოტომასალა.

● აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო შემოწმებით ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხების დამატებით გაწეულ მომსახურებად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას სულ 1 001 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლო-სამონტაჟო საქმიანობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;

ბ) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის გაანგარიშებასთან და სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, მომჩივანი აცხადებს, რომ სადავო საკითხების შესწავლა დავალებული იყო მომჩივნის მონაწილეობით, რაც არ შესრულდა. აგრეთვე, მიუთითებს, რომ 2024 წლის აპრილის თვის ოპერაციები იყო სულ 3 ხელშეკრულების ფარგლებში, რაც კომპანიის მიერ აღრიცხული და დეკლარირებული იყო, თუმცა ამ სამი ოპერაციის მონაცემები არეული იყო ერთმანეთში, რამაც შემმოწმებლების დაბნევა გამოიწვია და აუდიტორებმა ერთი ბინის ღირებულება 40 312 ლარით გაზარდეს, ხოლო მეორე ბინის ღირებულება არ შეამცირეს 40 023 ლარით (ეს თანხა იანვარში გადაიტანეს), რამაც გამოიწვია ერთიდაიგვე თანხის ორჯერ დაბეგვრა. აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში წარმოდგენილია ოპერაციების მხარეების წერილობით განმარტებები და მიიჩნევს, რომ საკითხი ხელახლა უნდა გადაანგარიშდეს. ამასთან, სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევასთან დაკავშირებით მომჩივანი აცხადებს, რომ მომჩივნისათვის გაუგებარია შემოწმებამ ბინის გარემონტების ფაქტი გახადა სადავოდ, თუ ვერ დაადგინა თითოეული ბინის რემონტზე გახარჯული მასალის ოდენობა/ღირებულება, თუმცა მათ შეეძლოთ არაპირდაპირი მეთოდით დაეთვალათ მასალის გახარჯვა თითო ბინაზე კვადრატულობის მიხედვით და დადგინდებოდა, რომ კომპანიას რეალიზაციისთვის მასალა აღარ დარჩებოდა. მიუთითებს, რომ საჩივრებზე თანდართულია ოპერაციების მხარეების წერილობითი, ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები, იმის მითითებით თუ რა მდგომარეობაში შეიძინეს ბინები კომპანიისგან, ასევე, კომპანიასა და ხელოსნებს (მცირე მეწარმეებს) შორის გაფორმებული და შესაბამისი წესით დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტები მათ მიერ თითოეულ ბინაზე გაწეულ მომსახურებაზე, საკადასტრო კოდებისა და იმის მითითებით, თუ რომელ ბინაზე რა სახის სამუშაოები ჩაატარდა. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანია შეძენილ მასალას არც ყიდის და არც სარემონტო მომსახურებას ეწევა და ითხოვს მის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების შესაბამისად მოხდეს დარიცხული თანხების შემცირება.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის და სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მისი არგუმენტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხების დამატებით გაწეულ მომსახურებად განხილვის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო შემოწმებით ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხების დამატებით გაწეულ მომსახურებად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას სულ 1 001 ლარით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემცირდა მხოლოდ იმ ბინების რეალიზაციის დღგ, რომელთა ღირებულებაც შემოწმებას ჰქონდა არასწორად გაზრდილი და არა გადამხდელის მიერ დეკლარირებული, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების ბრძანებით აღნიშნულ ნაწილში დავალებული იყო, რომ შემცირება მომხდარიყო შემოწმების მიერ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში, რითიც ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხები განხილული იყო დამატებით გაწეულ მომსახურებად და შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემცირდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის და სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მისი არგუმენტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

● ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის განსაზღვრა;

● სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევა;

● ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხების დამატებით გაწეულ მომსახურებად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა 37 ბინის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციები და დასაბეგრი ბრუნვა დადგინდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თარიღებიდან, თანხებიდან და ასევე, ავანსად მიღებული თანხებიდან და თარიღებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია ერთი ბინის ორჯერ დაბეგვრის ფაქტს. გარდა ამისა, არც შემოწმების და არც გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ შედარების აქტები ან/და მყიდველებისგან მოწოდებული სხვა დამოწმებული ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა, რომელიც დაადასტურებდა გადახდილი თანხების და გადახდის პერიოდების შესახებ ზუსტ მონაცემებს.

კომპანიის მიერ შეძენილი სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, დავების ეტაპზე წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნაწილობრივ; წარმოდგენილ მიღება-ჩაბარებებში მყიდველები (მყიდველის ოჯახის წევრები) მიუთითებდნენ რომ ბინა შეიძინეს გარემონტებულ მდგომარეობაში, თუმცა თითოეულ ბინაზე გაწეული ზუსტი დანახარჯი აღნიშნული ინფორმაციით ვერ დგინდებოდა. ამასთან, პდფ და ექსელის ფორმატში წარმოდგენილ ფორმა №2-ებში თითოეულ ბინაზე მიკუთვნებული რემონტის ხარჯი რადიკალურად განსხვავდებოდა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მყიდველის მიერ მიღება-ჩაბარებებში მითითებული „გარემონტებული მდგომარეობა“ რას გულისხმობდა. გამოგზავნილი ფოტოებიდან კი, ვერ დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული 37 ბინიდან თუ რომელს ეკუთვნოდა აღნიშნული ფოტომასალა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო შემოწმებით ბინების რეალიზაციისას ზედმეტად მიღებული თანხების დამატებით გაწეულ მომსახურებად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას სულ 1 001 ლარით.

 

გადაწყვეტილება

ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის და სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მისი არგუმენტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164;